24 საათი. 2004წ. 16 იანვარი. გვ. 1-2.

 

არჩევნების შედეგები დამტკიცებულია

არჩევნებზე მისულია მილიონ 963 556 ამომრჩეველი.

როინ ლიპარტელიანი – 5 154 ხმა (0,26 პროცენტი).

ქართლოს ღარიბაშვილი – 4 192 ხმა (0,21 პროცენტი).

ზურაბ ქელეხსაშვილი – 1 901 ხმა (0,1 პროცენტი).

თემურ შაშიაშვილი – 36 398 ხმა (1,85 პროცენტი).

მიხეილ სააკაშვილი – 1 890 256 ხმა (96,27 პროცენტი).

ზაზა სიხარულიძე – 4 782 ხმა (0, 24 პროცენტი).

ასეთია ოთხი იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგები.

გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა არჩევნების შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც ხელი კომისიის თორმეტმა წევრმა მოაწერა; მათ შორის - ,,აღორძინების” ორმა წარმომადგენელმა, ცესკო-ს წევრებმა ,,მრეწველთა” და ,,ახალი მემარჯვენეების” პარტიებიდან. საგულისხმოა, რომ ,,აღორძინების” მესამე წევრმა – ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც ვერ შეძლო სხდომაზე მისვლა, ცესკო-ს თავმჯდომარეს ფაქსით ამცნო, რომ მთლიანად და სავსებით ეთანხმება არჩევნების შედეგებს.

           

ფაქსით მოსული თანხმობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულმა სამსახურმა ძალის არმქონედ სცნო. შესაბამისად, ზურაბ აბაშიძემ არჩევნების შედეგების შედეგების საბოლოოშემაჯამებელ ოქმს მხოლოდ მორალურად დაუჭირა მხარი.

           

განსხვავებული აზრის მიუხედავად, შემაჯამებელ ოქმს მხარი დაუჭირეს ახალმა მემარჯვენეებმაც. ,,ჩვენთვის მთავარი იყო, საკონსტიტუციო ვადებში ჩადვეტარებინა საპრეზიდენტო არჩევნები, - აღნიშნა ,,ახლების” წარმომადგენელმა გიორგი ჩახნაშვილმა, - თუმცა ,,ახალი მემარჯვენეები” ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავენ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებსა და 4 იანვარს ჩატარებულ არჩევნებს შორის, თუ არ ჩავთვლით ამომრჩეველთა დამატებით სიებს”.

        

ერთი სიტყვით, ,,ახალმა მემარჯვენეებმა”, შემაჯამებელ ოქმზე ხელი მოწერით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ თავად არჩევნების მსვლელობასა და მისთვის სამზადისსუარყოფითად აფასებენ.

           

სრულიად სხვაგვარი პათოსით იყო გაჯერებული ,,მრეწველების” წარმომადგენლის – ნოდარ ჭყონიას გამოსვლა. მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, როცა ამომრჩეველთა სია თავადვე განსაზღვრა. ,,ცესკო-სრისკიანი გადაწყვეტილება გახდა სწორედ 4 იანვრის სამართლიანი არჩევნების ჩატარების საფუძველი”, - ასეთი იყო ნოდარ ჭყონიას პოზიცია.

           

გუშინდელი სხდომა დემონსტრაციულად დატოვა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ საბოლოო ოქმს ხელი არ მოაწერა მხოლოდ ,,ლეიბორისტმა” ბადრი ნიაურმა, თუმცა ეს მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

           

ნიაური არაერთგზის აცხადებდა, რომ ლეიბორისტული პარტია არ ცნობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. გუშინდელ სხდომაზე ბადრი ნიაურმა კი განაცხადა, რომ ,, საქართველოს ძველმა ხელისუფლებამ მმართველობა ახალ ხელისუფლებას სრულფასოვნად გადააბარა და ამ სცენარის დამტკიცებაში ,,ლეიბორისტებს” მონაწილეობის მიღება არ სურთ”. მან ,,იურიდიულად გაუმართლებელი” უწოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესს და აღნიშნა, რომ ცესკო-ს ამის კანონიერი უფლება არ ჰქონდა და ეს პარლამენტის პრეროგატივაა.

           

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ,,საპრეზიდენტო არჩევნები შორს იყო საერთაშორისო სტანდარტებისაგან, თუმცა მაინც წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში”.

           

და ბოლოს: გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩაშლილად გამოაცხადა ოთხ იანვარს ასპინძაში გამართული მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური და განმეორებითი არჩევნები 25 იანვრისთვის დაინიშნა.