|
24 საათი. 2004წ. 5 იანვარი. გვ.1-7.
არჩევნები ,,გრევისა” და ,,ქურდული” ზეწოლის გარეშე ,,დიდი იმედი გაგვიჩნდა და ხმასაც იმას ვაძლევთ, ვინც ეს იმედი დაგვიბრუნა,” – ორთაჭალის საპყრობილის პატიმართა დიდმა უმრავლესობამ საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ასეთი იმედიანი განწყობით ჩაატარა. ,,მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიას მივეცი ხმა, არჩევნებში აღარ მიმიღია მონაწილეობა, ახლა გადავწყვიტე ხმა მივცე სააკაშვილს. ვფიქრობ, რომ სიტუაცია შეიცვლება, ალბათ, ამინისტიასაც გამოსცემს. იცით, თანაც სურვილი გამიჩნდა, რომ ამ პროცესების მონაწილე ვიყო. თუ არაფერი შეიცვლება, მე, მისი ამომრჩეველი, პასუხს მოვთხოვ პრეზიდენტს იმისთვის, რომ არ გაამართლა ჩემი იმედი...”
,,ხმას სააკაშვილს ვაძლევ, თბილისელი კაცია, თანაც ახალგაზრდაა, ჩვენი ასაკისაა და რაც არ უნდა იყოს, შევარდნაძის მსგავსად ვერ მოიქცევა. როგორ ფიქრობთ, ახალი პრეზიდენტი გამოსცემს ამინისტიას?
,,სააკაშვილმა ამინისტია უნდა გამოსცეს, ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ჩვენს უკან ოჯახები, მეგობრები, სანათესაოა და ყველანი იმედიანად არიან განწყობილნი. შევარდნაძის პოლიტიკა, იცით როგორი იყო? უშვებდა იმ პატიმრებს, მხედრიონელებს და ზვიადისტებს, ვინც პოლიტიკურად აწყობდა...”
,,აქ უმეტესობას, იცით, როგორ უჭირს? ბმის მისაცემად აქამდე ვერ გამოვიდნენ იმიტომ, რომ ტანსაცმელი არ აქვთ, ელოდებიან, სხვები როდის მისცემენ ხმას, რომ შემდეგ ტანსაცმელი გამოართვან. ჩემთან საკანში ახალგაზრდა კაცია. იცით რატომ დაიჭირეს? წლების მანძილზე უმოქმედო ელექტროსადენები ჩამოხსნა. დაიჭირეს, ფული არ ჰქონდა, პოლიციისთვის რომ მიეცა და ხუთი წელი მიუსაჯეს. ორი ძროხა გააყიდინეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო... აი, ასეთი ხალხისთვის უნდა გამოსცენ ამინისტია...”
,,პატიოსანი მთავრობის ხელში ყველაფერი აეწყობა,” ასეთია პატიმართა განწყობილება და სურვილი, რომ მათ მიერ დანახული მომავლის იმედი დაიცვან.
სხვათა შორის, თუ სხვა დროს პატიმრები ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებდნენ, გუშინ ორთაჭალის ციხეში დადგმულ საარჩევნო ყუთთან თავმოყრილი პატიმრები განსაკუთრებული სიტყვაუხვობით გამოირჩეოდნენ. ყველა სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, მე-5 იზოლატორი გუშინ მართლაც გამორჩეულად ,,პოლიტიზირებული” იყო. გაჩენილ იმედს, რომელმაც პატიმრები საარჩევნო ყუთთან მიიყვანა, დიდი სიახლის მოლოდინი ედო საფუძვლად. ამ ადამიანებისთვის, რომელთა ნაწილიც ციხის გისოსებს მიღმა მართლაც სოციალური გაჭირვების გამო აღმოჩნდნენ, ,,ხავერდოვანი რევოლუციის” გამარჯვება, გარდა დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისა, უამრავი სოციალური პრობლემის მოგვარებასთან და პირად კეთილდღეობასთანაც იგივდება. ამიტომაც ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ ციხის მთავარი სასაუბრო თემა ამინისტია გახდა. ასე იყო გუშინაც. ყველა ამომჩეველი პატიმარი ბიულეტენს საარჩევნო ყუთში ამინისტიის მოლოდინში აგდებდა.
გარდა ორთაჭალის საპყრობილისა, სადაც 1642 ამომრჩეველია, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა თბილისის #1 საპატიმროში, ბათუმის, ზუგდიდისა და ქუთაისის საპყრობილეებში და, ასევე, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ხმის უფლების მქონე პატიმართა რაოდენობა 3 ათასს აღწევს და მათმა დიდმა უმრავლესობამ გუშინ საკუთარი არჩევანი გააკეთა. თანაც ისე, ტრადიციული წინასწარი საპრეზიდენტო კამპანია ციხეში არ ჩატარებულა და, როგორც ციხის სლენგზე მოსაუბრე ტუსაღები აცხადებდნენ, ხმების მოსაპოვებლად ,,ციხეში არც გრევი შეუგზავნიათ” და არც ციხის არაოფიციალურ მაკონტროლებლებს - ,,კანონიერ ქურდებს” გაუციათ მითითებები.
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის გია გეწაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესს თვალყურს ადევნებდნენ როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი დამკვირვებლები.
,,არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა და პატიმრებზე პოლიტიკური ზემოქმედება გამორიცხული იყო,” – განაცხადა გია გეწაძემ. ციხეში ჩატარებული არჩევნების კანონიერება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმაც დაგვიდასტურეს. |