საქართველოს რესპუბლიკა. 2003წ. 26 ნოემბერი. გვ. 1.   

 

 

 

 

ევროპის საბჭო მომავალ არჩევნებში საქართველოს დახმარებას აღუთქვამს

ედუარდ შევარდნაძის მიერ გადადგმული ნაბიჯი – საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა – ხელს შეუწყობს საქართველოში ამჟამად არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებას,

 

ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პიტერ შიდერის 25 ნოემბრის საგანგებო მიმართვაში.

 

ამგვარი დაძაბულობის დროს უმნიშვნელოვანესია, რომ პროცესები ძალადობის გარეშე მოწესრიგდეს, პოლიტიკურ კონფლიქტში არ ჩაერიონ შეიარაღებული ძალები, - აღნიშნა პიტერ შიდერმა. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიმართვაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ამ პროცესის მშვიდობიანად დასრულებაში ასევე პოზიტიური როლი შეასრულა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის ვიზიტმა საქართველოში.

 

პიტერ შიდერის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის ყოველგვარი შესაძლო დახმარება გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტის ვადამდელი, და ასევე პარლამენტის ხელახალი არჩევნების გამართვის პროცესში. როგორც მან განაცხადა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არჩევნები გაიმართოს ევროპული და დემოკრატიული სტანდარტების მაქსიმალური დაცვით, იმგვარად, რომ მომავალი არჩევნების დროს ქართველმა ხალხმა თავისი ნება გამოხატოს.