24 საათი. 2003წ. 8დეკემბერი. გვ. 1-2.

 

 

 

 

დასაწყისი ცარიელი ფურცელი

 

გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კვლავ უმთავრეს პრობლემაზე იმსჯელა, რომელიც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინა პეიოდში საარჩევნო ადმინისტრაციების წინაშე დგას. ეს ამომრჩეველთა ერთიანი სიების ფორმირებისსაკითხია. ცესკო-ს წევრთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენის ის მექანიზმი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წარადგინა, ყველაზე მისაღები ვარიანტია.

           

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. თანაც, როგორც მისი წევრი, იურისტი ელზა გულიაშვილი აცხადებს, საარჩევნო კანონმდებლობა ამომრჩეველთა სიების შედგენაზე პასუხისმგებლობას სწორედ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აკისრებს.

           

რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს, იგი კვლავ იმეორებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა ერთიანი მონაცემების დადგენა ყველაზე რთული პროცესია.

           

,,ამ დღეებში ჩვენ არაერთი კონსულტაცია გავმართეთ, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ამ მხრივ, ძალზე სერიოზული პრობლემები გვაქვს. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მონაცემების ორი განსხვავებული ბაზა არსებობს: პირველი – ეს ის მონაცემებია, რომელიც სამინისტრომ აპრილ – მაისში მოამზადა და მეორე – კომპიუტერული ბაზა, სადაც მითითებული არიან ის ამომრჩევლები, რომელთაც პირადობის დამადასტურებელი აღებული აქვთ. თუმცა, ამ ბაზაში არ არიან მითითებულნი ის ადამიანები, რომლებიც დღესაც საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტებით სარგებლობენ.

        

ორივე ბაზა სერიოზულ დახვეწას მოითხოვს. პირველის თანახმად, საქართველოში სამი მილიონ 200 000 ამომრჩეველია. აქედან ამოსაღებია 382 000 გარდაცვლილი ადამიანის სახელი, ხოლო 320 000 ამომრჩევლის მონაცემი დუბლირდება. მეორეც არასრულია – არ არიან მითითებული გარდაცვლილები და არც ისინი, ვისაც სსრკ-ს სიმბოლიკიანი პასპორტები აქვთ. დარჩენილ ვადაში ამ ხარვეზების გამოსწორება შეუძლებელია. თანაც, დაკავშირებულია ხარჯებთან. ჩვენ ვკითხეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაეხმარებიან თუ არა ისინი ფინანსურად შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაზეც, ცოტა არ იყოს, სკეპტიკური პასუხი მივიღეთ. ისინი აცხადებენ, რომ დაეხმარებიან მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. სახელმწიფო უუნაროა, შეასრულოს ამომრჩეველთა მონაცემებთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოები და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ერთ კვირაში რაიმე შეიცვლება, “ – განაცხადა გუშინ ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

           

მისი თქმით - ,,სხვა გამოსავალი არ არის და ამომრჩეველთა მონაცემების დადგენის პროცესი ცარიელი ფურცლიდან უნდა დაიწყოს”. თავად ამ პროცედურას კი სამი ეტაპი დასჭირდება: ამომრჩეველთა მისვლა საარჩევნო უბანზე და მათი რეგისტრაცია, მონაცემების დაზუსტება ადგილზე, შემდეგ კი საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ცესკო-ში გადაგზავნა.

           

გუშინ ცესკო-მ, ამ პროცედურების შესასრულებლად, კონკრეტული ვადები განსაზღვრა. ამომჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია 16 დკემბრიდან დაიწყება და 21 დეკემბრამდე გასტანს. ამის შემდგომ კი დაიწყება მონაცემების გადამოწმების პროცესი.

           

იმ ამომრჩეველს, რომელიც, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოახერხებს წინასწარი რეგისტრაციისთვის საარჩევნო უბანზე მისვლას, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მაინც ექნება.

           

და კიდევ: სავარაუდოდ, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად მიმართავს და მას იმ ამომრჩეველთა მონაცემებს მოსთხოვს, რომელთაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობები აღებული აქვთ.

          

გუშინ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საფინანსო – საბიუჯეტო განყოფილებამ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინა.

           

თანხამ 5 მილიონ 414 930 ლარი შეადგინა. ცესკო-ში იმედოვნებენ, რომ ფინანსურ დახმარებას უცხოური ორგანიზაციებიდან უპრობლემოდ მიიღებენ.