მაია მოსიაშვილი რუსთავიდან

24 საათი. 2004წ. 5 იანვარი. A2.

 

 

 

დაპირებებს თუ არ შეგვისრულებს!.."

 

მშვიდი სახეები და არც ერთი ინციდენტი 54 საარჩევნო უბანზე, არც ერთი საჩივარი და ოქმი, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა და სრული კეთილგანწყობა, - მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს 4 იანვრის კენჭისყრა რუსთავში. "ვარდების რევოლუციის" მონაპოვარ არჩევნებზე ხალხი სადღესასწაულო განწყობით, ხალისით მიდიოდა და შუადღისას უბნებზე რიგებიც გაჩნდა.

 

თენგიზ გურასიძე, 50 წლის: "არჩევნებზე მივედით იმიტომ, რომ გვინდა კარგად ვიცხოვროთ. რასაც გვპირდება, თუ შეასრულებს, კარგი კაცი იქნება. თუ არა და, როგორც დავაყენეთ, ისე გადმოვაყენებთ..."

 

ნორა ბაქრაძე, პენსიონერი: "არჩევნების შემდეგ დაპირებების შესრულებას ველოდებით, პენსიებს გვპირდებიან, დახმარებას... უკეთესობა იყოს და ჩემი მოსვლით თუ რამე გაკეთდება... ხომ ხედავთ, ძლივს ვდგავარ ფეხზე, მაგრამ მაინც წამოვედი, შვილო."

 

ეთერ კაპანაძე, 45 წლის: "ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ხმა მივცეთ, რადგან წესიერი პრეზიდენტი გვინდა გვყავდეს. თუ დაპირებებს შეასრულებს, ძალიან კარგი, თუ არა და გადავაყენებთ ისევ..."

 

დიმიტრი სიხარულიძე, 23 წლის: "არჩევნებზე სერიოზული ცვლილებებისთვის ხმის მისაცემად მოვედი. ახლა ძალზე რთული, ახალი ეპოქა იწყება. ძველი სახელისუფლებო სისტემის რეალურად შეცვლის მხარდასაჭერად მოვედი არჩევნებზე."

 

მანანა ცინცაძე, 41 წლის: "იმედი გაჩნდა სიახლის, უკეთესი ხვალინდელი დღის. მთელი ჩვენი ეზო იყო მოსული, ძალიან გახარებულნი ვართ ყველანი და მხოლოდ კარგის მოლოდინი გვაქვს."

 

ზურა ჯღარკავა, 42 წლის: "ხვალინდელი დღის იმედი გაგვიჩნდა, ესაა ყველაზე მთავარი. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ხმა მივცეთ ცვლილებებს."

 

დღის სამი საათისთვის წინასწარ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 80 პროცენტს ხმა უკვე მიცემული ჰქონდა. თითოეულ უბანზე საშუალოდ 200-მა ადამიანმა კი დამატებითი სიით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ერთადერთი პრობლემა საარჩევნო უბნებზე საღამოს 6 საათისათვის გაჩნდა - ზოგიერთ მათგანზე ბიულეტენები დააკლდათ. როგორც მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტეს, პრობლემა უმოკლეს დროში გადაიჭრა და ხმა ყველა მსურველმა მისცა.

 

მთელი დღის მანძილზე რუსთავის უბნებზე საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ ეუთო- მოკლევადიანი დამკვირვებლები, ასევე "სამართლიანი არჩევნების", "თავისუფლების ინსტიტუტის" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებლები. გუშინ არასამთავრობოებს, საარჩევნო კანონდარღვევების დიდი დეფიციტის გამო, რუსთავის საოლქო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შეუტანიათ.

 

წინასწარი მონაცემებით, რუსთავში 4 იანვრის კენჭიყრაში მონაწილეობა მიიღო 44 703-მა ამომრჩეველმა, აქედან 12 618-მა - დამატებითი სიით, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევანი წინასწარ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 85 პროცენტმა გააკეთა.

 

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატებს, რუსთაველები ამ მხრივ გამონაკლისნი არ ყოფილან და მათი ფავორიტიც მიხეილ სააკაშვილი იყო. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ხმა სხვა კანდიდატებს მისცეს. ერთ-ერთ მათგანზე რუსთავის საოლქო კომისიაში ცოცხალ ანეგდოტს ჰყვებოდნენ:

 

მე-17 უბანზე კაცმა ბიულეტენი აიღო და ხმის მისაცემ კაბინაში შევიდა. იქიდან გამოსულს კონვერტი მისცეს. კაცმა ის ჯიბეში ჩაიდო და გასასვლელისკენ წავიდა.

 

- სად მიდიხარ, ხმა უნდა მისცეო, - გააჩერეს.

 

- უკვე შემოვხაზეო, - თავი კაბინისკენ გაიქნია კაცმა.

 

ნახეს და... კედელზე გაკრულ სადემონსტრაციო სიაზე "როინ ლიპარტელიანი" იყო შემოხაზული. კაცი გვარად ჟორჟოლიანი აღმოჩნდა...

 

 "ჩვენ ვალდებულნი ვართ, ხმა მივცეთ ცვლილებებს", "ხვალინდელი დღის იმედით", "დაპირებებს თუ შეგვისრულებენ" - ეს ფრაზები იმას მოწმობს, რომ 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს ხალხი მომზადებული შეხვდა; რომ ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო აზროვნება უკვე არსებობს და რომ ეს ხალხი, თავის დროზე, აუცილებლად მოითხოვს იმას, რასაც ჰპირდებოდნენ