24
საათი. 2003წ. 28 ნოემბერი. გვ. 2.
ცვლილებები
საარჩევნო
კოდექსში
დღეს
საქართველოს პარლამენტმა ერთ-ერთი საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილება
უნდა მიიღოს. საქმე ეხება საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან იმ
ცვლილებებს, რომელმაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო
პროცედურები უნდა დაარეგულიროს.
ამასთან,
დღის წესრიგში დგას სხვა, არანკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც.
საქმე ეხება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს
და, პირველ რიგში, ახალ ხელისუფლებას დღეს მოქმედი საარჩევნო
ადმინისტრაციებიდან წევრების გამოწვევის საშუალებას მისცემს.
ბუნებრივია, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მთელ ვერტიკალზე
საარჩევნო ადმონისტრაციების რეფორმირება, პრაქტიკულად შეუძლებელია.
თუმცა, არსებობს მთელი რიგი მექანიზმები, რომელიც ამ მოკლე პერიოდში
იმის საშუალებას მაინც იძლევა, რომ ყველა დონის საარჩევნო კომისიები
არაკომპეტენტური და კორუმპირებული წევრებისაგან გათავისუფლდეს.
საკმაოდ
ბუნდოვანი სურათია შექმნილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
მისი
დღევანდელი თავმჯდომარე, ყოფილი ომბუდსმენი ნანა დევდარიანი
თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამასობაში, გენერალურმა
პროკურატურამ, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების”
მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, უკვე აღძრა სისხლის სამართლის
საქმე ცესკო-სა და რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის
წინააღმდეგ.
გენერალური პროკურატურის ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის
რამდენიმე მუხლით არის აღძრული იმ ფაქტებზე, რომელიც საპარლამენტო
არჩევნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას, ხმების არასწორად
დათვლას, არასწორად შეჯამებასა და სიყალბეს ეხება. უკვე შექმნილია
სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც სამართლებრივი შეფასება უნდა
მისცეს საარჩევნო ადმინისტრაციების იმ წარმომადგენლების ქმედებებს,
რომლებმაც არასწორად დაითვალეს ამომრჩეველთა ხმები და შედეგები
შეაჯამეს.
ასე რომ,
თუკი დღეს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებები
ვერ მიიღო, გამოდის, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ძველი,
დისკრედიტებული საარჩევნო ადმინისტრაციები გამართავენ.
თუმცა,
კულუარული ინფორმაციით, დღეს ,,გაერთიანებული დემოკრატები” და
,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აუცილებლად შეეცდებიან ამ
ცვლილებების მიღებას. თუკი ეს სქემა ამოქმედდება, მაშინ ნებისმიერ
სუბიქეტს, რომელსაც კომისიაში წევრის დანიშვნის უფლება აქვს, შეეძლება,
არჩევნებამდე არაუგვიანეს შვიდი დღისა, გამოიწვიოს საკუთარი წევრი და
იგი სხვა წარმომადგენლით შეცვალოს.
აქედან
გამომდინარე, ავტომატურად შეიცვლება ძალთა ბალანსი ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში. მოქმედ პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს ავტომატურად მიენიჭება
იმ წევრების გამოწვევის უფლება, რომლებიც თავის დროზე კომისიში
ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ წარგზავნა.
არსებობს
ვერსია, რომლის თანახმადაც, პარლამენტი საარჩევნო კოდექსში კიდევ ერთ
ცვლილებასაც გეგმავს, რომლის თანახმად, აწ უკვე ყოფილ მმართველ პარტიას
ცესკო-ში ორ ადგილს გამოუყოფენ, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად არც ერთმა
პოლიტიკოსმა არ დაადასტურა.
|