გიორგი უძილაური.

ახალი თაობა. 2003 წ. 11 დეკემბერი. გვ. 4.  

 

ახლები ცსკ- წინააღმდეგ

ახლები ახალ ბრძოლას იწყებენ და რადიკალურ ოპოზიციაში გადადიან, რამდენადაც რადიკალური ეილება იყოს მემარჯვენე. უახლოეს მომავალში ეს ორგანიზაცია გეგმავს რეგიონებში საკუთარი ბირთვების გაძლიერებას და პარტიაში ახალი წევრების მოზიდვას. რადიკალურ ოპოზიციაში ახლები უდგებიან იმ ძალებს, რომლებთან ერთად გასული ზაფხულის განმავლობაში საკმაოდ თბილად ეჯღურტულებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჟღურტულამდე საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ ჟვანიასთანაც და სააკაშვილთანაც. დღეს ჟვანიაც და სააკაშვილიც მეორედ მოევლინნენ ხელისუფლებას რევოლუციაგადაცმული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. ამ გადატრიალებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ახალ მემარჯვენეებს, მიუხედავად იმისა, რომ ახლების ზოგიერთი ლიდერი დაჟინებით მოითხოვდა აქტიურობას. უფრო მეტიც, მაშინ, როცა ჟვანიასა და სააკაშვილის პარტიები დემონსტრაციულად აცხადებდნენ, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას ახალი (დარბეული) პარლამენტის მუსაობაში, ახალი მემარჯვენეები მივიდნენ სკანდალურ სხდომაზე. სხვათა შორის, იმ დღეს დავით გამყრელიძე მიკროფონთან მივიდა, მაგრამ ტრიბუნასთან მდგომმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ არ მისცა სიტყვა, ამის შემდეგ გამყრელიძეს სიტყვით გამოსვლის შანსი აღარ ჰქონია, უკვე სახელმწიფო გადატრიალების გამო. როგორც დღეს აცხადებენ ახლები, გამყრელიძე აპირებდა მოეწოდებიანა პარლამენტისათვის, დაენიშნათ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რადგან სხვა საქმის კეთების მორალური უფლება ალყაშემორტყმულ საკანონმდებლო ორგანოს არ ჰქონდა. იმ დღის სემდეგ ახალ მემარჯვენეებში რამდენიმე დღიანი სტრესი მძვინვარებდა, თუმცა ფიქრია ჩიხრაძის გუშინდელმა ბრიფინგმა არაოფიციალურად გამოაცხადა პარტიული გლოვის დასასრული.

           

ჯერჯერობით დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ წინასაარჩევნოდ ახლებისა და სააკაშვილი – ჟვანიას დაპირისპირება გრძელდება და ახლები არ აპირებენ სხვა პარტიებივით გამარჯვებულთა ფრთების ქვეშ შეკედლებას. ასევებ ცნობილია, რომ არ არის გამორიცხული ახლებმა კონსულტაციები დაიწყონ სხვა პარტიებთან, რათა საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებული მემარჯვენე ფრონტი ექმნან, მით უმეტეს, რომ ეს ფლანგი ჯერჯერობით თავისუფალია, თუ არ ჩავთვლით ტრადიციონალისტების ფსევდოოპოზიციას. როგორც ჩანს, აკაკი ასათიანს ,,რევოლუციონერებმა” ურჩიეს მემარჯვენე ოპოზიციის ქურქში ჩაჯდომა, რათა იმ შემთხვევაში, თუ ევროპიდან დემოკრატიის მონიტორინგი ჩამოვიდა, აჩვენონ დემოკრატიის ნიმუში – ოპოზიციური პარტია. მემარჯვენნები ჯერჯერობით ირწმუნებიან, ფსევდოოპოზიციონრობას არ ვაპირებთო და ამის დასამტკიცებლად პირველ დარტყმას აყენებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელსაც ახლები ადანაშაულებენ საარჩევნო კოდექსის დარღვევაში და ქვეყნის საკანონმდებლო ქაოსისკენ გაქანებაში. რაც შეეხება მემარჯვენეების ხალხოსნურ სახეს, ლევან გაჩეჩილაძეს, მის გაქრობას ახლები საზღვარგარეთ ყოფნით ხსნიან.