ახალი თაობა. 2003.1 დეკემბრი. გვ. 6.

 

 

 

არჩევნების ბოიკოტი ,,პოლიტიკური კაპრიზია

 

1999 წლის მოწვევის პარლამენტმა 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და პოლიტიკოსმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თუ არა პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების ბოიკოტიამ კითხვით სააგენტო ,,მედია-ნიუსმა საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს მიმართა.

 

           

თამარ კერესელიძე, გერმანული ენის სპეციალისტი:

        

--- ბოიკოტი რა თქმა უნდა მიზანშეწონილი არ არის, უპრეზიდენტოდ ხომ არ ვიქნებით. მართალია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გვყავს, მაგრამ მისული უფლება-მოვალეობები რამდენადაც ვიცი შეზღუდულია და თუ გვინდა რეალურად გაკეთდეს და შეიცვალოს ქვეყანაში რამე, პოლიტიკოსების ეს პოზიცია გაუმართლებლად მიმაჩნია.

           

მოქალაქე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

        

--- როგორც პოლიტიკოსმა, შეიძლება გავუგო ამ ადამიანებს, ვინაიდან სააკაშვილის რეიტინგი ამჟამად ძალიან მაღალია და როგორც პოლიტიკოსები, ისინი აუცილებელი მარცხისთვის არიან განწირულნი და მათი ეს ნაბიჯიც ამითთააგანპირობებული. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და ამ ქვეყნის მოქალაქე კი ვერაფრით გავიზიარებ მათ პოზიციას.

           

ლაშა ბუღაძე, დრამატურგი:

        

--- ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება. ახლა ყველას იმედი მიეცა, რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრებს. ეს პოლიტიკოსები კი თავისი ნაბიჯით ხალხის იმედებს ეწინააღმდეგება. ჩემი აზრით, ისინი ვინც არჩევნების წინააღმდეგ მიდიან, უბრალოდ ვერ შედგნენ როგორც პოლიტიკოსები და ეს მათი პრობლემაა.

           

თამარ მელქაძე, ჟურნალისტი:

        

--- თავად მათთვის გამართლება მოეძებნებავინაიდან რეალურად არჩევნებში გამარჯვების იმედი არა აქვთ და ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯს დგამენ, რომელიც ზოგადად დააკმაყოფილებს მათ პიროვნულ ამბიციებს. საზოგადოებისთვის კი, ჩემი აზრით, მიუღებელი უნდა იყოს ამ პარტიების პოზიცია, ახლა შუღლისა და გათიშულობის დრო აღარ არის, ქვეყანას საქმის კეთება სჭირდება.

           

დავით მაღრაძე, პოეტი:

        

--- ჩემი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებს არავის არ უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი. მათ უბრალოდ,თავიანთი კანდიდატურა უნდა წამოაყენონ, თუ რა თქმა უნდა, ჰყავთ კონკურენტუნარიანი კანდიდატურა. არა მგონია, რომ ეს პარტიები რაიმე პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობენ. მათ უბრალოდ არჩევნებში გამარჯვების იმედი არა აქვთ. მათი ბოიკოტის სხვა მიზეზს ვერ ვხედავ.

           

ზაზა ვეფხვაძე, ეკონომისტი:

        

--- ჩემთვის გაუგებარია, რატომ უცხადებენ ბოიკოტს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამჟამინდელი პარლამენტის წევრები არიან და პარლამენტის მუშაობაშიც იღებენ მონაწეილეობას. არა მგონია ამ შემთხვევაში მათ ხელისუფლების მიმართ რაიმე ჰქონდეთ სასაყვედურო. ეს მხოლოდ მათი ,,პოლიტიკური კრიზისია”. დღეს ბოიკოტის გამოცხადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მიზანშეწონილი არ არის. დროა, ქვეყანა კანონიერმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ მართოს.

           

გია მურღულია, თბილისის საკრებულოს წევრი:

        

--- არა მგონია, რომ საქართველოში რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ რეალური ბოიკოტირება შეძლოს. თუმცა ამ შემთხვევაშიც, პირადად მე, ასეთი ნაბიჯი მხოლოდ პოლიტიკური კაპრიზის გამოხატულება მგონია. ჯერჯერობით საქართველო კონსტიტუციის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო მოწყობის ქვეყანაა,რაც იმას ნიშნავს, რომ დადგენილ ვადაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები. ვეჭვობ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაში არჩევნების ბოიკოტირების განწყობა სუფევდეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინი ქვეყანაში დიდია.