24 საათი. 2003წ.20 დეკემბერი.გვ. 1-3.  

 

 

ბოლო შანსი როგორც საქართველოსთვის ასევე ამერიკისთვის

,,ახალმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს რომ ეს არის ბოლო შანსი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკისთვის,” – განაცხადა დევიდ სმიტმა ქართული ფორუმის შეხვედრაზე, რომელიც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებულ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტში გაიმართა.

           

ამერიკელი და ქართველი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ამ შეხვედრაზე ის ნაბიჯები განიხილეს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, როგორც ახალი მთავრობის წარმატებისთვის, ასევე აშშ-ის ადმინისტრაციისთვის რეგიონში საკუთარი ინტერესების გასამყარებლად.

           

სამართლიანი არჩევნების ჩატარება ყველაზე ახლო და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რასაც ფისკალური, საგადასახადო და სამართალდამცავი სისტემების შეცვლა უნდა მოჰყვეს. დისკუსიიდან გამომდინარე, ინსტიტუციონალური ცვლილებები და ძლიერი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის შექმნა, აგრეთვე, ხელს შეუწყობს ქვეყნის კანონზომიერ განვითარებას, რაც ასევე დიდად იქნება დამოკიდებული საგარეო პოლიტიკის სწორი კურსის ჩამოყალიბებაზე.

           

დისკუსია დევიდ სმიტმა გახსნა, რომელიც ახლახან დაბრუნდა თბილისიდან. მისი თქმით, საზოგადოების ოპტიმიზმი და ნდობა ახალი მთავრობისადმი დიდია, რაც ახალ ხელისუფლებას გარკვეული ზეწოლის ქვეშ აქცევს. სმიტის თქმით, აშშ-ს დელეგაციის ვიზიტი თბილისში, ამერიკის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის ხელმძღვანელობით, ნიშანი იყო იმისა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და მზადაა დასახმარებლად.

           

სმიტის განცხადებით, საქართველოსთვის კრიზისული სიტუაციიდან გამოსასვლელად ,,საჭიროა მოეწყოს ღირსეული არჩევნები,” შემდეგ კი ,,ქვეყანამ უნდა გამოიზამთროს ამერიკისა და სხვა დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით.” ამასთან ერთად, ხელისუფლებამ უნდა ,,შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მიუთითებს თუ რა რეფორმების გატარებას ისახავს მიზნად მთავრობა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფრონტზე. უნდა შემუშავდეს ეტაპობრივი გეგმა იმისა, თუ რაშია საჭირო ამერიკის დახმარება.” სმიტის განცხადებით, ნებისმიერ გრძელვადიან რეფორმასა თუ პრობლემის გადაჭრაზე საუბარი უშედეგო იქნება კორუფციის აღმოფხვრის გარეშე.

           

ლევან მიქელაძემ ამერიკელ კოლეგებს შეახსენა, რომ საქართველოს ახლა, როგორც არასდროს, სჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა. სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა იმ გამოწვევებსა და რისკფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

4 იანვრის არჩევნებზე საუბრისას, მიქელაძემ აჭარის კრიტიკულ როლს გაუსვა ხაზი:     

,,თუ აჭარა მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნებში, წინააღმდეგობა შეიქმნება ტექნიკურ საკითხებში, რადგანაც გაძნელდება ქვეყნის მასშტაბით კონსტიტუციის თანახმად საჭირო ამომრჩეველთა 50 პროცენტის მონაწილეობის უზრუნველყოფა.”

        

ელჩმა ყურადღება ქვეყნის კატასტროფულ ეკონომიურ სიტუაციაზე გაამახვილა, რომელიც ახალ მთავრობას მემკვიდრეობით ერგო. ,,ფისკალური სისტემა სასწრაფო დახმარებას საჭიროებს, მაგრამ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში არსებული პროცესუალური მექანიზმების გათვალისწინებით, რეალურად დახმარების მიღება მხოლოდ 2-3 თვის შემდეგ თუ მოხერხდება,” – განაცხადა მიქელაძემ.

           

რევაზ ადამიამ ელჩის ნათქვამს დასძინა, რომ ,,ფისკალური და საგადასახადო სისტემის შეცვლის გარეშე, საქართველოში მუდმივად იქნება ფულის დეფიციტი. კარგი იქნება, თუ შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელიც ხელისუფლებას ეკონომიკიური განვითარებისათვის საჭირო პრიორიტეტებისა და რეფორმების კურსის შემუშავებაში დაეხმარება.”

        

ფორუმზე აღინიშნა, რომ ახალი ლიდერების სამეულის კონსოლიდაციისა და სოლიდარობის შენარჩუნებასთან ერთად, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი ფაქტორია მთავრობის სრულფასოვანი მღვაწეობითვის. ამის მისაღწევად საჭიროა ,,ქაოტური პლურალიზმის ქმედით დემოკრატიულ ინსტიტუტებად გარდაქმნა,”- თქვა ლევან მიქელაძემ.

           

ბრუკინგსის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ფიონა ჰილმა განაცხადა, რომ პრიორიტეტად დასახულ ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებასთან ერთად, ,,საჭიროა გაძლიერდეს პარლამენტი და შემცირდეს პრეზიდენტის ძალაუფლება. ამისათვის კარგ მოდელად შეძლება გამოდგეს თურქეთი, სადაც პოლიტიკური სისტემა ძალზე მოქნილია და პრეზიდენტს აქვს სრულიად განსხვავებული ფუნქციები.”

           

რუსეთიდან მომავალი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ენერგეტიკული საშიშროების ნეიტრალიზება ახალი მთავრობისათვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს. რუსეთის პრობლემაზე საუბრისას რევაზ ადამიამ აღნიშნა, რომ რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად მიუთითებს ამ ქვეყნის ავტოკრატიული მიმართულებით განვითარებაზე, რაც საქართველოს დამატებით საფრთხეს უქმნის. ამ საფრთხის გამოვლინება კი, მიქელაძის განცხადებით, ქვეყნის დანაწევრებაა,,,რომელიც არის არა ობიექტური პროცესი, არამედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი.”

           

ფორუმზე უკმაყოფილება გამოთქვა დასავლეთის დუმილის მიმართ, რუსეთის მიერ აჭარისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. ,,ეს არის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა. თუ ახლა, როცა საქართველო მზადაა დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობის ახალი ფურცელი, არ მოხდა რუსეთის უხეში პოლიტიკის დაგმობა ჩვენ მიერ, შემდგომისთვის დრო აღარ დაგვრჩება,” – თქვა ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ენერგო პროგრამების დირექტორმა ზეინო ბარანმა.

           

ლევან მიქელაძემ, თავისი სიტყვის დასასრულ, ნატო-ს მომავალ სამიტზე გაამახვილა ყურადღება (სამიტი მომავალი წლის ზაფხულში სტამბოლში გაიმართება). საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ სამიტზე მოხდება უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროში მანამდე გადადგმული ნაბიჯის შეფასება. ამასთან ერთად, სტრატეგიული გეგმის შემუშავების შემდეგ, შესაძლებელია საუბრის დაწყება საქართველოს იმ გეგმაში ჩართვაზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ისახავს მიზნად.

           

ფორუმზე სიტყვით გამოსული ჩარლზ ფეარბენქსის თქმით, ახალმა მთავრობამ მხედველობაში უნდა იქონიოს ის გარემოება, რომ “პოსტ-საბჭოთა მოსახლეობაში მთავრობის მიმართ უნდობლობის ხარისხი მაღალია.” პროფესორის თქმით, ილუზიების მსხვრევა, როგორც წესი, ძალიან მალე იწყება და შექმნილ სიტუაციაში არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ იმედგაცრუება, როგორც მოსახლეობაში, ასევე ქვეყნის გარეთაც სწრაფად მოხდება.”

        

ფეარბენქსის აზრით, არ უნდა შეიქმნას ისეთი სტრუქტურები, რომლის სათავეშიც ახალი ლიდერები იქნებიან, ხოლო ქვედა საფეხურებზე ძველი, კორუმპირებული ქსელი დარჩება. მისი აზრით კარგი იქნება, თუ საპარლამენტო არჩევნებისათვის ახალი ლიდერები შექმნიან უფრო ფართო კოალიციას, რომელშიც დემოკრატიულად განწყობილ სხვა ძალებსაც შეიყვანენ.”

           

ფეარბენქსის განცხადებით, ახალი მთავრობის ცუდი გადაწყვეტილება, რომელმაც დასავლეთის თვალში შეიძლება სერიოზული უნდობლობა გამოიწვიოს, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნება იყო. ამერიკელი ექსპერტების აზრით, ეს არ არის ახალი მთავრობის ერთადერთი სერიოზული შეცდომა. “ინტერკონ ინტერნეშალის” და “შევარდნაძის ფონდის” პრეზიდენტმა პოლ ჯოელმა, რომელმაც არჩევნებისთვის მთავრობას 34 კომპიუტერი აჩუქა, დიკუსიისას განაცხადა, რომ გურამ აბსანძის სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დანიშვნა მიუღებელი იყო.

           

ზეინო ბარანსმა აბსანძის დანიშვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება რეგიონალური ინტერესების დაცვას ისახავდეს მიზნად, მაგრამ ნუ დავივიწყებთ შევარდნაძის მაგალითს, როცა კომპრომისებმა პრეზიდენტი საკუთარი დათმობების მძევლად აქცია და, საბოლოო ჯამში, კონტროლი დააკარგვინა.”

           

ამერიკა – საქართველოს ბიზნეს – საბჭოს პრეზიდენტმა ენდერს ვინბუშმა დიკუსიის ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე გადაიტანა. მისი თქმით, საქართველოს არა აქვს საგარეო პოლიტიკა, როგორც ასეთი. საქართველოს მთავრობამ თავი უნდა დაანებოს მსოფლიოზე რუსოცენტრული პრიზმიდან ყურებას და იფიქროს იმაზე, თუ რა ადგილი უკავია საქართველოს სხვა მოთამაშეების გეგმაში.” ამ პერიოდის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული, ემახსოვრებათ თუ არა საქართველო მსოფლიოში ექვსი თვის შემდეგ”. ვინბუშის აზრით, ახლა საქართველოს სჭირდება არა პიროვნებაზე, არამედ შინაარსზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა, რაც წარმოუდგენელია ინსტიტუციური ცვლილებებისა და უაღრესად ძლიერი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გარეშე.”