|
24 საათი. 2004წ. 8 იანვარი. გვ.A1-A2.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადება 2004 წლის 4 იავრის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების შესახებ 2004 წლის 4 იანვარს საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების დღემ მშვიდ და ნორმალურ ატმოსფეროში ჩაიარა. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის ნორმებით განსაზღვრულ ფარგლებში მოქმედებდა. ადგილობრივ და საერთაშორისო მეთვალყურეებს ჰქონდათ არჩევნებზე დაუბრკოლებლად დაკვირვების შესაძლებლობა. ცალკეულ დარღვევათა და ტექნიკურ ხარვეზთა მიუხედავად, გაყალბებას, მით უმეტეს მასობრივს, ადგილი არ ჰქონია. 2004 წლის იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების საკვანძო ნაწილი – არჩევნების დღე – ნამდვილად განსხვავდებოდა საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა სახის არჩევნებისაგან. ვიტოვებ იმედს, რომ როგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნითი ნაწილი – არჩევნების შედეგების შეჯამება – ასევე კანონის დაცვით წარიმართება და დასრულდება. 2004 წლის 4 იანვრის არჩევნების სახე ქართველმა ამომრჩეველმა განსაზღვრა თავისი აქტიურობით და საქართველოს მთავრობისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის იმის მკაფიო ჩვენებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სურთ, თავადვე აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება. უღრმესი მადლობა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან მათმა მაღალმა სამოქალაქო და პოლიტიკურმა კულტურამ სათავე დაუდო საქართველოში კანონის დაცვით ჩატარებული არჩევნებიას ახალ ტრადიციას. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ 2004 წლის 4 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, მაგრამ პროგრესი ამ მიამრთულებით, და თანაც მნიშვნელოვანი, აშკარაა. 2004 წლის 4 იანვარს მკაფიოდ გამოჩნდა, რაოდენ არსებითია ხელისუფლების მყარი პოლიტიკური ნება, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ის ფაქტი, რომ ცენრალურმა საარჩევნო კომისიამ რეკორდულად უმოკლეს ვადაში სეძლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მომზადება და ჩატარება, დიდწილად საქართველოს მთავრობის პოზიციამ განაპირობა. ამ პოზიციის ყველაზე მკაფიო დადასტურება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის მაღალი ყურადღება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2003 წლის 23 დეკემბერს სტუმრობა იყო. საქართველოს ხელისუფლების სიმტკიცემ შექმნა ის გარემო ქვეყანაში, რომ არჩევნები კვლავ არ გაიგივებულიყო ბრძოლასთან, დაპირისპირებასთან, ქაოსთან. ქართველი ხალხი და მისი მთავრობა დადგებოდა გადაულახავი პრობლემების წინაშე, კონსტიტუციურ ვადებში ჩატარებულიყო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის ასევე ძალიან მყარი ნება, დახმარებოდა ახალგაზრდა ქართულ დემოპკრატიას. უდიდესი მადლობა დონორ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სწრაფი და ეფექტური ფინანსური, ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარებისთვის, მაგრამ ვერანაირი თბილი სიტყვები ვერ შეძლებს იმ მადლიერების გამოხატვას, რომელიც მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მაქვს იმ უზარმაზარი მორალური თანადგომოს სანაცვლოდ, რაც დემოკრატიულმა მსოფლიომ საქართველოს მიმართ გამოიჩინა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტოის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 450-მდე საერთაშორისო მეთვალყურის ყოფნამ 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელი შეუწყო იმას, რომ საზოგადოებას – ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც – მიეღო დეტალური ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებასთან ერთად (რაც 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისაგან ნამდვილად განსხვავდება), ამ ავტორიტეტულმა სადამკვირვებლო მისიამ ტრადიციულად უაღრესად ფასეული რეკომენდაციები წარმოგვიდგინა, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია საქართველოში შემდგომი საარჩევნო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მისაახლოებლად. მაქვს დიდი სურვილი და იმედი, რომ საერთაშორისო მეთვალყურეთა არანაკლები რაოდენობა ვიხილოთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 2004 წლის გაზაფხულზე გაიმართება. საქართველოში საარჩევნო პროცესების უკეთ წარმართვისათვის დიდი ძალისხმევა გაიღეს საქართველოში მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა ეუთო-ს მისია საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი. ამ ორგანიზაციებმა დახმარება გაუწიეს საარჩევნო ადმინისტრაციას და იმავდროულად დიდად შეუწყეს ხელი საქართველოში ადგილობრივ მეთვალყურეთა ინსტიტუტის ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ,,სამართლიანი არჩევნებისა” და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სადამკვირვებლო მისიების გამართული და კვალიფიციური მუშაობა, რაც არა მხოლოდ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას უწყობს ხელს, არამედ ახალი ტიპის სამოქალაქო აქტივობას ამკვიდრებს ქვეყანაში. დიდი იყო მედიის როლი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მზადებისა და ჩატარების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. მედია ასეთსავე ყურადღებას ინარჩუნებს დათვლის მიმდინარეობის პროცესში, რაც ამყარებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ. 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ხარისხი იძლევა გარკვეული კმაყოფილების, მაგრამ არა დამშვიდების საშუალებას. დერ ერთი, არა დიდი მასშტაბებით, მაგრამ მაინც ადგილი ჰქონდა დარღვევებს და ტექნიკურ ხარვეზებს არჩევნების მიმდინარეობისას. ამავე დროს, არაკონკურენტულ საარჩევნო გარემოში საარჩევნო ადმინისტრაციის გამართული მუშაობა ჯერ კიდევ არ არის გარანტია, რომ ადმინისტრაცია ამასვე შეძლებს პოლიტიკურად უფრო დაძაბულ და კონკურენტულ გარემოში. ვფიქრობ, 2004 წლის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები საარჩევნო ადმინისტრაციის უფრო რეალური გამოცდა იქნება. თუმცა უკვე დღეს მინდა მადლობა ვუთხრა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა დიდ ნაწილს, რომელთა მეტ-ნაკლებად გამართულმა მუშაობამ გაამართლა ქართველი ამომჩევლის მოლოდინი. მაგრამ იყო დარღვევები და მსურს კიდევ ერთხელ განვაცხადო: საოლქო საარჩევნო კომისიებმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს დარღვევების არც ერთი ფაქტი, რომელიც დააფიქსირეს მეთვალყურეებმა, ჟრნალისტებმა, ამომრჩევლებმა. იმის მიუხედავად,რომ აშკარაა პროგრესი საარჩევნო პროცესის წარმართვაში, საჭიროა დღესვე დაიწყოს მსჯელობა იმაზე, როგორ მივუახლოვოთ ქართული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს. მსურს, საზოგადოების ყურადღება რამდენიმე საკვანძო საკითხზე შევაჩერო: საარჩევნო კანონმდებლობა საარჩევნო კანონმდებლობა დახვეწას მოითხოვს. საარჩევნო სუბიექტებს შორის, აგრეთვე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის არარსებობის ან ნაკლებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტმა გაართულა კანონმდებლობა, განსაკუთრებით კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამების ნაწილში, რითაც ნდობის არარსებობის ან ნაკლებობის კომპენსირებას შეეცადა. რთული პროცედურები, მით უმეტეს დაბალი კვალიფიკაციის მქონე საარჩევნო ადმინისტრაციისათვის, ძნელად შესასრულებელი გახდა, რაც არათუ ხელს არ უწყობს საარჩევნო სუბიექტებს შორის ნდობის აღდგენას, არამედ, პირიქით, ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება. 2004 წლის 4 იანვარს გაჩნდა გარკვეული ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურების გამარტივება კიდევ უფრო ეფექტურს გახდიდა არჩევნების ადმინისტრირებას. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება იმის მიუხედავად, რომ 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მზადების პროცესში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა რგოლმა, წინა გამოცდილებისაგან განსხვავებით, შედარებით ეფექტურად და კოლეგიალურად იმუშავა, საარჩევნო სუბიექტებს შორის და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი საზოგადოებრივი ნდობის ზრდას უთუოდ შეუწყობდა ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების იმგვარი წესის მიღება, რომ საარჩევნო ადმინისრაცია პოლიტიკურად უფრო დაბალანსებული ყოფილიყო. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე დიდად არის დამოკიდებული სახელმწიფო და პარტიული სტრუქტურების მკაფიო გამიჯვნა, რომ სახელმწიფოს ადმინისტრაციული რესურსები უკანონოდ არ იქნეს გამოყენებული რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიერ. მიმაჩნია, რომ ჩვენ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციის ჩამოყალიბების გზით უნდა ვიაროთ, მაგრამ 2004 წლის ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის პოლიტიკურ ძალთა უფრო პარიტეტულად წარმოდგენა ნამდვილად იქნებოდა წინგადადგმული ნაბიჯი. თავად საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში წარმოშობილმა სიძნელეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისია აიძულა, თავისი დადგენილებებით ნება დაერთო საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის, რომ მათ შეექმნათ სპეციალური ჯგუფები არჩევნების დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის დახმარების გასაწევად. სამწუხაროდ, ვერ შევძელით მკაფიოდ განგვესაზღვრა სპეციალურ ჯგუფებში მოქალაქეთა შერჩევის მექანიზმები, რამაც კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა ზღვარი საარჩევნო ადმინისტრაციასა და პარტიულ სტრუქტურებს შორის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის სრულყოფაზე. ამ პრობლემამ თავი იჩინა კენჭისყრის, ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესშიც, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დიდი სამსახური გაუწიეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ქვედა დონის კომისიების მომზადების საკითხში. ვფიქრობ, კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდება თავად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის აპარატს. სასიცოცხლოდ აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციის შიდა რეფორმები, განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიის აპარატის ეფექტური ადმინისტრაციული საქმიანობისათვის. ამომრჩეველთა სიები ამომრჩეველთა სიების ფორმირების წესის იმგვარად განსაზღვრა, როგორადაც ეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააკეთა 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული. საქართველოს მოქალაქეთა შესახებ სახელმწიფო უწყებების ხელთ არსებული ინფორმაციის არასრულყოფილებამ განაპირობა ის, რომ ქართველ ამომრჩეველს კვლავ მოუწია თავის ძალისხმევის ჩართვა ამ პროცესში. 2004 წლის გაზაფხულის ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა შეძლოს 2004 წლის 4 იანვრის ამომრჩეველთა ხელნაწერი სიების კომპიურეიზაცია და საარჩევნო რეგისტრაციის დამატებითი პერიოდის განსაზღვრა მხოლოდ იმ ამომრჩევლებისათვის, რომელთაც არც 15-27 დეკემბერს გაუვლიათ საარჩევნო რეგისტრაცია და არც 2004 წლის 4 იანვარს მოსულან საარჩევნო უბნებზე, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამომრჩევლად რეგისტირდა რიგგარეშე საპრეზიდენტი არჩევნების დღემდე ან არჩევნების დღეს, უნდა მივცეთ სრული გარანტია, რომ იგი ნამდვილად იქნება ამომრჩეველთა სიაში. ვიდრე საქართველოში არ მოწესრიგდება სამოქალაქო რეგისტრაციის საკითხი, პრობლემად დარჩება საარჩევნო რეგისტრაციის საკითხიც. ძირეული რეფორმა სამოქალაქო რეგისტრაციის სფეროი უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა გატარდეს. ამომრჩევლის მარკირება იმის მიუხედავად, რომ 2004 წლის 4 იანვარს ,,საარჩევნო კარუსელი” ანუ მრავალჯერადი ხმის მიცემა არ დაფიქსირებულა, ამომრჩევლის მარკირების პროცედურა, როგორც ,,საარჩევნო კარუსელისაგან” დამცავი მექანიზმი, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს 2004 წლის გაზაფხულის ხელახალ საპარლამენტო არჩევნებზე. ამის აუცილებლობას განაპირობებს ამომრჩეველთა სიების ფორმირებასთან დაკავშირებული სიძნელეები. თუმცა მასშტაბური არ ყოფილა, მაგრამ იყო ამომრჩევლის მხრიდან მარკირებისათვის თავის არიდების ერთეული ფაქტები. ეს იმდენად საუბნო საარჩევნო კომისიების არაკვალიფიციურობის ბრალი არ ყოფილა, რამდენადაც – საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებული უარყოფითი დამოკიდებულებისა ამომრჩევლის მარკირების პროცედურის მიმარ. ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს საინფორმაციო კამპანია მარკირების პროცედურის პოპულარიზაციისათვის. მედია მედიამ უდიდესი როლი ითამაშა ამომრჩევლის ინფორმირების და, ზოგადად, საარჩევნო პროცესის გაშუქების თვალსაზრისით, მაგრამ სასურველია, 2004 წლის გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნებისათვის მედია უფრო მეტად ნეიტრალური სახით წარდგეს ამომრჩევლის წინასე. თუმცა კანონი ამას ავალებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გააჩნია ადამიანური, ტექნიკური და ფინასური რესურსი მედია მონიტორინგის განსახორციელებლად. 2004 წლის გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნებისათვის რომც არ მოესწროს ამ სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება საარჩევნო ადმინისტრაციაში, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ საკითხს ნამდვილად სჭირდება მოწესრიგება. ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა არჩევნებში ერთადერთი, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ ეროვნული უმცირესობების ინფორმაციებისა და საარჩევნო პროცესში მათი უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით მოასწრო, ამომრჩევლის რეგისტრაციის ფორმების აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ხოლო საარჩევნო ბიულეტენების რუსულ ენებზე დაბეჭვდა იყო. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა საუბნო და საოლქო შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს 2004 წლის გაზაფხულის ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისა და ყველა მომდევნო არჩევნებისათვის. და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ქართველ ამომრჩეველს, საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო საზოგადოებას, ადგილობრივ მეთვალყურეებსა და ჟურნალისტებს იმისათვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ მათი დახმარებით შეძლო საქართველოში წინა არჩევნებისაგან განსხვავებული არჩევნების ჩატარება. |