|
24 საათი. 2003წ. 19 დეკემბერი. გვ. 1-3. ევროპის საბჭო კმაყოფილია არჩევნების მზადებით ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელი მათიას იორში, გუშინ, თავისი წინა ვიზიტის დროს ნათქვამს იხსენებდა: ,,მაშინ ვთქვი, რომ საქართველო კიდევ ერთ გაყალბებულ არჩევნებს ვერ გადაიტანდა, ჩემი მაშინდელი დასკვნის სისწორე კი საქართველოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც დაადასტურა”. ცენტრალური კომისიის თავმჯდომარესთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ, სასტუმრო ,,მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე, მათიას იორში საქართველოს მოსახლეობას არჩევნებისადმი მაქსიმალური ინტერესის გამოვლენისა და წინასწარი რეგისტრაციის გავლისაკენ მოუწოდებდა. მან ზურაბ ჭიაბერაშვილს, ამომრჩეველთა ხელახალი რეგისტრაციის დაწყების გამო, ,,ვაჟკაცური გადაწყვეტილება” მოუწოდა, მაგრამ, ამავე დროს აღნიშნა, რომ ,,ცესკო-ს ახალი ხელმძღვანელის ეს ნაბიჯი, გარკვეულწილად, სარისკოა შემჭიდროებული ვადების გამო”. თუმცა, იორში ვარაუდობს, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამ პროცედურის ბოლომდე ჩატარება არ მოხერხდა, სამაგიეროდ, საპარლამენტო არჩევნებისათვის ჩვენ უკვე ამომრჩეველთა სრულყოფილი სიები გვექნება.
სამი დღის განმავლობაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხუთკაციანმა დელეგაციამ ახალი ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელი მოინახულა. მათ გარდა, ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ,,ახალი მემარჯვენეებისა” და ,,აღორძინების” წარმომადგენლებს და პრეზიდენტობის კანდიდატს ქართლოს ღარიბაშვილს შეხვდნენ. შეხვედრების შემდეგ უცხოელ სტუმრებს, როგორც თავად ამბობენ, ჩვენს ხელისუფლებაზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დარჩათ. ყველაზე დიდი ეფექტი კი, როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მოახდინა.
,,მინდა, ხელი ჩამოვართვა გიორგი ბარამიძეს. ასეთი მკაფიო განცხადება არც ერთი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ არ გაკეთებულა, - განაცხადა იორშმა ბარამიძის ,,საზეიმო ფიცის” შემდეგ, რომელიც ასე ჟღერდა: ,,ნებისმიერი პირი, რომელიც არჩევნების ნორმალურად ჩატარებას შეუშლის ხელს, დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით. ნებისმიერი პარტიის მხარდაჭერა, გაყალბების სახით, არ დარჩება დაუსჯელი როგორც შსს-ს, ისე სხვა უწყებების მხრიდან.” იგივე დაპირება იორშს და მის თანმხლებთ ახალი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა მისცა. იორშსაც უკვე სჯერა, ,,რომ ეს არჩევნები შეიძლება სრულყოფილი არ იყოს, მაგრამ ახალი ხელმძღვანელობა მაინც არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ეცდება. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაყალბებისა და ხარვეზების ერთმანეთისგან განსხვავება”.
ევროპის საბჭოს წარმომადგენელთა შემაჯამებელი პრესკონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა აჭარის ავტონომია იყო. იორში აჭარის ავტონომიის ლიდერის კეთილ ნებასა და პოლიტიკურ გამჭრიახობაზე ამყარებს იმედებს და მიიჩნევს, რომ აჭარის ლიდერი ავტონომიის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ წაართმევს. გარდა ამისა, ასლან აბაშიძის საპრეზიდენტო არჩევნებისაკენ გულის მოსაბრუნებლად საფუძველი ახლა სტრასბურგშიც მზადდება. მათიას იორშის ცნონით, სტრასბურდში ყოფნის დროს ყოველ მაღალჩინოსანთან, ,,პირველ რიგში, გენერალურ მდივან ვალტერ შვიმერთან, საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პიტერ შრიოდერთან შეხვედრის დროს, ასლან აბაშიძეს არჩევნებში აჭარის მონაწილეობის აუცილებლობაში არწმუნებდნენ. შესაბამისად, აჭარამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს”.
ამ არჩევნებისათვის ევროპის საბჭო საქართველოში, სადამკვირვებლო მისიით, ყველაზე დიდ დელეგაციას გამოგზავნის. ,,45 კაცი, თანაც ახალი წლის პერიოდში, ნამდვილად დიდი დელეგაციაა”, - დააზუსტა გუშინ იორშმა. კიდევ ერთი სიახლე: ევროპის საბჭომ საქართველოსათვის მიცემული რეკომენდაციების გადახედვა გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაივლის და ახალი ხელისუფლება საბოლოოდ დაკომპლექტდება, ევროპის საბჭო საქართველოს ხელისუფლებასთან ხელახლა შეათანხმებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მისცეს. |