|
|
|
გულიკო ბალაძე ,,ახალი თაობა” 2003 წ. 11 ნოემბერი. გვ. 4-5.
ეროვნული გადარჩენის ცენტრის შექმნა აუცილებელია ინტერვიუ სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძესთან - ბატონო ნოდარ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დადებით პოლიტიკურ შედეგს თუ ელოდებით? - მე დადებით პოლიტიკურ შედეგად მივიჩნევ მხოლოდ ორი საკითხის დადებითად გადაწყვეტას. პირველი - თუ მოხდა ამ ვითომ ჩატარებული არჩევნების ცნობა არჩატარებულად და უმოკლეს ვადაში ნამდვილი არჩევნების დანიშვნა, რაც დასჭირდება სიების გასწორებას, ვთქვათ, ორი-სამი კვირა, მეორე - წმინდა თეორიული საკითხი - შევარდნაძის გადადგომა. შევარდნაძე აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, მაგრამ ზომა მისი მარაზმატულობისა მაინც ახლა უფრო ჩნდება, ვიდრე ეს ადრე იყო ცნობილი. როცა ვამბობ, დადებითი შედეგი არის მხოლოდ არჩევნების არჩატარებულად ცნობა, ვგულისხმობ იმას, რომ თუ ვიღაცამ დაიწყო მიცემული ხმების ხელახლა გადათვლა და რაღაც შესწორებები, ეს არ იქნება შედეგი, რადგან ის ნახევარი მოსახლეობისა, რომელიც არ მიუშვეს საარჩევნო ყუთებთან, ის მაინც არმიშვებულად ითვლება. - შევარდნაძის გადადგომას, თეორიულ ასპექტში რატომ განიხილავთ? - იმიტომ, რომ ამ მოთხოვნას ჯერჯერობით ის მასშტაბი არ აქვს, რომელიც ამას სჭირდება. მე კი იქ ვარ და მიტინგზეც განვაცხადე, რომ ჩვენ, სახალხო ფრონტის წევრები ფიზიკურად იქ ვართ და ბოლომდე ვიქნებით ყველა შემთხვევაში. - ე.ი. თქვენ ბრძანებთ, რომ შევარდნაძე მითვისებული პრეზიდენტობის დარჩენილ ვადას არ დათმობს? - იმედი მაქვს, რომ ის ბოლომდე ვერ იქნება. თვითონ, რა თქმა უნდა, დარწმუნებულია, რომ ბოლომდე იქნება, მე კი ვფიქრობ, ვერ იქნება, მაგრამ პირდაპირი შარაგზას დღევანდელი სიტუაციიდან იმ სიტუაციამდე მე ვერ ვხედავ. - თქვენი აზრით, ყველაზე გონივრული გამოსავალი რა არის? - ყველაზე გონივრული კი არა, ერთადერთი გონივრული, ერთადერთი ადამიანური, ერთადერთი პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი გამოსავალი ის არის, რაც ჩემი აზრით მოხდება - ეს არის ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის ჩამოყალიბება ან ეროვნული გადარჩენის ცენტრის შექმნა, რომელშიც თავმოყრილი იქნებიან მხოლოდ 100%-იანი ადამიანები და არა 50%-იანი ნაგავი. - სახალხო ფრონტის განცხადებაზე რას იტყვით? - მე განცხადების პროექტი წავიკითხე მიტინგზე. იმედი მაქვს, ეს განცხადება მიღებული იქნება უახლოესი გამგეობის სხდომაზე. - სხვა ორგანიზაციები თუ უერთდებიან თქვენს განცხადებას? - ვნახოთ. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ვითომ ოპოზიცია მონაწილეობდა ხმების გაყალბებაში, რადგან ნაქურდალი ხმები წინდაწინვე განაწილებული ჰქონდათ. მხედველობაში მყავს ჟვანია, ლეიბორისტები და ერთი-ორი ვიღაც სხვა. სააკაშვილი არ მყავს მხედველობაში. - ლეიბორისტებიც მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბებაში? - მე ასე მგონია, იმიტომ, რომ შევარდნაძე ამ ბოლო თვეებში ძალიან თვალში საცემად ასუქებდა ლეიბორისტებს. - რატომ უნდა გაესუქებინა შევარდნაძეს ლეიბორისტები? - იმიტომ, რომ ორივე რუსეთის გუნდში შედის. ასლან აბაშიძე, ლეიბორისტები, შევარდნაძე და ჟვანია არის, ჩემი აზრით, ის ძირითადი ოთხი კოლონა, რომლითაც რუსეთი უტევს საქართველოს საპარლამენტო დონეზე დღეს. - თუ ხმების ასეთი გადანაწილებით დაკომპლექტდება პარლამენტი და არაფერი შეიცვლება ამ მიტინგებით, როგორ ფიქრობთ, როგორი ძალები შეიკრიბებიან. - შევარდნაძეს პარლამენტში უკვე ჰყავს თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობა. - პრორუსული ან პროდასავლური ძალების თვალსაზრისით, როგორი სურათი შეიქმნება პარლამენტში? - პრორუსული ძალები იქნებიან უმრავლესობაში. ეს არის თვითონ შევარდნაძის ხროვა, ასლან აბაშიძის ხალხი, ლეიბორისტების დეპუტაცია და ჟვანიას დეპუტაცია. - ე.ი. პროდასავლური ძალები უმცირესობაში ხვდებიან. - ნინო ბურჯანაძე შემიძლია იქიდან გამოვრიცხო, წარმოშობით იმათი არ არის. მაგრამ დანარჩენი ოთხი, ეს არის რუსების კოლონა, ისინი ცრუ მანევრისთვის არიან. ნამდვილ შემტევ კოლონას ოთხი სუბიექტი წარმოადგენს - შევარდნაძე, ჟვანია, ასლან აბაშიძე და ლეიბორისტები. - რაც შეეხება ჟვანიას, დღემდე ის საზოგადოებაში ცნობილი იყო როგორც პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი. რა არგუმენტი გაგაჩნიათ, როცა მის პრორუსულობაზე მიუთითებთ? - ეს ფაქტი მეტყველებს საზოგადოების მიუხვედრელობაზე, და ჟვანიას მსახიობურ შესაძლებლობებზე. არ დაგავიწყდეთ, ჟვანიამ ხმა მისცა დსთ-ს. არ არის ეს ცალსახა მაჩვენებელი? ჟვანია 1992 წლის პარლამენტში რიგითი პარლამენტარი იყო. მას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა შევარდნაძემ რისთვის? აგრეთვე მე ვიცოდი, რომ როცა რუსული გენერალიტეტი მსჯელობდა, რაღაცის გათრევა უნდოდა პარლამენტში, მსჯელობდნენ, ,,ჩერეზ კავო? ჩერეზ კავო? დავაიტე ჩერეზ ჟვანია!” მოდიოდა ხლახი და მოჰქონდა მათგან ამბები. ეს საფუძველი მაქვს. |