ეთერ ბალაძე

"ახალი თაობა "  21 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 7,9.

 

 

"ჟვანიამ და სააკაშვილმა პოზიციები დათმეს"

ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

- ბატონო მამუკა, ქუჩის აქციები, რომელიც ამჯერად აღორძინებამ წამოიწყო ხელისუფლების მხარდასაჭერად, ხომ არ წაიყვანს მოვლენებს სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ?

- ხელისუფლება აშკარად ცუდ გზას დაადგა, თუ მათ სურთ, რომ ქვეყანაში ნორმალური სიტუაცია სუფევდეს, ქუჩის აქციები თვითმიზანი არ უნდა იყოს. საცოდავ მდგომარეობაშია საზოგადოება, რომელსაც არ აქვს სხვა გზა და იძულებული არიან გამოვიდნენ ქუჩაში.

- აღორძინება ხელისუფლების მხარდასაჭერად გამოდის, ამჯერად ნაციონალები გრანდიოზულ აქციას გეგმავენ და აცხადებენ, რომ მთელ საქართველოს დარაზმავენ, რომ არ შედგეს ეს პარლამენტი და გაყალბებული არჩევნების შედეგები არ იქნეს ცნობილი.

- ხელისუფლებამ არ მოაგვარა არჩევნების ნორმალურად ჩატარების საკითხი და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ წინააღმდეგობა იყოს, მაგრამ არც აღორძინება და არც ნაციონალები ამ დაპირისპირებაზე არ უნდა წამოეგონ.

- აღორძინება ასლან აბაშიძის გაპრეზიდენტებას ითხოვს, რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს აღორძინება ამ შემთხვევაში?

- ამჯერად ორი პროცესი მიმდინარეობს, პირველი, ეს არის ბრძოლა სტრატეგიული ადგილების დასაკავებლად არა მარტო პარლამენტში, არამედ ქუჩაში, პარლამენტი შედგება თუ არა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, სააკაშვილმა თუ ჟვანიამ დათმო პოზიციები, არ ვიცი რა მოხდა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება თუ სხვა რამ. მათ დათმეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

- ანუ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ვინც აკონტროლებს, ის იქნება პოლიტიკაში გამარჯვებული?

- შედგება თუ არა პარლამენტი, ამაზე არის დამოკიდებული, როგორ დამთავრდება არჩევნები ანუ გაიმართება თუ არა პირველი სხდომა. ოპოზიცია ხელისუფლებას პარლამენტის სხდომის ჩატარების უფლებას არ მისცემს. ხელისუფლებამ ეს არჩევნები აბსოლუტური გაყალბებით ჩაატარა და მიითვისა ხმები, თუ ხელისუფლებამ მაინც არ წავა დათმობაზე, მოვლენები ცუდად დამთავრდება.

- ნაციონალები და ბურჯანაძე-დემოკრატები გეგმავენ მასშტაბურ აქციას კანცელარიასთან, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს იქნება ოპოზიციის გადამწყვეტი ბრძოლა?

- ჩემთვის ძალიან გასაკვირია, როდესაც სააკაშვილმა მოხსნა მიტინგი, ახლა ძალიან ძნელია უპირატესობის მოპოვება.

- ხელისუფლება ნაციონალებს შეუთანხმდა რაიმეზე ან შეპირდა?

- აშკარად ჩანს, რომ რაღაც მოლაპარაკება მოხდა, მაგრამ ის მოთხოვნა, რომელსაც სააკაშვილი აყენებს, არის სისტემის შეცვლა, ამას მიემხრო საზოგადოება და მეც ამას მივემხრობი. შესაძლებელია დიდად არ მომწონდეს სააკაშვილი, მაგრამ ამ საკითხში მხარს ვუჭერ. შეგნებულად არ ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, თუ რატომ დაშალა 40 ათას კაციანი მიტინგი, ვფიქრობ, აქ რაღაც სტრატეგიული ჩანაფიქრი იყო. იმედი მაქვს, ახლა მაინც მოიქცევიან გონიერად ოპოზიციის წარმომადგენლები და შეძლებენ იმას, რაც გასაკეთებელია.

- სააკაშვილი არ წავა დათმობაზე და ხელისუფლებას აიძულებს დათმობაზე წასვლას?

- მინდა დავიჯერო ის, რომ მართალია, გუშინ გამოვიდა ეს ხალხი შევარდნაძის ფრთიდან, მაგრამ რაც მთავარია, გამოვიდა. მე თავად ვიდექი მიტინგზე და დავინახე, რომ მოსახლეობა აღფრთოვანებული არ იყო მაინცდამაინც სააკაშვილის ან სხვა ლიდერების გამო, არამედ ისინი მოითხოვდნენ ცვლილებებს. ერთხელ და სამუდამოდ ჩატარდეს არჩევნები, ცვლილებები აუცილებელია ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ გონიერება და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს.

- რატომ არ დაუჭირეს მხარი იგივე ცვლილებებს ლეიბორისტებმა და ახალმა მემარჯვენეებმა?

- ლეიბორისტებიც და ახალი მემარჯვენეებიც ხელისუფლების შტოს ნაწილია, მათგან ზოგმა ადრე დატოვა იგი, ზოგმა გვიან, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მათგან ზოგი ლოიალურია ხელისუფლების მიმართ, ზოგი აგრესიული, მაგრამ ერთი კი ფაქტია, ეს ადამიანები ცვლილებების მოთხოვნის დროს არ იყვნენ ხალხთან.

- მოხდება თუ არა ოპოზიციის შესვლა პარლამენტში და თუ არ მოხდება, საითკენ წავა ეს პროცესები, ხომ არ მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება, რომლითაც აშინებენ მოსახლეობას?

- ერთადერთი და მთავარი არის ის, რომ შევცვალოთ არსებული ყოფა, თუ დავრწმუნდებით და ამაში საზოგადოების უმეტესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ შევარდნაძე არაფრის გამკეთებელია არ არის. ოპოზიციური პარტიების მიზანი თავიანთი პოლიტიკური ცხოვრების გაუმჯობესებაა. ის, რომ ოპოზიციის ლიდერები საპრეზიდენტო კამპანიას იწყებენ, ამაში გასაკვირია არაფერია, მაგრამ პირად მდგომარეობაზე ზრუნვას, სჯობია საქმე ვაკეთოთ და ამის დროც მოვა. რაც შეეხება დაპირისპირებულ მხარეებს, დღითიდღე მძაფრდება, ძალიან კარგად იცის აღორძინებამ, რომ შევარდნაძის ნდობა არ შეიძლება და ისინი მოტყუებული არიან შევარდნაძისგან. შევარდნაძე კი მაქსიმალურად ცდილობს ამოქაჩოს ქულები აღორძინებისგან, არც ის არის გასაკვირი, რომ ნათელაშვილსა და ჟვანიას, ან სხვა ვინმეს, პრეზიდენტობა უნდა, მაგრამ თუ მათ სკამებს ვანაცვალეთ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე, ეს იმად არ ღირს. ქვეყანაში უნდა შეიქნას ისეთი სიტუაცია, რომ არ იყოს დესტაბილიზაციის საფრთხე.

- მიუხედავად ამისა, მაინც შედგება არჩევნები?

- სამწუხაროდ, მაინც შედგება, კიდევ ერთხელ მოტყუებული აღმოჩნდა ქართველი ხალხი. ხელისუფლება ეუბნება ხალხს, რომ საზოგადოება დაიყოს აგრესიულ ჯგუფებად, რომელიც შექმნის პრობლემებს, რაც აუცილებლად ცუდად დამთავრდება საქართველოსთვის.