24 საათი. 2004წ. 23 თებერვალი. გვ. 1-2.

 

 

,,ახალგაზრდა იურისტთა” ანგარიში

დღეს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაოთხი იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს.

           

დღეს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ოთხი იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს. ,,არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ამ ანგარიშის გამოქვეყნების მიზანი არჩევნების შედეგების რევიზია არ არის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დაეღვევებს, რომელიც ანგარიშშია წარმოდგენილი, არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. თუმცა, წარმოდგენილი ანგარიშის მიზანია დარღვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა, რათა მას, შესაბამისი პრობლემის აღმოფხვრისა და სათანადო რეაგირებისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ არჩევნების ყველა სუბიექტი გაეცნოს,” – სწორედ ასე ხსნიან ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” ამ ანგარიშის ასე დაგვიანებით წარმოდგენის მიზეზებს.

           

როგორც ამ ორგანიზაციის დამკვირვებელთა ანგარიშიდან ჩანს, ,,საარჩევნო (და განსაკუთრებით, საუბნო) ადმინისტრაციების არაკომპეტენტურობა და მოუმზადებლობა ელემენტარული საარჩევნო პროცედურების ჩატარებაში 4 იანვრის არჩევნების ყველაზე დიდი ნაკლი იყო.”

        

ამასთან, ,,ახალგაზრდა იურისტთა” შეფასებით, ოთხ იანვრამდე პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა მათ კომპეტენციას სცდებოდა, რითაც ,,ცესკო, ფაქტობრივად, საკანონმდებლო საქმიანობაში შეიჭრა. გადაწყვეტილებების უმრავლესობა არასათანადო სამართლებრივი ფორმისა და კანონსაწინააღმდეგო ხასიათის სამართლებრივი აქტებია. ყველა პრობლემათა უმთავრესი მიზეზი იყო მოუმზადებელი საუბნო საარჩევნო კომისიები, რომელთაც სხვადასხვაგვარად ესმოდათ არჩევნებამდე გასატარებელი ღონისძიებებისა და ოქმების შევსების წესი.”

        

როგორც ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი სურვილია, ხელისუფლებას საარჩევნო პროცესების მნიშვნელობა შეახსენონ და მოუწოდონ, დარჩენილი დროის განმავლობაში სრული საკანონმდებლო რეფორმა გაატაროს უკვე მრავალგზის გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად. მათივე თქმით, კონკურენტუნარიანი გარემოსა და საარჩევნო ბარიერის არსებობის პირობებში, თითოეული მცირედი დარღვევაც კი, რომელიც 28 მარტს განმეორდება, ხანგრძლივი დავისა და არჩევნებისადმი საზოგადოების კიდევ ერთხელ გაუცხოების საფუძველი გახდება.”