შორენა კოწოწაშვილი

"ახალი თაობა "  21 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 4.

 

 

ბადრი ბიწაძე გადადგა: ბურჯანაძის მეუღლე ხელისუფლებიდან ზეწოლას გრძნობდა

ხელისუფლებაში საკადარო წმენდა გრძელდება. სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელის ზაზა შენგელიას მსგავსად, გადადგომისა და თანამდებობიდან წასვლის განცხადებას აკეთებს ჯერ კულტურის მინისტრი სესილი გოგიბერიძე, შემდეგ კი გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბადრი ბიწაძე. იუსტიციის გენერალ-მაიორი ბიწაძე გადადგომის მიზეზად მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას ასახელებს.

- პოლიტიკური ზეწოლისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი შანტაჟის პირობებში შეუძლებლად მიმაჩნია, შევასრულო ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა, - აი მიზეზი, რასაც გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბადრი ბიწაძე გადადგომის წინ ასახელებს.

ბადრი ბიწაძის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს. ზოგი ფიქრობს, რომ ბიწაძე პოლიტიკას უმიზნებს, ზოგი ფიქრობს, რომ ბიწაძე მთავრობის პოლიტიკური ნების მსხვერპლია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ნინო ბურჯანაძის მეუღლე უკეთესი თანამდებობის მოლოდინშია. ამ ყველაფერს დრო გაარკვევს. დღეს კი გენერალურ პროკურორს ბიწაძის განცხადება უდევს წინ და ყველაფერი აშკარაა.

ბიწაძის თქმით, ბოლო დროს დაუშვებელი მასშტაბები მიიღო აღმასრულებელი ხელისუფლების ზეწოლამ სასამართლო ხელისუფლებაზე და მის ერთ ნაწილზე - გენერალურ პროკურატურაზე, რომელიც სრულიად დეპოლიტიზებული ინსტიტუტი უნდა იყოს, მუდმივად იმყოფება მთავრობის პოლიტიკური დაკვეთებისა და პოლიტიკრი ინტრიგების მსხვერპლი. "პროკურატურაში ბევრი პატიოსანი ადამიანი მუშაობს, მათი ბლოკირება არ უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, თუ რა აწყობს დღეს მთავრობას - რომელ კანონდარღვევაზეა მიზანშეწონილი თვალის დახუჭვა და რომელი საქმეა გამოსაძიებელი", - აცხადებს ბადრი ბიწაძე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბარდი ბიწაძის წინააღმდეგ თავის დროზე "ახალი მემარჯვენეებიც" გამოვიდნენ და მის განთავისუფლებას მოითხოვდნენ. მაგრამ როგორც ჩანს, არც გენერალურმა პროკურორმა და არც თავად პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლემ მაშინ მიზანშეწონილად არ ჩათვალეს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის სავარძლის განთავისუფლება. დღეს კი სიტუაცია სხვაგვარადაა.

დღეს ბადრი ბიწაძე პოლიტიკურ ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში მუშაობა არ შეუძლია. გაბრიჩიძის მოადგილე ზეწოლაში მთავრობას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრების საჯარო პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, არ არჩევდა, რომელ კანონდარღვევაზე მოეხდინა რეაგირება და რომელზე არა.

- ჩემი მხრიდან პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით კანონდარღვევათა გარჩევა პროკურატურაში მუშაობისას არასოდეს მომხდარა, - აცხადებს ბადრი ბიწაძე.

ბადრი ბიწაძემ გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ცალსახად დააფიქსირა, რომ ხელისუფლება ავალებდა გენერალურ პროკურატურას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას.

ამ ხელისუფლების პირობებში, ასეთი ინტრიგებისა და შანტაჟის პირობებში ჩემი მოღვაწეობა შეუძლებელია, - აღნიშნა ბრიფინგზე ბიწაძემ და იქვე მიუთითა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად საქმეების განხილვას.

გაბრიჩიძის პირველი მოადგილე ღიად საუბრობს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებებზე და აცხადებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება პირდაპირ მითითებებს იძლევა ოპოზიციის ლიდერთა და წევრთა წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნაზე. გაბრიჩიძის მოადგილე ფიქრობს, რომ თავისი ქმედებით სტიმულს მისცემს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებს, იმოქმედონ არა პოლიტიკური ზეწოლის, არამედ საკუთარი სინდისისა და კანონის მიხედვით.

ბადრი ბიწაძე თითიდან გამოწოვილს უწოდებს იმ ბრალდებებს, რომელთა გამოც კონტროლის პალატის ხელმძღვანელი და ხელისუფლების წარმომადგენლები სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას ითხოვდნენ. ამავე დროს გაბრიჩიძის მოადგილე აცხადებს, რომ მთავრობისგან პირდაპირ იყო მითითება იმის შესახებ, რომ კორუფციასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებში ხელისუფლების წარმომადგენლები არ უნდა მოხვედრილიყვნენ.

- თითოეულ საქმეზე იყო მითითებები. კორუფციის საქმეებზე არის მხოლოდ მითითებები, რომ გამოძიება მხოლოდ ერთი მიმართულებით წასულიყო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩნდნენ ამ საქმეებში ხელისუფლების წარმომადგენლები, - აცხადებს ბიწაძე.

ბიწაძე კონკრეტული კორუფციული საქმეების დასახელებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ახლა ამის დრო არ არის. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამაზე ოდესმე ალაპარაკდეს.

- -ნო ბადრი, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკაში ხომ არ წახვალთ?

- რაც შეეხება პოლიტიკაში წასვლას, არა მაქვს გადაწყვეტილი. სად წავალ, ჯერ გადაწყვეტილი არა მაქვს. მე ყოველთვის ვიქნები სიმართლის მხარეს.

- რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მიმართ თუ იყო სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის მოთხოვნა?

- რა თქმა უნდა. აშკარად არის მოთხოვნა, რომ აღიძრას პოლიტიკური ლიდერების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები. არის ძალიან მკაცრი მითითებები.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ გულის შეტევა გქონდათ...

- არავითარი გულის შეტევა არ მქონია. გული წესრიგში მაქვს და არც ახლა შემიწუხდება. ეს არის ინტრიგა.

- -ნო ბადრი, კონკრეტულად ვისი მხრიდან იყო ზეწოლა?

- კონკრეტულად ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირების მხრიდან, რომელიც ახლაც გრძელდება.