|
დილის გაზეთი. 2004წ. 4 იანვარი. გვ. 3.
აქამდე სამხედრო ნაწილებში იხსნებოდა საარჩევნო უბნები, ოღონდ ხმებს ითვლიდნენ ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარე ჩვეულებრივ საარჩევნო უბანში. სამხედრო ნაწილებში არსებული საარჩევნო უბნები დახურული ტიპის უბნებია (საბჭოური ინერციით) და ამიტომ მიიჩნეოდა, რომ იქ ხმები ხელისუფლების სასარგებლოდ მოგროვდებოდა. თუმცა, 2 ნოემბრის არჩევნების დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, ყველა სამხედრო უბანმა როდი დაუჭირა ხელისუფლებას მხარი ერთსულოვნად. რაც შეეხება დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გვითხრეს, საარჩევნო უბნები დედაქალაქში მხოლოდ ორგან: ვაზიანის სამხედრო ნაწილში და თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გაიხსნება, დანარჩენი სამხედრო ნაწილების სამხედრო მოსამსახურეები ხმებს მისცემენ ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებში. |