,,24 საათი”. 8 ნოემბრი. გვ. A1-A2

 

 

 

 

,,ბურჯანაძე-დემოკრატები” ბოლომდე იბრძოლებენ

 

,,2 ნოემბერს პარლამენტი ხალხს არ აურჩევია, ეს იყო ფარსი, რომლის შედეგად შევარდნაძისა და აბაშიძის რეჟიმებმა ხელისუფლების უზურპაცია განახორციელეს. მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ ათიათასობით ადამიანი ამომრჩეველთა სიებიდან ამოიღო და მათ უმთავრესი კონსტიტუციური უფლება წაართვა, არ შეიძლება პარლამენტი ხალხისაგან არჩეულად ჩაითვალოს. ამიტომ ჩვენ ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ,” – ასეთი განცხადებით ამცნო ბლოკმა ,,ბურჯანაძე-დემოკრატებმა” საზოგადოებას თავისი უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ.

 

,,ჩვენ არ ვითანამშრომლებთ უზნეობასთან და ვირჩევთ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს, რაც, ერთი მხრივ, პარლამენტში არ შესვლით, მეორე მხრივ კი – კონსტიტუციური გზით ბრძოლაში გამოიხატება, რათა ჩვენ მივაღწიოთ არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას,” – აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

,,ბურჯანაძე-დემოკრატები” აცხადებენ, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ ამომრჩევლის ხმების დასაცავად, და რომ ეს ბრძოლა კონსტიტუციურ და სამართლებრივ ფარგლებს არ გასცდება.

 

გუშინ ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიცია ერთიანია და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციაში.