,,24 საათი “.2003 წ. 30 დეკემბერი. გვ. A2.

 

 

დიალოგი ინტერნეტით

 

პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი გუშინ საქართველოს მოსახლეობას ინტერნეტის საშუალებით ესაუბრა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მოსახლეობის მიერ ინტერნეტით გაგზავნილ კითხვებს, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მონდომებით პასუხობდა. საამისოდ, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების მსგავსად, სააკაშვილმა საერთაშორისო კვლევის საბჭოს ვებ-სტუდიით ისარგებლა. ოღონდ, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, თავის პოტენციურ ამომრჩეველს სააკაშვილი მომავალში შეხვედრასაც დაჰპირდა. ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი სააკაშვილი საქართველოს მაცხოვრებლებთან ამ სახით, შუამავლის გარეშე აპირებს ურთიერთობას. სააკაშვილთან გასაუბრების მოსურნეები საამისოდ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის პირადი ელქტრონული ფოსტის მისამართს მიიღებენ. გუშინ კი სააკაშვილთან იტერნეტ-დიალოგში მონაწილე მისმა პოტენციურმა ამომრჩეველმა ისედაც კარგად ცნობილი ჭეშმარიტება დაადგინა. კერძოდ: პრეზიდენტობის კანდიდატი აჭარის ლიდერის გადაწყვეტილებას (საპრეზიდენტო არჩევნებში რეგიონის მონაწილეობის შესახებ) მიესალმება. მიხეილ სააკაშვილის აზრით, აჭარის მოსახლეობამ საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს.