24 საათი. 4 დეკემბერი. 2003წ. გვ. 1-3.

 

 

 

არჩევნების გადაწევა გაზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს

           

,,ყოველი დღე საპრეზიდენტო არჩევნების გადაწევისა, ზრდის ქვეყანაში არასტაბილურობის საფრთხეს. ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ უნდა გავცდეთ და არჩევნები 4 იამვარს უნდა შედგეს,” – აცხადებს სააკაშვილი.

           

,,ამერიკელები აპირებენ, სერიოზულად დაეხმარონ საქართველოს. რა თქმა უნდა, არარ მაქვს ილუზია, რომ მათ ხარჯზე ვიცხოვრებთ, მაგრამ ჩვენ დღეს შევარდნაძემ დაგვიტოვა განადგურებული ქვეყანა და პირველადი დახმარების აღმოჩენა ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შეუძლიათ; რაც შეეხება გრძელვადიან მკურნალობას, ეს ჩვენი მთავრობის ხელშია. ჩვენ უნდა შევძლოთ გადასახადების აკრეფა, პენსიებისა და ხელფასების გასტუმრება; გპირდებით ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში ამით აქტიურად დავკავდები. ამერიკელები ნათლად მიანიშნებენ,რომ საქართველოს არავის დააჩაგვრინებენ და არავის მისცემენ უფლებას, საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს,” – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ევრაზიის საკითხებში აშშ –ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან ლინ პასკოსთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ. დახურულ კარს მიღმა საუბრის თემას წარმოადგენდა საქართველოსთვის აუცილებელი ფინანსური დახმარება. პასკო საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარის კაბინეტში აშშ-ის ელჩთან – რიცარდ მაილსთან ერთად მივიდა.

           

სააკაშვილის თქმით, ამერიკა აპირებს, საქართველოს სერიოზული ფინანსური დახმარება აღმოჩინოს.” ,,უფრო კონკრეტულად ამის შესახებ ხვალ შეიტყობთ, როცა ბატონი პასკო თავად გააკეთებს ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს,” – აღნიშნა მან.

           

რაც შეეხება ინტერპოლის მიერ ძებნილი ბორის ბერეზოვსკის ჩამოსვლას საქართველოში, სააკაშვილის თქმით, ყველა ბიზნესმენს აქვს უფლება, ჩამოვიდეს საქართველოში და აქ ფული დააბანდოს. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ყველაფერი კანონის ჩარჩოებში უნდა ხდებოდეს. საქართველოს საზღვარი უკლებლივ ყველამ წესების დაცვით უნდა გადმოკვეთოს. საქართველო არ არის რაღაც დუქანი, სადაც შეგიძლია, სეხვიდე და გამოხვიდე ისე, რომ არავინ გააფრთხილო. ბერეზოვსკის სტუმრობაში ვერანაირ შიშს და საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველა მესაზვრეს, დაიცვან კანონი,” – განაცხადა მან.

           

სააკაშვილის თქმით, ასლან აბაშიძის მოთხოვნა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით მიუღებელი და არაკანონიერია.

           

,,ყოველი დღე საპრეზიდენტო არჩევნების გადწევისა, ზრდის ქვეყანაში არასტაბილურობის საფრთხეს. ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ უნდა გავცდეთ და არჩევნები 4 იანვარს უნდა შედგეს. ზოგიერთებს იმედი აქვთ, რომ არჩევნების გადაწევით ისარგებლებენ, რამეს მოიგონებენ და თავიდან მიშორებენ ჩვენს გუნდს, მაგრამ ვერ ეღირსებიან,” – აცხადებს სააკაშვილი.