|
“24 საათი”2003წ., 12 ნოემბერი,გვ.A3.
,,გადამხდელთა კავშირი” მხარეებს დიალოგისაკენ მოუწოდებს ,,საქართველოს გადამხდელთა კავშირის” პოლიტიკური კლუბი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გმობს და მხარეებს არსებული მდგომარეობის სასწრაფოდ მოგვარებას ურჩევს. როგორც გუშინ გამართულ შეკრებაზე ბიზნესმენებმა განაცხადეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც, ცხადია, ბიზნესზეც მოქმედებს. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ არც ერთი დაპირისპირებული მხარის გვერდით არ დგანან და მხარეებს დიალოგის გამართვისაკენ მოუწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო მიმართვის მიღება მოხერხდა, ზოგადად ბიზნესმენთა განწყობა ნამდვილად არ იყო ერთგვაროვანი.
“გადამხდელთა კავშირის” პრეზიდენტმა ნიკო ლეკიშვილმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დროს გასაღები ყოველთვის ხელისუფლების ხელშია, ამიტომ ამ დაპირისპირებაში ხელისუფლებას მეტი დათმობა მართებს.
კომპანია “ბაგრატიონი 1882”-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გეგეშიძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პროტესტი შემდეგნაირად გამოხატა: იგი გადასახადების გადახდას მანამდე არ აპირებს, ვიდრე ქვეყანაში მდგომარეობა არ გამოსწორდება. “მე არ ვიცი, სად მიდის ჩემს მიერ გადახდილი ფული, ამიტომ გადასახადებს ჯერ არ გადავიხდი და როცა მდგომარეობა გამოსწორდება მზად ვარ სანქცია-საურავებიც კი დავფარო, “ – აღნიშნა მან.
“კოკა კოლას” პრეზიდენტის თემურ ჭყონიას აზრით კი, “პრეზიდენტმა თავადაც მშვენივრად იცის, რა გადაწყვეტილებას მოელიან მისგან და მან ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.”
“გადამხდელთა კავშირის” პოლიტიკური კლუბის შეკრება “კმარას” აქტივისტების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა. “კმარას” აქტივისტთა აზრით, “გადამხდელთა კავშირში” შეკრებილი ბიზნესმენები ხელისუფლების თანადგომასა და მისი მხარდაჭერის გზებზე მსჯელობდნენ. ამასთან დაკავშირებით მათ ბიზნესმენთა შეკრება გააპროტესტეს. ასევე გააპროტესტა ეს შეხვედრა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მიტინგზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ნიკო ლეკიშვილმა “გადამხდელთა კავშირში” ბიზნესმენები იმისთვის შეკრიბა, რომ მათ ხელისუფლებას გამოუცხადნ მხარდაჭერა. |