|
24 საათი. 2003წ. 9დეკემბერი. გვ.1-2. პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი კვლავ უარყოფითად აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივას, რომელიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დადგენის სრულიად ახალ წესს ეხება. ცესკო-ში კი კვლავ დაჟინებით იმეორებენ, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიების შედგენა მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა.
ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე მიიღებს დადგნილებას, რომლის თანახმადაც, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივას ოფიციალური სახე მიეცემა. თუმცა, ცესკო-ში მაინც იმედოვნებენ, რომ პარლამენტი არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში მიიღებს შესაბამის ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივა მთლიანად ეფუძნება ამომრჩეველთა პოლიტიკურ აქტიურობას. ამ წინადადების თანახმად, ამომრჩეველი უნდა მივიდეს უბანზე, გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია. შემდგომ საუბნო კომისიები, პოლიციის რაიონულ განყოფილებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად, ამ მონაცემების სისწორეს გადაამოწმებს.
სხვათა შორის, არსებობს ერთიანი ,,უხერხული” მომენტი, რომელიც ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ წამოყენებულ წინადადებას ახლავს. ეს იმ ამომრჩეველს ეხება, რომელიც ცესკო-ს მიერ უკვე განსაზღვრულ ვადებში ვერ მიიღებს მონაწილეობას წინასწარ რეგისტრაციაში. ზურაბ ჭიაბერაშვილი ცალსახად აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში, მათ აუცილებლად უნდა მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
თუმცა რა სახით მოხდება ასეთი ამომრჩევლის ერთიან სიაში შეყვანა და მათთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭება, ჯერ კიდევ უცნობია. იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა აცხადებს – არჩევნებში მონაწილეობის უფლება, კონსტიტუციით, თითოეულ ამომრჩეველს აქვს, ჩნდება ერთიანი კითხვა – ამ უფლების განხორციელება ყბადაღებული დამატებითი სიებით უნდა მოხდეს თუ არა.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი წინა არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად სწორედ დამატებითი სიები სახელდებოდა. მისი საშუალებით ტრიალდებოდა საარჩევნო ,,კარუსელები” და ,,მარაოები”...
მეორე მხრივ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში შესაძლოა, ყველა ამომრჩეველმა ვერ მიიღოს მონაწილეობა წინასწარი რეგისტრაციის პროცესში. აქედან გამომდინარე, გამოსაძებნია ის მექანიზმი, რომელიც ამ პროცესს დაარეგულირებს.
და კიდევ: მართალია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, როგორც უკვე ვთქვით, ჯერ არ მიუღია შესაბამისი დადგენილება, რომელიც ამომრჩეველთა ერთიანი სიების ფორმირების მექანიზმს განსაზღვრავს, უახლოეს სხდომებზე ცესკო მიიღებს ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციისთვის აუცილებელ ფორმას.
და კიდევ: გუშინ ,,პოლიტიკური დუმილი” დაარღვიეს ,,ახალმა მემარჯვენეებმა” და ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართეს. საგულისხმოა, რომ პარტიის ლიდერები, სხვა საკითხებთან ერთად, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალ ინიციატივასაც შეეხნენ. თუმცა დავით გამყრელიძე ცალსახად უარყოფითად აფასებს ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივას და აცხადებს, რომ ,, ამომრჩეველთა სიების შედგენა აღნიშნული პრინციპით არ შეიძლება, რადგან ეს არჩევნების ჩაშლას უტოლდება”.
,,დაუშვებელია ამომრჩეველთა სიების გადაქცევა მხარდამჭერთა სიებად “, - აცხადებს დავით გამყრელიძე და იქვე დასძენს, რომ ,,აღნიშნული პრინციპი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრასაც შეუქმნის პრობლემებს”.
,,მემარჯვენეებისთვის” მიუღებელია არჩევნების დღეს დამატებითი სიების შექმნაც.
ერთი სიტყვით, პოლიტიკური სპექტრის ნაწილი აშკარად შეეცდება ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივისთვის ხელის შეშლას. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც. რომ ცესკო საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე. აქედან გამომდინარე, ცესკო უკან, ალბათ, ვერ დაიხევს. თუმცა შესაძლოა, ,,დამხმარე საშუალებად” კომისიამ მაინც გამოიყენოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული კომპიუტერული ბაზა, სადაც იმ მოქალაქეთა მონაცემებია შესული, რომელთაც აღებული აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. |