|
|
|
24 საათი. 31 დეკემბერი. 2003წ . გვ. 2.
საქართველოს უშიშროების ექსმინისტრი ამომრჩეველს ამერიკელი იმიჯმეიკერების დახმარებით ესაუბრება. იმის მიუხედავად, რომ იგორ გიორგაძე საპრეზიდენტო არჩევნებს, დიდი ხანია, გამოეთიშა, მისი ამერიკელი კონსულტანტები იგორ გიორგაძეს პრეზიდენტობისათვის ამზადებენ.
სასტუმრო ,,შერატონ – მეტეხი პალასში” იგორ გიორგაძის მხარდამჭერებმა და ექს-მინისტრის იმიჯზე მომუშავე ამერიკული საკონსულტაციო ჯგუფ ,, Wi tman inside strategies” –ის წარმომადგენელებმა გიორგაძის წინასაარჩევნო კლიპების პრეზენტაცია მოაწყვეს.
დარბაზში იმყოფებოდა პრეზიდენტობის ორი კანდიდატიც – ზაზა სიხარულიძე და ზურაბ ქელხსაშვილი. სასტუმროში გამოჩნდა ქალბატონი ირინა სარიშვილიც, თუმცა პრეზენტაციას რატომღაც არ დასწრებია, ჟურნალისტების წინაშე კი მხოლოდ ის განაცხადა , რომ ,, მხარს უჭერს ყველა იმ ძალას, რომელიც მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივად უნდა ჩამოყალიბდეს”.
,, იგორ გიორგაძე უნდა დაბრუნდეს პოლიტიკურ სივრცეში, დღევანდელი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობა არ არის და ძალიან მალე საქართველოში დარწმუნდებიან, რომ ახალი პრეზიდენტი ვერ გაართმევს თავს იმ დაპირებებს, რომელიც მან მოსახლეობას მისცა. ეს კი, ჩვენი ვარაუდით, 10-12 იანვარს მოხდება, “ – ეს ამერიკელი გრეგ სტივენსის მოსაზრებაა, რომელიც იგორ გიორგაზის მხარდამჭერი ამერიკული პიარ-ჯგუფის წარმომადგენელია და რომელსაც ღრმად სწამს, რომ საქართველოს მოსახლეობა რვა დღეში აიცრუებს გულს ახალ ხელისუფლებაზე(?!).
ერთი სიტყვიტ, იგორ გიორგაძისაგან გმირის სექმნის საქმეში ამერიკული პიარ-ჯგუფის სპეციალისტები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან.
საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ ვინ აფინანსებს ასეთ ძვირადღირებულ პიარ-კომპანიას. მით უფრო, რომ თუკი იმავე გრეგ სტივენსს დავუჯერებთ, პროფესიონალ პოლიტტექნოლოგებს საკმაოდ სერიოზული შეკვეთა აქვთ მიღებული, რომელიც გიორგაძის გაპრეზიდენტებით უნდა დასრულდეს.
საქართველოში ჩამოსული სტივენსი უკვე დარწმუნებულია, რომ სრულიად ფლობს ინფორმაციას საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის თაობაზე და აცხადებს: ,, შესაძლოა, დღეს ბევრი საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი ჩემი განცხადებების მიმართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რიმ ის , რასაც მე ვამბობ, მალე რეალობად იქცევა”.
ამასთან, მზად არის ის სარეკლამო რგოლებიც, რომელიც ხალხს იგორ გიორგაძის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს და რომელიც, სიმართლე რომ ითქვას, საკმაოდ ბანალურად გამოიყურება. თუმცა, იგორ გიორგაძის მხარდამჭერები და ამერიკელი კონსულტანტები ამ კლიპებით კამყოფილები არიან. მით უფრო, ,,რომ მონტაჟი და ტექსტზე მუშაობა ვაშინგტონში მიმდინარეობდა.”
პრეზენტაციის დასრულების შემდგომ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ამერიკელი სპეციალისტები ან სრულიად არ ფლობენ ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ან, უბრალოდ, შეცდომაში არიან შეყვანილები იმ სოციოლოგიური კვლევებით, რომელსაც გიორგაძის მხარდამჭერები საკმაოდ ხშირად უფრიალებენ მედიის წარმომადგენლებს ცხვირწინ და რომლის ტანახმადაც, იგორ გიორგაზეს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი უჭერს მხარს.
თუმცა, გუშინ ერთი, საკმაოდ დამაფიქრებელი მესიჯი ამერიკელებმა ქართველებს მაინც გამოუგზავნეს. მართალია, სტივენსს, არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ ან რატომ უნდა გააწბილოს ქართველი ამომრჩეველი მიხეილ სააკაშვილმა სწორედ 10 ან 12 იანვარს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს თარიღი სიტყვის მასალად არ დასახელებულა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ არ არის გამორიცხული, იგორ გიორგაძის მხარდამჭერები იანვრის დასაწყისში რაღაც სერიოზული სვლებისთვის ემზადებოდნენ.
და ბოლოს: გუშინ იგორ გიორგაძის ბიძაშვილმა იგორ გიორგაძის მიმართვა წაიკითხა. ექსმინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს არცევნებზე მისვლას.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ ვის უნდა მისცენ ხმა ამ მინმართვის ადერესატებმა, რადგან თავად გიორგაძე კენჭს არ იყრის, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გიორგაძის ქართველმა და უცხოელმა მხარდამჭერებმა რატომღაც არ ისურვეს. |