|
რუსუდან გახარია,,საქართველოს რესპუბლიკა”. 2003 წ. 6 ნოემბერი. გვ 1-3.
დესერტად შეკვეთილი მიტინგი და "ახლების" უარი "ახალი მემარჯვენეების" ოფისში გუშინწინ ემოციური ხალხი რეკავდა და გაბრაზებული კითხულობდა: - რატომ არ უერთდებით მობობოქრე ოპოზიციას, შეგეშინდათ. ხალხი გუშინაც რეკავდა, ოღონდ ამჯერად მადლობის სათქმელად. ამ დროს ფილარმონიაში ერთი პოლიტიკური პარტია, საკუთარი ამბიციების გამო პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებდა. მეორე ამძაფრებდა კიდეც - ან ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე, ან პრეზიდენტი გავა პენსიაზეო. დარბაზში მსხდომი გულშემატკივრებიც პერიოდულად დგებოდნენ ფეხზე და ხან ნინოს გაიძახოდნენ, ხან - მიშას.
"ახალი მემარჯვენეები" მათ გვერდით არ იდგნენ.
კითხვაზე - რატომ. - პასუხს მემარჯვენეთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით კოღუაშვილი გაგვცემს. - ორი პოლიტიკური ძალის მიერ პროვოცირებული აქცია, რომელიც ფილარმონიაში გაიმართა, დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად. არადა, ნებისმიერი პარტიისთვის მთავარი უნდა იყოს ეროვნული ინტერესები, რაც, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს სიმშვიდის დაცვას, უსაფრთხოებას. "ახალი მემარჯვენეები" ყოველთვის დადგებიან იქ, სადაც ქართველი ხალხი იდგება. ორი პოლიტიკოსის შეკვეთილ მიტინგზე მისული ხალხი კი ერის ნებას არ გამოხატავს.
"ახლებმა" მიხეილ სააკაშვილსაც მიულოცეს გამარჯვება და ნინო ბურჯანაძესაც, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს, მხოლოდ პირველ ადგილს ელოდნენ (საინტერესოა, როგორ უნდა გაეყოთ.).
- ვიცი, რომ მათ მიერვე დაკვეთილი ეგზითპოლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ერთმანეთს თითქმის ემთხვევა. ამდენად, გაუგებარია, რატომ გამოთქვამენ ასეთ აღშფოთებას. თუ გაცილებით მეტი ხმის მიღებას ვარაუდობდნენ, შედეგის საფუძველი საკუთარ თავსა და პარტიაში, ხარვეზებსა და სისუსტეებში უნდა ეძიონ. "ახალი მემარჯვენეები" არჩევნებით უკმაყოფილონი არ არიან. თავიანთი პირველი საარჩევნო კამპანიის უარყოფითი მხარეები შეამჩნიეს და სამომავლოდ მათს გათვალისწინებას აპირებენ. არჩევნების გაყალბებაში "ახლები" ერთბაშად ხელისუფლებას არ ადანაშაულებენ, თუმცა არასწორად შედგენილმა სიებმა, ალბათ, მათაც წაჰგვარა ხმების გარკვეული რაოდენობა.
- ხმების ორ-სამ პროცენტს ხომ არ უნდა გადააყოლო ქვეყნის სიმშვიდე. პარლამენტს მიღმაც რომ დავრჩეთ, დავდუმდებით, თუკი ეს ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება საჭირო. სწორედ ამიტომ ვერ გვიხილავთ მიტინგებზე.
დავით კოღუაშვილი მადლობას უხდის ამომრჩევლებსაც და იმ ხალხსაც, ვინც პროვოკაციების გამო ქუჩაში არ გამოსულა. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას...
- პირველ ადგილზე, შეიძლება, გახვიდე მხოლოდ არჩევნების გზით და არა - აქციებითა და ულტიმატუმით. ხალხმა კი თავისი არჩევანი უკვე გამოხატა.
გამოვემშვიდობე ბატონ დავითს. გზად რედაქციისკენ ყურადღება ერთმა საორნოემბრო პლაკატმა მიიქცია: დიდი ასოებით ეწერა - ჯუმბერ პატიაშვილი, ქვემოთ კი მისი პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება - "ერთობა". ერთი სიტყვით, პლაკატს ასე წაიკითხავდით: "ჯუმბერ პატიაშვილი ერთობა". მაგრამ თურმე ცუდად ერთობა...
"ერთობის" ლიდერი გუშინ ფილარმონიის სცენაზე სიტყვით გამოდიოდა და ერის გასახლეჩად ისტერიულად გაჰკიოდა! |