|
დილის გაზეთი. 2004წ. 4 იანვარი. გვ.3.
დააკლდებათ თუ არა რუსთავში ბიულეტენები? ახალი წლის სადღესასწაულო დღეები ჯერ კიდევ არ არის ჩავლილი და დღეს – 4 იანვარს საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნისა და საკუთარი თავისათვის მეტად მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთოს – აირჩიოს პრეზიდენტი.
რუსთავში წინასაარჩევნოდ ძალზე მოკლე და ექსტრემალურ პრიოდში მოემზადნენ. თუ 2 ნოემბრის არჩევნებისთვის ცსკ-დან ქალაქში თითქმის 42 ათასი საარჩევნო ბიულეტენი ჩამოიტანეს, დღეს ეს მაჩვენებელია ,,ოპტიმალურ” რაოდენობამდე დაიყვანეს და 31 დეკემბერს, რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში, უბნებზე გადასანაწილებლად, 48 ათასი ბიულეტენი მიიტანეს. ასეთი აქ სულ 54 უბანია. წინასაარცევნო რეგისტრაცია უბნებზე 40 ათასმა ამომრჩეველმა გაიარა, თუმცა, რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა ტყეშელაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამომრჩეველთა ,,რეალური რაოდენობა” დაადგინეს (წინა არჩევნებისაგან განსხვავებით), მაინც შიშობს, რომ 42 ათასი ბიულეტენი შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს.
- ბიულეტენები 31 დეკემბერს ჩამოვიტანეთ დალუქული სახით და დანაწილდება დამკვირვებლების თანდასწრებით 3 იანვარს 12 საათიდან დავიწყეთ. ასე რომ, არცევნებისთვის რუსთავში სრული მზადყოფნაა. მთავარია, ამომრჩეველთა აქტიურობა იტოს, ურთულესი მდგომარეობა იქნება, თუ ბიულეტენები დაგვაკლდა. ისე, რუსთავში 45-48 ათასი ამომრჩეველი არასოდეს მისულა არჩევნებზე. პოლიციამ ამომრჩეველთა რაოდენობის ელექტროვერსია გადმოგვცა, სადაც 50 ათასი ამომრჩეველი იყო აღნიშნული, მე კი მგონია, რომ ვინც ახლა აიღო პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ყველა საზღვარგარეთ წავიდა. ამიტომ, ეს ციფრი ჩვენ უფლებას არ გვაძლევდა, ამის მიხედვით გვეხელმძღვანელა, - ამბობს პაატა ტყეშელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, 54-ვე უბანზე, თითქმის მთლიანად შეცვლილია. თუკი 2 ნოემბრის არჩევნებზე იქ უმეტესობა სახელისუფლებო ბლოკიდან იყო, ახლა უკვე ,,ნაციონალები” და ,,ბურჯანაძე-დემოკრატები” ჭარბობენ. საოლქო კომისიაში ორი წევრი ,,მრეწველებმა” ისევ დატოვეს, ერთიც - ,,ახლებმა”, ,,აღორძინებამ” და ,,ლეიბორისტებმა”. წევრები კი დანიშნეს, მაგრამ მერე ისევ უკანვე გაიწვიეს. რაც შეეხება უბნებს, საუბნო კომისიებში თავმჯდომარეები ყველგან შეცვალეს, ტყეშელაშვილის თქმით, ისინი ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და, ალბათ, სწორედ ამის გამო მოხდა ასეთი ცვლილებები. არჩევნებისათვის საჭირო თანხა – 83 ათასი ლარი რუსთავში დაგვიანებით (1 იანვარს), მაგრამ მაინც გადმოირიცხა. |