|
|
|
შორენა კოწოწაშვილი "ახალი თაობა " 21 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 2.
"არანაირ გარიგებაზე არ წავალთ და არც ვაჭრობას ვაპირებთ"
არჩევნების შედეგებით და ხელისუფლების ქმედებით უკმაყოფილო ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის და უკომპრომისო ბრძოლისთვის ემზადება. და არსებულ ხელისუფლებას პოლიტიკური სანაგვისთვის ამზადებს. რაც შეეხება ახალი პარლამენტის შემადგენლობას, მას "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერები ხელისუფლების მიერ დანიშნულს უწოდებენ და უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე.
ასე რომ, ოპოზიცია ხელისუფლებისა და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ საქართველოში 2 ნოემბერს არჩევნები არ შედგა. ის შედეგები კი, რასაც ცსკ გამოაქვეყნებს, არ არის ქართველი ხალხის ნების გამომხატველი და ამ გზით დანიშნული პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს.
- ხელისუფლება ამ შედეგების გამოცხადებისთანავე ხალხთან დიალოგის შანსს კარგავს, - აცხადებს ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და ხელისუფლებას და ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებს, უარი თქვან ქვეყნის უზურპაციაზე. ბურჯანაძე არ მალავს, რომ ოპოზიცია გეგმავს პასუხისგებაში მისცეს ის დამნაშავეები, ვინც ხალხის ნებას გვერდი აუარა და ისე იმოქმედა.
გუშინ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერებმა ნინო ბურჯანაძემ, ზურაბ ჟვანიამ და აკაკი ასათიანმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ არ ცნობენ ამ პარლამენტს და 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
ნინო ბურჯანაძე გამორიცხავს ოპოზიციის რაიმე სახით ხელისუფლებასთან გარიგებაზე წასვლას. "არანაირ გარიგებაზე არ წავალთ და არც ვაჭრობას ვაპირებთ. არც ამ პარლამენტის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას და არც კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაში", - აცხადებს ბურჯანაძე და იქვე მიუთითებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს განაგრძობს და თბილისის მოსახლეობას ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი რეგიონების მოსახლეობაც დაემატება, რომელთა შესაკრებად სააკაშვილი უკვე წავიდა დასავლეთ საქართველოში.
- ამ მზით დანიშნულ პარლამენტს არ ვცნობთ, - განაცხადა ზურაბ ჟვანიამ და ყველა ოპოზიციურ ძალას მოუწოდა, პასუხისმგებლობა იგრძნონ, თუკი ამ პროცესებში მიიღებენ მონაწილეობას.
გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისა და ხელისუფლების მიერ პარლამენტის წინ დაწყებული აქციის პარალელურად გააგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მანიფესტაციების და საპროტესტო აქციებით. ამავე დროს მართებულად მიაჩნიათ სამართალის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით პოვნა.
- პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ხელისუფლების უზურპაციის შემდეგ მას მორალური უფლება არ აქვს, კვლავ ქვეყნის პრეზიდენტად დარჩეს, - ასეთია ოპოზიციის მოთხოვნა, რომლის მიღწევისთვისაც ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს და აცხადებს, რომ ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო და სამართლიანი, ამავე დროს მშვიდობიანი.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება ოპოზიციას და მის მოთხოვნებს მხარს უჭერს ყველანაირ საუბარსა და განცხადებებში. ბურჯანაძის თქმით, დასავლეთმა და ამერიკის მთავრობამ ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარებულიყო. დღეს კი საერთაშორისო თანამეგობრობაში აღშფოთებულები არიან იმით, რაც საქართველოში ხდება. "სახელმწიფო მინისტრმა და დანარჩენმა მინისტრებმა კი ყველაფერი გააკეთეს, რომ არჩევნების შემდეგ ასეთი შედეგები დამდგარიყო", - აღნიშნა ბურჯანაძემ. რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე "აღორძინების" აქციას, "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერები მიიჩნევენ, რომ აქცია დანაშაულებრივი აქციაა და ხელისუფლებას ამ პროცესებში აჭარა არ უნდა გამოეყენებინა.
- ხელისუფლების მთავარი ამოცანაა შექმნას სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობა, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე და იქვე განმარტავს, რომ ოპოზიცია არ დაუშვებს სამოქალაქო დაპირისპირებას. ბურჯანაძის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ აქცია დაპირისპირებამდე არ მივიდეს.
- ქ-ნო ნინო, თქვენი მეუღლის გადაწყვეტილებას როგორ უყურებთ და ცოტა დაგვიანებული ხომ არ იყო ამ ეტაპზე გადადგომა? - ნორმალური და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დიდხანს ვფიქრობდით ამაზე. სანამ შეიძლებოდა სამართლებრივი გზით ქვეყნის მართვა, მანამდე მუშაობას აგრძელებდა.
ასე რომ, ოპოზიცია ხელისუფლებასთან ბრძოლაში უკან დახევას არ აპირებს. პირიქით, მისი ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ახალარჩეულ პარლამენტს პარლამენტის შენობაში არ შეუშვებს და ამ პარლამენტს, როგორც ხელისუფლებისგან დანიშნულს, ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკისა და კანონების მიღების უფლება არ აქვს. |