|
|
|
24 საათი. 2004წ. 5 იანვარი. გვ. 1-3.
,,ამ არჩევნების დროს, დარღვევებზე მეტი, შეცდომები იყო. სერიოზული დარღვევები დაფიქსირებული არ ყოფილა,,” – ასეთი მოსაზრება გამოთქვა გუშინ ,,გლობალ სტრატეჯი გრუპის” ექსპერტმა სკოტ ელდერმა. ამავე დროს, უცხოელი ექსპერტი გუშინ, დღის სამი საათისთვის, მოსახლეობის მაღალ აქტივობასაც აღნიშნავდა. ელდერის მოსაზრება, მისი პირადი დაკვირვების და გამოკითხვების გარდა, სხვა უცხოელი თუ ადგილობრივი დამკვირვებლების მონაცემებსაც ეყრდნობოდა, რომელიც ეგზიტპოლებითაც დასტურდებოდა. თუმცა, ,,მედიაცენტრში” შეკრებილებმა ეგზიტპოლის შესახებ კონკრეტული საუბარი საღამოსთვის გადადეს. დარღვევების თაობაზე ,,მედია – ცენტრში” მიწვეულთაგან უფრო კონკრეტულად ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და ,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები საუბრობდნენ. ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობის წინასწარი დათვლის ის ხერხი იყო, რომელსაც ნაძალადევში #29 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ,,მიაგნეს”. ,,ინტერესიანი” კომსიის წევრები ამომრჩევლისათვის მიცემული ბიულეტენის ჩამოხეულ ყუას თავისთვის იტოვებდნენ...
,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლის განცხადებით, ყველაზე ნაკლები დარღვევა სამგორის რაიონში დაფიქსირდა. შედარებით სერიოზული დარღვევები იყო მცხეთის რაიონში, სადაც ოჯახის წევრები ერთმანეთის მსგავსად აძლევდნენ ხმას. თბილისში, ისევე, როგორც ზოგ სხვა ქალაქსა და რაიონში (მაგალითად, დუშეთში), სიებში ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის ნომრები წინასწარ იყო ჩაწერილი და მხოლოდ ხელმოწერები აკლდა. ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლის განცხადებით, ეს შეიძლება უბნებზე შედეგების გაუქმების მიზეზი გახდეს. მართალია, დუშეთში დაფიქსირებული დარღვევის შესახებ დამკვირვებლებმა საჩივარი ოპერატიულად დაწერეს, მაგრამ კომისიის თავმჯდომარე მარინა ნონიაშვილმა იგი არ მიიღო. გარდა ამისა, იმის გამო, რომ დუშეთის შსს-მ პირადობის მოწმობის გაცემა დროულად ვერ უზრუნველყო, მოსახლეობა სტუდბილეთებითა და მართვის მოწმობით აძლევდა ხმას. ერთი პირობა, ყველა სურათიანი საბუთით ხმის მიცემა გადაწყვიტეს ქუთაისშიც, მაგრამ კონკრეტული ახსნა - განმარტების შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდა და მოსახლეობამ კანონით განსაზღვრული საბუთებით განაგრძო ხმის მიცემა. გუშინ ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ,,სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები დარღვევებს თუ არჩევნებში მონაწილე მოსახლეობის რაოდენობას ვერ აკონკრეტებდნენ. ცნობილი იყო, რომ ხულოსა და ქედაში მოსახლეობას ძველი პასპორტები ჩაბარებული, ხოლო ახალი აღებული არ ჰქონდა, რაც, ხმის მიცემის თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა.
ქვემო ქართლში მდგომარეობა ვერც რევოლუციამ შეცვალა. ,,სამართლიანი არჩევნების” წევრ თამარ ჟვანიას განცხადებით, მარნეულში მე-13 უბანზე ხმებს სხვის მაგივრად აძლევდნენ. 31-ე საარჩევნო კომისიის წევრებმა, როგორც ჩანს, შუადღისთვის თავისი სამუშაო გეგმა შესრულებულად ჩათვალეს, საარჩევნო უბანი დაკეტეს და ქეიფიც გააჩაღეს. დმანისში დამკვირვებლებმა უკვე ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ,,ჩაავლეს”, რომლებიც ბიულეტენებს სხვისი პასპორტებით იღებდნენ... |