|
თამარ მჭედლიშვილი ,,24 საათი”. 2003 წ. 30 დეკემბერი. გვ. A1-A2
ასლან აბაშიძე თავადაც აპირებს საარჩევნო ყუთთან მისვლას გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აჭარაში ჩავიდა. თუმცა, ზურაბ ჭიაბერაშვილის ბათუმური შეხვედრები არც ისე დაძაბული აღმოჩნდა, როგორც ამას თუნდაც ორი დღის წინ მოელოდნენ. საქმე ის არის, რომ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე უკვე ცნობილი გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური გადაწყვეტილება ოთხ იანვარს საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე. ამის მიუხედავად, მთელი რიგი საარჩევნო პროცედურების დაზუსტება გუშინ მაინც ვერ მოხერხდა. აქვე იმასაც დავძენთ, რომ გუშინ აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე ზურაბ ჭიაბერაშვილს არ შეხვედრია. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, შეხვედრის დაუოკებელი სურვილი არც ერთ მხარეს არ გამოუჩენია. მით უფრო, რომ საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო და იგი ზურაბ ჭიაბერაშვილის კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა. და მაინც - ოთხ იანვარს აჭარაში ექვსი საარჩევნო ოლქის 265-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნება. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანს თავად ასლან აბაშიძეც მიაკითხავს. საკმაოდ საინტერესოა: აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელი და "აღორძინების" ლიდერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ მათ, ოთხ იანვართან დაკავშირებით, სიტყვა "ბოიკოტი" არ გამოუყენებიათ. რაც შეეხება რეგიონის ტერიტორიაზე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას, უახლოეს დღეებში აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე მისი გაუქმების ბრძანებას გასცემს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს აჭარისა და "აღორძინების" ლიდერები რაღაც სასწაულმა შეცვალა. თავად განსაჯეთ - ორი დღის წინ აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ასლან აბაშიძე აცხადებს, რომ აჭარაში საარჩევნო უბნები გაიხსნება და ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს, რათა ავტონომიურ რესპუბლიკაზე ისტორიული ლაქა არ გაჩნდეს. "ჩვენ გადავწყვიტეთ, ჯერჯერობით, ჩვენი პრინციპულობა გადავდოთ და ვითანამშრომლოთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან," - თქვა აბაშიძემ. ამავე დროს, მას არ ავიწყდება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც და პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას და აჭარისთვის სამარცხვინო ლაქის თავიდან აცილებას "მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი შტატების ელჩმა რიჩარდ მაილსმა." საკმაოდ საინტერესო ინტერპრეტაცია მიეცა აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზებსაც. თუკი 22 ნოემბრის შემდეგ აჭარის ხელმძღვანელობამ ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის მიზეზად პოლიტიკური მოტივი დაასახელა, დღეს ბათუმი უკვე კრიმინოგენულ სიტუაციაზე და თურქეთში შექმნილ მდგომარეობაზე ალაპარაკდა. გუშინ თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა, დაახლოებით, ასეთი განცხადება გააკეთა: საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ხელს უწყობდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, რაც სრულიად საქართველოს ინტერესებში იყო... საგანგებო მდგომარეობა კრიმინოგენული ვითარების გამწვავების რეალური საფრთხის, ასევე, მეზობელ თურქეთში სიტუაციის დაძაბვის გამო გამოცხადდა, რადგან იქ ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა, ხოლო ეს ტალღა შემდეგ თბილისზეც გადავიდა და, ბუნებრივია, რომ აჭარის მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა. ამავე დროს, ჰამლეტ ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ "ასლან აბაშიძე არასოდეს ყოფილა წინააღმდეგი აჭარაში არჩევნების ჩატარებისა, თუმცა მიაჩნდა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადა, ანუ 45 დღე, არ იყო საკმარისი საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ასლან აბაშიძემ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და გაითვალისწინა რა საქართველოში შექმნილი რეაქცია, დათანხმდა, რომ 4 იანვარს აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნები გამართულიყო." საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა ბათუმის ყოფილი მერის, ფრაქცია "აღორძინების" წევრის ასლან სმირბას განცხადებაც, რომლის თანახმად, არსებობენ ძალები, რომლებიც ურთიერთობებს ძაბავენ ცენტრალურ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებებს შორის და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში სიტყვა "ბოიკოტი" აჭარის ხელმძღვანელობის მიერ არ თქმულა (?1). გუშინვე ცხადი გახდა, რომ "აღორძინებაში" საკმაოდ სერიოზული საკადრო წმენდა განხორციელდება. პირველი მსხვერპლი კი ცოტნე ბაკურია იქნება, რომელსაც მთლიანად გადაბრალდება ამ ბოლო დროს თბილისსა და ბათუმს შორის არსებული უთანხმოებები. "ცოტნე ბაკურიას გადასაწყვეტი არ არის არჩევნების ბოიკოტი აჭარის მხრიდან და მან აჭარის ხელმძღვანელობა უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს," - თქვა გუშინ ასლან სმირბამ. როგორც ამბობენ, აჭარის ხელმძღვანელობის ასეთი "სასწაულებრივი ფერიცვალება" ახალ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და კონსულტაციების შედეგია. თუმცა, კონკრეტულად რა შეთანხმებებს მიაღწიეს მხარეებმა, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. აქედან გამომდინარე, ზურაბ ჭიაბერაშვილის აჭარაში სტუმრობამ დიდი აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე ჩაიარა. დახვედრა თბილი იყო, ხოლო დახურულ კარს მიღმა გამართული საუბრები - შინაურული. თუმცა, ოთხ იანვრამდე დარჩენილ პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზაციული საკითხების მოგვარება და პრობლემების გადაჭრა მაინც უნდა შეძლოს. "რაც მეტად გვიანდებოდა აჭარაში არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების მიღება, მით უფრო რთულდებოდა არჩევნების ორგანიზება, მაგრამ დღეს ბათუმში გამართული შეხვედრების შემდეგ დავრწმუნდი, რომ დარჩენილ ექვს დღეში საორგანიზაციო პრობლემების მოგვარება შესაძლებელია," - ასეთი ოპტიმისტური განცხადება გააკეთა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მას შემდეგ, რაც აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას შეხვდა. ასეთი მაჟორული განცხადების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, როგორ გადაწყდება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე გაურკვეველია აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ ხუთი წევრის ბედი, რომლებიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ორი ნოემბრის არჩევნების წინ საკუთარი კვოტიდან დანიშნა. ჩვენი ინფორმაციით, აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დროს გარკვეული შეთანხმება მაინც დაიდო. არ არის გამორიცხული, წევრების გამოცვლის ვადამ პირველ იანვრამდე გადაიწიოს და თუკი საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი დარჩენილ დღეებში მათ არ შეცვლის, კომისიის წევრები თანამდებობებს შეინარჩუნებენ. ამავე დროს, კვლავ გაურკვეველია ის წესი, თუ როგორ უნდა დადგინდეს აჭარაში მცხოვრებ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა. ჩვენი ინფორმაციით, აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სიები სრულ წესრიგშია. ამის მიუხედავად, ზურაბ ჭიაბერაშვილს გაუჭირდა, დათანხმებოდა ამ შეფასებას. შესაბამისად, კონსულტაციები კვლავაც გაგრძელდება. |