|
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურისაქართველოს რესპუბლიკა 2003 წელი 10 ნოემბერი გვ.3
დესტაბილიზაცია საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას 9 ნოემბერს საქართველოს პეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან გაიმართა აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირებისა და საარჩევნო ბლოკის “ახალი საქართველოსათვის” წარმომჯადგენლების საგანგებო შეხვედრა. განიხილეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და იმსჯელეს სტაბილიზაციის დამყარებაზე.
შეხვედრის მონაწილეები მოწონებით შეხვდნენ საქართველოს პრეზოდენტის დილით გადადგმულ ნაბიჯს – პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებთან მისვლას, მათთან გასაუბრებას და დიალოგისაკენ მოწოდებას. ამასთან, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საარჩევნო ბლოკის საერთო აზრით, საჭიროა დიალოგის გამართვა მთელი ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით.
საქართველოს პრეზიდენტს გააცნეს ქვეყანაში არსებული ოპერატიული ვითარება და მოახსენეს დაინტერესებული ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ. შსს მინისტრის თქმით, თბილისში შეინიშნება შეიარაღებული პირების გადაადგილება და არის დედაქალაქში იარაღის შემოტანის მცდელობა. ედუარდ შევარდნაძემ პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების განკარგულება გასცა. ამასთან დედაქალაქის სამედიცინო პერსონალი მზად არის შესაძლო პროვოკაცოებისაგან დაზარალებულთათვის დახმარების აღმოსაჩენად.
შეხვედრაზე ითქვა, რომ თავის დროზე, არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების გამო საქართველოში გაჩაღდა ეთნოკონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სამოქალაქო ომი, რამაც ქვეყანა დაანაწევრა და გააპარტახა. ამიტომ მეტი სიფრთხილა საჭირო, როცა ამა თუ იმ რეგიონის, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქვემო ქართლისა თუ სამცხე-ჯავახეთის მხარეებში არჩევნებში მონაწილეთა ხმების უგულვებელყოფას მოითხოვენ.
აღინიშნა იმის შესახებაც, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე პროკურატურაში აღძრულია 54 სისხლის სამართლის საქმე, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი – 20 სისხლის სამართლის საქმე. სახელმწიფოს მეთაურმა სამართალდაცვის ორგანოების ხელმძღვანელებისაგან მოითხოვა ყოველდღიურ კონტროლზე აიყვანონ გამოძიების მიმდინარეობა და საზოგადოებას აცნობონ შედეგები.
საქართველოს პრეზიდენტმა და შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ ქვეყანას შეექმნა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. ინვესტორები თავს იკავებენ საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა თუ გაგრძელებისაგან და ელოდებიან ვითარების მოწესრიგებას. ტვირთების გადაზიდვამ იკლო რკინიგზაზე. ეს განსაკუთრებით აისახება საკვანძო ადგილებზე, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს არა მართო სახელმწიფო, არამედ ადგილობრივ ბიუჯეტებსაც. ბოლო 9 დღის მანძილზე ქვეყანაში ფაქტობრივად არ განხორციელებულა ინპორტი. ყველაზე მეტად კი ზარალდება მცირე და საშუალო ბიზნესი, სადაც ასეულ ათასობით ადამიანია დასაქმებული. ამას ადასტურებს სავაჭრო ობიექტების დახურვაც. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ დესტაბილიზაციის შემთხვევაში სერიოზული საფრთხე დაემუქრება ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფას. საქართველოს არ ჰყოფნის საკუთარი ხორბალი და ამ მხრივ დახმარებას აშშ გვიწევს, რაც შეწყდება თუ კი სტაბილურობას არ შვინარჩუნებთ.
საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებთან მკაცრ ვითარებაში გაიმართა და ითქვა, რომ ყველას პასუხი მოეთხოვება თავის უწყებაში არსებულ მდგომარეობაზე. ედუარდ შევარდნაძემ შეხვედრის დასასრულს კიდევ ერთხელ გამოთქვა ოპოზიციასთან დიალოგის სურვილი და იქვე დასძინა, რომ სახელმწიფო დაწესებულებების უპირველესი მოვალეობა საქმის კეთებაა და მშვიდად უნდა გააგრძელონ მუშაობა.
“საქართველოს დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება სტაბილურობა, ხალხს სიმშვიდე სურს. ამიტომ თითოეული ჩვენგანის უპირველესი ვალია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ქვეყანაში არ დაუშვათ დესტაბილიზაცია. ჩვენ საქმე უნდა ვაკეთოთ. მე მზად ვარ შევხვდე ნებისმიერ ოპონენტს, მზად ვარ მოვუსმინო მთელ ოპოზიციურ სპექტრს. იმედი მაქვს, მათი მხრიდანაც იქნება ამგვარი სურვილი და აუცილებლად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან”. – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ. |