,,24 საათი”. 2003 წ. 29 დეკემბერი. გვ. A1-A2.

 

 

ცესკო- თავმჯდომარე ბათუმში მიემგზავრება

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ბათუმში მიემგზავრება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მასთან ერთად ბათუმში ჩავლენ ეუთო- მისიის წარმომადგენლებიც. სავარაუდოდ, თბილისიდან ჩასულებს აჭარის ავტონომიის ლიდერი ასლან აბაშიძე მიიღებს. ოფიციალური ვერსიით, ზურაბ ჭიაბერაშვილის ბათუმში ჩასვლის მიზანს ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციისა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან კონსულტაციების გამართვა წარმოადგენს.

ბუნებრივია, ეს შეხვედრები დახურულ კარს მიღმა გაიმართება. თუმცა, ამის მიუხედავად, ხვალ მთავარი საკითხი მაინც გაირკვევა და უკვე ოფიციალურად გამოცხადდება, გაიხსნება თუ არა აჭარის ტერიტორიაზე ოთხ იანვარს საარჩევნო უბნები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, თუ აჭარაში ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია ვერ ჩატარდება, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონში ცვლილებები დამატებით სიებთან დაკავშირებით.

იგი, ამავე დროს, იმედს გამოთქვამს, რომ "აჭარის მოსახლეობას ექნება საშუალება განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს".

იმის გამო, რომ წინასწარი რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ არსებობს არანაირი მონაცემები აჭარაში მცხოვრებ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თაობაზე.