ირაკლი გოგორიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 15 ნოემბერი. გვ. 2.

 

 

ცსკ ტელეკომპანია "რუსთავი-2"- აკრედიტაციას უუქმებს

ხელისუფლებას თავისუფალი მედია დიდი ხანია ყელში ეჩხირება და შნო რომ ჰქონდეს, თავისუფალ აზრს დიდი ხანია ჩაახშობდა. დღეს კი სერიოზული სიმპტომები ჩნდება, რომ მოხდეს თავისუფალი მედიის შევიწროება. ჩვენ ვუერთდებით იმ აღშფოთებას, რაც ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რადგანაც ეს საფრთხე ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალებას ძალიან მალე შეიძლება დაემუქროს და შორს არ არის ქვეყანაში სერიოზული ცენზურის დაწესება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ნანა დევდარიანის ინიციატივით და სახელისუფლებო ძალის ძალისხმევით კომისია იღებს გადაწყვეტილებას და ტელეკომპანია "რუსთავი-2"- აკრედიტაციას უწყვეტს, რადგანაც ისინი ვერ მალავენ აღშფოთებას, რომ ამ ტელეკომპანიის ეთერით მიმდინარეობს ჩვენება "კმარას" კლიპის, სადაც ცსკ-ის გარკვეულ წევრს ახსენებენ, რომ, თუ ისინი გააყალბებენ არჩევნებს, შემდეგ ციხეში ამოყოფენ თავს. რატომღაც კომისიის წევრები "კმარას" სასამართლოში არ უჩივიან და სამაგიეროდ, ხელისუფლების მსგავსად, მათი დარტყმის ობიექტი ხდება დამოუკიდებელი ტელეკომპანია. როგორც ჩანს, კომისიის წევრებს აღიზიანებთ, როცა მათ ახსენებენ, რომ არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. კომისიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ ნაცმოძრაობა, ახალი მემარჯვენეები და ბურჯანაძე-დემოკრატები. ახლა კიდევ კომისიის ერთ უპრეცედენტო გადაწყვეტილების თაობაზე. კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, შვიდპროცენტიანი ზღვრის დადგენის დროს მხედველობაში არ იქნება მიღებული ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ანუ ეს ნიშნავს, რომ შვიდპროცენტიანი ზღვარი გამოთვლილი იქნება კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან, რაც თავისთავად მიანიშნებს იმას, რომ ამით ხელშეწყობა ხდება, რომ დაიწიოს კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ, რათა შვიდპროცენტიანი ბარიერი ვაი-ვაგლახით გადალახოს ბლოკმა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".

ეს ფარული ხელშეწყობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძალისხმევით ხორციელდება. ვითარება, არსებული მონაცემებით, შემდეგნაირია: 2870 საარჩევნო უბნიდან დასათვლელი რჩება დაახლოებით 60 უბანი, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1951781, მათ შორის ბათილად მიჩნეულია საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა 48294. სწორედ ეს მონაცემები არ იქნება ჩათვლილი 7-პროცენტიანი ბარიერის განსაზღვრის შემთხვევაში.

მაშ ასე, პირველ ადგილზეა სახელისუფლო ბლოკი, მეორე ადგილზეა დემოკრატიული აღორძინების კავშირი; მესამეზე - ნაცმოძრაობა; მეოთხეზე - ლეიბორისტული პარტია; მეხუთე ადგილზეა ბურჯანაძე-დემოკრატები; მეექვსე ადგილზე - ახალი მემარჯვენეები - 135 050, რომლებმაც შვიდპროცენტიანი ბარიერი გადალახეს და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 114299, რომლებსაც ეტაპობრივად უახლოებენ შვიდპროცენტიან ბარიერს.