საქინფორმი

“საქ. რესპუბლიკა”, 2003 წელი, 16 დეკემბერი, გვ.2.

 

 

ედუარდ შევარდნაძე, როგორც ამომრჩეველი, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში

 

                 ედუარდ შევარდანძე, როგორც ამომრჩეველი, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 2004 წლის 4 იანვარს გაიმართება. ეს მან განუცხადა ჟურნალისტებს კვირას, 14 დეკემბერს. “როგორც საქართველოს მოქალაქე, მოვალედ მიმაჩნია თავი, მონაწილეობა მივიღო ხმის მიცემაში”, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, თუმცა, არ დაუზუსტებია, ვის მისცემს ხმას. მისი თქმით, “თუ აჭარა ფაქტობრივად, მონაწილეობას არ მიირებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, ეს არჩევნები დაკარგავს თავის მნიშვნელობას, თუნდაც იგი გამართულად ჩაითვალოს”. ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ “უნდა დავარწმუნოთ ბათუმი, რათა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გახსნას საქართველოს პრეზიდენტის ასარჩევად საარჩევნო უბნები, მით უმეტეს, რომ აჭარის მოსახლეობას არ ეეჭვება, რომ საჭიროა არჩევნების მონაწილეობა”. და დასძინა, “არის საკმაო შანსები, რათა ასლან აბაშიძესთან მიაღწიონ შეთანხმებას პრეზიდენტის არჩევნებში აჭარის მონაწილეობის შესახებ”. მან გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა “შესძლებს შეუთანხმდეს აბაშიძეს ამ საკითხზე”. ბაზი გაუსვა იმასაც, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო მინისტრის ბათუმში უახლოესი დროის მანძილზე ჩასვლას. ედუარდ შევარდნაძემ ზურაბ ჟვანიას “გამოცდილი პოლიტიკოსი” უწოდა, რომელსაც დიდი ხანია იცნობს აბაშიძე, მატ რთული ურთიერთობა და გაუგებრობანი ჰქონდათ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ისინი შეთანხმდებიან”.

                

ედუარდ შევარდნაძემ, აგრეთვე, განაცხადა, რომ კონტაქტები აქვს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძესთან და სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან. მისი თქმით, “საჭიროების შემთხვევაში, მუდამ აქვს შესაძლებლობა, ესაუბროს ნინო ბურჯანაძეს”, და აქტიური კონსულტაციები აქვს ზურაბ ჟვანიასთანაც.

                       

პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომასთან დაკავშირებით, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: “არ ვეთანხმები ვლადიმერ პუტინს, რომელმაც თქვა: “გადადგომა იყო საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ედუარდ შევარდნაძის მიერ დაშვებული სისტემური შეცდომების შედეგი”. მისი თქმით: “დიდ პატივს ვცემ ვლადიმერ პუტინს, მან სამჯერ დამირეკა გადადგომამდე, ნუ გამინაწყენდება, მაგრამ ვიტყვი, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ეტყობა, არ იცნობს თბილისში იმხანად არსებული სიტუაციის ყველა ნიუანსს”. ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ “თუ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის თბილისში 23 ნოემბერს ყოფნისას რაღაც უცნაური მოქმედებით ვიმსჯელებთ, რუსეთს, როგორც ჩანს, სურდა ხელი შეეწყო ჩემი გადადგომისათვის, იქ ხომ შევარდნაძე ბევრს აწუხებდა. ახლა ისინი დამშვიდდებიან”. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ნებაყოფლობით გადადგა იმ მიზნით, რომ არ დაღვრილიყო სისხლი და დაპირისპირება სამოქალაქო ომად არ ქცეულიყო”.