|
მედია-ნიუსი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 15 ნოემბერი. გვ. 3.
ანტიმონოპოლიური სამსახური "რუსთავი-2"-ს სასამართლოში უჩივის საქართველოს ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და ორგანიზაცია "კმარას" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ანტიმონოპოლიური სამსახური ტელეკომპანიას ეთერში "არაეთიკური რეკლამის" განთავსებაში ადანაშაულებს, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრის ღირსება და პატივია შელახული. "ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა "რუსთავი-2"-ს აღნიშნული რეკლამის საეთერო დროიდან ამოღების შესახებ ჯერ კიდევ 7 ნოემბერს მიმართა. ამის საფუძველი ცესკოს თავმჯდომარის ნანა დევდარიანის ოფიციალური მოწერილობა გახდა. ტელეკომპანიამ რეკლამა მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში აკრძალა, ხოლო დღეიდან სარეკლამო რგოლი კვლავ ეთერშია. ანტიმონოპოლიური სამსახური მიიჩნევს, რომ "რუსთავი-2" არღვევს "კანონს რეკლამის შესახებ" და ამიტომ მან ამ კანონდარღვევისათვის პასუხი სასამართლოში უნდა აგოს", - განაცხადა ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელმა არმაზ თავაძემ პრესკონფერენციაზე. ტელეკომპანიას სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში რეკლამის განთავსებისათვის მიღებული თანხის შვიდმაგი ოდენობის გადახდა დაეკისრება. აღსანიშნავია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე "კმარას" რეკლამის გაშვება აკრძალულია. |