|
შორენა კოწოწაშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 14 ნოემბერი. გვ. 3-4.
გეყოფათ ამდენი ცინიზმი, თორემ მე თუ არა, მაღალი ღმერთი გაგცემთ პასუხს!" პოლიტიკური გაერთიანება "ერთობის" ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თავს საკმაოდ დამცირებულად და ხელისუფლებისგან განზრახ დაჩაგრულად გრძნობს და შექმნილ ვითარებასთან შეგუებას არ აპირებს. პატიაშვილი აცხადებს, რომ შევარდნაძე და მისი გარემოცვა საქართველოში ქმნის ისეთ საზოგადოებას, რომელსაც მომავალი არ ექნება. აღსანიშნავია, რომ "ერთობის" ლიდერები თავს ერთადერთ რეალურ ოპოზიციურ ძალად თვლიან, რომლისაც დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან ეშინია. სწორედ აქედან გამომდინარე აცხადებენ, რომ შევარდნაძემ პირდაპირი მითითება გასცა, რომ "ერთობას" ბარიერი არ გადაელახა და პარლამენტში არ შესულიყო. - მიდის ჩვენი გადაშენების პირდაპირი კამპანია, - აცხადებენ "ერთობის" წევრები და იქვე ხელისუფლების გასაგონად აცხადებენ, რომ პოზიციების დათმობას არ აპირებენ და ყველაფერს გააკეთებენ, რათა პოლიტიკაში იტრიალონ და ხელი შეუშალონ შევარდნაძის გუნდს ხალხის საწინააღმდეგო ქმედებებში. პატიაშვილი და მისი თანამოაზრენი გუშინ ფილარმონიაში შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ შეაფასეს 2 ნოემბრის მოვლენები. ამავე დროს დასახეს სამოქმედო გეგმები და ცალსახად განაცხადეს, რომ "ერთობის" ლიდერები 2 ნოემბრის არჩევნებს არშემდგარად მიიჩნევენ. "ერთობის" ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში სიმართლე და სამართლიანობა გაიმარჯვებს და საზოგადოებაც დარწმუნდება, ვინ არის ქვეყანაში რეალური ოპოზიცია. - ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის. ხმის მიცემის უფლებისთვის, რომელიც შევარდნაძემ მოსახლეობას წაართვა", - განაცხადა "ერთობის" ლიდერმა და იქვე მიუთითა, რომ ზოგიერთი ძალა თავს ოპოზიციას უწოდებს, მაშინ, როცა ხელში ჩაიგდეს ქვეყნის ქონება. პატიაშვილის თანამებრძოლმა ალექსანდრე ჭაჭიამ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო სიებში არ აღმოჩნდა ასობით ის ადამიანი, რომლებიც "ერთობას" და პირადად ჯუმბერ პატიაშვილს უჭერდა მხარს, კაცს, რომელმაც გამომსვლელის თქმით, ორი საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. - არჩევნები საქართველოში არ შედგა. მოხდა მასობრივი გაყალბება. შევარდნაძემ არა თუ ვერ მოახერხა თავისი მოღვაწეობის მანძილზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მან ისიც ვერ შეძლო, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაეტარებინა. აქედან გამომდინარე, უნდა დადგეს პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი, - განაცხადა ჭაჭიამ. ერთობის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ არჩევნების შემდეგ თავიდანვე დააფიქსირეს ბლოკის პოზიცია და დადგნენ ნაციონალების ლიდერისა და ბურჯანაძე-ჟვანიას გვერდით. მაგრამ შემდგომ ისე მოხდა, რომ ზემოაღნიშნულმა ლიდერებმა გარკვეულწილად იგნორირება გაუკეთეს "ერთობას". მართალია, ჭაჭია-პატიაშვილს განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვთ, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ ამ საქმეში, რასაც პროტესტი და უფლებების დაცვა ჰქვია, ისინი ყველა დანარჩენ ოპოზიციურ ძალასთან ერთად არიან. - იმ პარტიებს შორის, ვინც საპროტესტო აქციებს მართავს, ერთიანი პოზიცია არ არის. ერთი ჯგუფი მოითხოვს ხმების მომატებას, მეორე - არჩევნების შედეგების გაუქმებას, - აღნიშნა ალექსანდრე ჭაჭიამ და იქვე მიუთითა, რომ ერთადერთ ზნეობრივ პოზიციად ამ შემთხვევაში ხელახალი არჩევნების ჩატარება ეჩვენება. მისი თქმით, ხელისუფლება აღიარებს, რომ ამა თუ იმ პარტიებისთვის ხმების გადაცემა-გადმოცემის მექანიზმი არსებობს. ალექსანდრე ჭაჭიას თქმით, ეს ცინიკური აღიარება არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, რომელსაც ხელისუფლება ხალხს აყენებს. აქედან გამომდინარე, "ერთობის" ლიდერები მოითხოვენ 2 ნოემბრის ფსევდო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ახალი არჩევნების დანიშვნა-ჩატარებას. "ერთობის" წევრები იწუნებენ ხელისუფლების პოლიტიკას და აცხადებენ, რომ დაახლოებით 50 წელში საქართველოში ქართველი ერი უმცირესობაში იქნება. რაც შეეხება არჩევნებში მკვდარი სულების მონაწილეობას, როგორც ოლივერ ჩხარტიშვილმა განმარტა, ლეჩხუმში საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სადღეგრძელოს სახით თქვა: ჩვენ უფლება არა გვაქვს ჩვენი წინაპრების ხსოვნა ვთქვათ. ისინი დღესაც, როგორც ადრე, გაჭირვების ჟამს ჩვენთან დგანანო. ალბათ, ამ სიტყვებში რაღაც სიმართლეცაა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, რაც დღეს ხდება, ერთი სულში ჩაფურთხებაა, ამიტომ უნდა ხალხმა გაარკვიოს, ვინ არის ჭეშმარიტი და გაუსვრელი ოპოზიცია. ხალხმა საბოლოოდ დაკარგა ხელისუფლების რწმენა. ნანული ჭყოიძე - ნაძალადევის რაიონის დეპატატობის კანდიდატი: - ეს იყო საშინელი გარიგება. ეს არჩევნები იყო აბსოლუტურად გაყალბებული და ამაზე ხალხი თვალს არ დახუჭავს. ყველაზე დიდი პროცენტი ჩვენს ბლოკს გაუყალბეს. დავალება იყო ასეთი, რომ "ერთობა" საშიში ძალა იყო. იმიტომ გაგვიმეტა ხელისუფლებამ, რომ ზომიერ პოლიტიკას ვიჭერდით. როგორც ჩანს, ექსტრემისტული ნაბიჯები აუცილებელია. რაც დღეს ხდება, არის სრული ცინიზმი. გამოდის, რჩეულიშვილი და ამბობს, ჩემი ცოლი ლონდონშიაო. მერე განაცხადა ჩემი რძალი და შვილიშვილი წაიყვანაო. იქნებ გამოვიდნენ და გახსნილად უთხრან ხალხს: ეს ქვეყანა აღარ არის ქართველი ხალხის და ვისაც შესაძლებლობა გაქვს, გაიქეცითო. რაც შეეხება თავად "ერთობის" ლიდერს, ჯუმბერ პატიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა ქართველი ერისა და ქვეყნის წინაშე. ამასთანავე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოახდინოს "ერთობის" დისკრედიტაცია, არ იხსენიებოდეს ეს პარტია ოპოზიციურ ძალთა შორის. - ჩვენი დევნა პარლამენტიდან დაიწყო, - აცხადებს პატიაშვილი და ცალსახად აფიქსირებს, რომ ხელისუფლება, ეს არის დამნაშავე ჯგუფი, რომელსაც საქართველო უფსკრულისკენ მიჰყავს. პატიაშვილის თქმით, სახელისუფლო ბლოკში არიან ის ადამიანები, ვინც ქვეყანა გაყიდეს და დააქციეს, ახლა კი პარლამენტში მოსვლით, უკანონობის დაკანონება უნდათ. - არჩევნები არა მარტო გაყალბდა, არამედ დანაშაულებრივი გზით წარიმართა. ესენი არიან დამნაშავეები. მათ გაყიდეს საქართველო და ქონება დაინაწილეს. ხედავთ ახლა რა განცხადებები კეთდება, ლარი გაუფასურდაო. ლარი კი არ გაუფასურდა, დაფიქსირდა კაპიტალის გატანა ქვეყნიდან ბოლო ორ კვირაში, - აცხადებს ჯუმბერ პატიაშვილი და მოითხოვს, იმ კრედიტების დალაგებას, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყნის გარეთ გაიტანეს. ხელისუფლების სურვილის საწინაამღდეგოდ "ერთობის" ლიდერი არ აპირებს აქტიური პოლიტიკიდან წასვლას მანამ, სანამ არ გაირკვევა, ვინ ვინ არის. პატიაშვილის თქმით, "ერთობა" არის ის ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც არ არის გასვრილი. "ჩვენ გარიგებებში არა ვართ და არც შევალთ", - აღნიშნა "ერთობის" ლიდერმა. - 400 ათასმა კაცმა მისცა ხმა ხელისუფლებას, მაშინ ნორმალური ცხოვრების ღირსი არ ვყოფილვართ, - აღნიშნა პატიაშვილმა და ცალსახად დააფიქსირა, რომ პირისპირ სურს ქვეყნის პირველ პირთან საუბარი, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს მტყუან-მართალი. პატიაშვილი ემოციებს ვერ მალავდა და ამ ფონზე მიმართა შევარდნაძესაც: - გეყოფათ, ეს ქვეყანა რომ დაანგრიეთ. მიეცით საშუალება, მომავალმა თაობებმა მაინც ააშენონ. ვის აინტერესებს ასეთი პარლამენტი. საქართველოს ამხელა პარლამენტი არ სჭირდება. თუ არჩევნები ფალსიფიცირებულია, მაშინ რეფერენდუმიც ფალსიფიცირებულია. ბ-ნო ედუარდ, გეყოფათ. არც თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება და არც თქვენი ქულების მომატება. ჩვენ სიმართლე გვჭირდება. გეყოფათ ამდენი ცინიზმი, თორემ მე თუ არა, მაღალი ღმერთი გაგცემთ პასუხს. პატიაშვილმა ემოციები ვერ შეიკავა. თანაც, როგორც ჩანს, უნდა 9 აპრილის ტრაგედიის თაობაზე პირისპირ ისაუბრონ შევარდნაძემ და მან და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რათა აღარ იყოს მის მიმართ გაუთავებელი ბრალდებები. პატიაშვილი არ უარყოფს, რომ გამთენიისას თბილისის აეროპორტში ჩამოფრენილ თვითმფრინავში შევარდნაძე იჯდა, მაგრამ იგი ამას ვერ ამტკიცებს. პატიაშვილის თქმით, დღესაც შევარდნაძის გვერდში არიან ის ადამიანები, ვინც 9 აპრილი გააკეთეს. ერთობის ლიდერის თქმით, ზოგი მათგანი დაწინაურდა. ზოგი მოსკოვშია. აღსანიშნავია, რომ პატიაშვილმა გარკვეული მინიშნებაც გააკეთა გივი გუმბარიძეზე, რომელიც ამჟამად მოსკოვშია და მას რატომღაც ნაკლებად იხსენიებენ 9 აპრილთან. - რატომ არაფერს ეკითხებით გუმბარიძეს? - მიუბრუნდა პატიაშვილი ჟურნალისტებს. შეხვედრის ბოლოს კი პატიაშვილმა ცალსახად დააფიქსირა, რომ "ერთობას" მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია აფხაზეთის დაბრუნებაში. აფხაზეთის პრობლემა ჩვენს გარეშე არ მოგვარდება, - აღნიშნა მან. შეხვედრის ბოლოს კი ოპერის მომღერალმა ჯემალ მდივანმა, რომელიც ერთობის წევრია, ოპოზიციის მოშიმშილე ლიდერებთან შეერთების სურვილი დააფიქსირა და აღნიშნა, რომ შიმშილობის აქციას იწყებს "ერთობის" სახელით. |