|
თამარ კაციტაძე ,,24 საათი” 2003წ. 21 ნოემბერი. გვ. A7.
ბადრი ბიწაძემ თანამდებობა პოლიტიკური ზეწოლის გამო დატოვა
,,პოლიტიკური ზეწოლისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი შანტაჟის პირობებში შეუძლებლად მიმაჩნია, შევასრულო ჩემი სამსახურებლივი მოვალეობა, რის გამოც, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან” – აღნიშნულია ბადრი ბიწაძის განცხადებაში, რომლითაც მან გენერალურ პროკურორს მიმართა.
,,ბოლო დროს დაუშვებელი მასშტაბები მიიღო აღმასრულებელი ხელისუფლების ზეწოლამ სასამართლო ხელისუფლებაზე და მის ერთ ნაწილზე – გენერალურ პროკურატურაზე, რომელიც სრულიად დეპოლიზიტირებული ინსტიტუტი უნდა იყოს. გენერალურ პროკურატურაში ბევრი პატიოსანი პროფესიონალი მუშაობს., რომელთა სურვილი და რწმენა კანონის განუხრელი დაცვაა, მათი მუშაობის ბლოკირება არ უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, თუ რა აწყობს დღეს მთავრობას – რომელ კანონდარღვევაზეა მიზანშეწონილი თვალის დახუჭვა და რომელი საქმეა გამოსაძიებელი,” – წერს ბადრი ბიწაძე ქვეყნის პირველ სამართალდამცველს, რომელიც, ფაქტობრივად, დაეთანხმა პირველ მოადგილეს და განცხადება გადადგომის შესახებ დაუკმაყოფილა.
ბადრი ბიწაძის გადადგომა საზოგადოებაში, ძირითადად, ოპოზიციის მხრიდან დაწყებულ იმ პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს და რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი მისი მეუღლე ნინო ბურჯანაძეა. თუმცა, ამ მოსაზრებას თავდ ბიწაძე უარყოფს და გადადგმულ ნაბიჯს მხოლოდ პროფესიული ინტერესებით ხსნის.
,,ჩემი ოჯახის წევრების საჯარო პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, მე არ ვარჩევდი, რომელ კანონდარღვევაზე მომეხდინა რეაგირება და რომელზე გავჩუმებულიყავი. ჩემი მხრიდან პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით კანონდარღვევათა გარჩევა პროკურატურის მუშაობაში არასოდეს მომხდარა. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე,რომელიც პირდაპირ მითითებას იძლევა ოპოზიციის ლიდერთა და წევრთა წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნაზე,” – ნათქვამია ბიწაძის განცხადებაში.
ვინ ახდენს ზეწოლას პროკურატურაზე, ანუ ვინ არის სისხლის სამართლის დამნასშავე და ვისი მიზეზით გადადგა ქვეყნის მეორე პროკურორი, ჯერჯერობით უცნობია. კონკრეტული პიროვნებების დასახელებისაგან ბადრი ბიწაძემ ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე თავი შეიკავა.
,,ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლა არ უნდა. მთავრობა შეკვეთას იძლევა, კორუმპირებულები აღმოვაჩინოთ მხოლოდ ოპოზიციის რიგებში და არამც და არამც ხელისუფლებაში. ამისათვის კონტროლის პალატა პროკურატურაში მიზანმიმართულად აგზავნის მასალებს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას მოითხოვს, მაგრამ ეს იმდენად თითიდან გამოწოვილი მასალებია, რომ მასზე, ელემენტალურად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც არ შეიძლება. პოლიტიკური დაკვეთის გამო კი, მე უკანონობაზე ხელს არ მოვაწერდი. სწორედ ამის გამო მივდივარ თანამდებობიდან,” – განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გენერალური პროკურორის უკვე ყოფილმა პირველმა მოადგილემ.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პირველი პროკურორი ამ ეტაპზე თავს იკავებსიმ პიროვნებების დასახელებისაგან, რომლებიც პროკურატურაზე ზეწოლას და შანტაჟს ახდენდნენ, განცხადებაში მან აშკარად მიუთითა დანაშაულზე. კანონმდებლობით ზეწოლაც და შანტაჟიც სისხლის სამართლის დანაშაულია და იგი რეაგირებას საჭიროებს. რა პოზიციას დაიკავებს ამ შემთხვევაში ნუგზარ გაბრიჩიძე, რომლის გენპროკურირად დანიშვნა სწორედ ბადრი ბიწაძისა და ნინო ბურჯანაძის სახელს უკავშირდება? გააგრძელებს იგი პოლიტიკური შეკვეთების შესრულებას და თავად გახდებადანაშაულის მონაწილე, თუ იზრუნებს საკუთარი და პროკურატურის ღირსების დაცვაზე?
,,ბატონო ბადრი, დღეს თქვენ ოიციალურად აღიარებთ, რომ პროკურატურა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი ორგანოა. აქამდე რატომ დუმდით?
- ჩემი მუშაობის პერიოდში არც ერთი პიოლიტიკური შეკვეთა არ შემისრულებია. ასეთი დაკვეთები რომ არ შემისრულებია და არც შევასრულებ, იმიტომაც გადავდექი. ამ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ჩემი მიზანი იყო, მიმეღწია იმისთვის, რომ პროკურატურა პოლიტიკურად დამოუკიდებელი ორგანო გამხდარიყო. რეფორმა, პირველ რიგში, სწორედ ამ კუთხით უნდა ჩატარდეს, მაგარამ ასეთ პირობებში რამის მიღწევაზე საუბარიც ზედმეტია. გენერალურ პროკურატურაში ბევრი პატიოსანი პროფესიონალი მუშაობს, რომელთა სურვილი კანონის დაცვით მუშაობაა. მათი ბლოკირება არ უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, თუ რა აწყობს მთავრობას. ჩემი გადადგომა სტიმულს მისცემს გენპროკურატურის თანამშრომლებს, იმოქმედონ არა პოლიტიკური ზეწოლის, არამედ საკუთარი სინდისით და კანონის მოთხოვნით.
- თქვენ დღევანდელი პროკურატურის ერთ-ერთ ,,ღერძად” მოიაზრებოდით. თქვენი გადადგომა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გენპროკურორის სავარძელიც შეირყა. მით უმეტეს, რომ ამ თანამდებობის მსურველი ძალიან ბევრია?
- რატომ უნდა შეირყეს? წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია.
- მართალია, თქვენ არ ასახელებთ კონკრეტულ პიროვნებებს, ვინც წეზოლას ახდენენ პროკურატურაზე, მაგრამ აქცენტი გააკეთეთ კონტროლის პალატაზე. არადა, საზოგადოებაში საუბრობენ, რომ გაგენპროკურორობა სწორედ სულხან მოლაშვილს სურს.
- ვერ გეტყვით, შეიძლება უნდოდეს კიდეც.
- თქვენი თქმით, ოპოზიციის წინააღმდეგ მთავრობის დავალებითაა აღძრული უამრავი სისხლის სამართლის საქმე. რას იტყვით როგორც იურისტი, რა ბედი ელის ამ საქმეებს და ოპოზიციას?
- სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ქვეყანას ვერაფერს უშველიან. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. |