|
|
|
პრაიმ-ნიუსი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 14 ნოემბერი. გვ. 2.
კანონი არ ითვალისწინებს მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვების გზით პრეზიდენტის გადაყენებას ბლოკი ,,ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე ,,პოლიტიკურ აქციას" უწოდებს პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების ინიციატივით, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვების დაწყებას. კანონი არ ითვალისწინებს მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვების გზით პრეზიდენტის გადაყენებას, - განუცხადა პრაიმ-ნიუსს ვახტანგ ხმალაძემ. მისი თქმით, ორგანიზაცია ,,მძლეველმაც" დაახლოებით მილიონი ხელმოწერა შეაგროვა, მაგრამ მას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.ხმალაძის განმარტებით, კანონის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შეიძლება მოხდეს გარდაცვალების, ნებაყოფლობით გადადგომის და იმპიჩმენტის შემთხვევაში. მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეიძლება დაიწყოს როდესაც 235 ადგილიან პარლამენტშიდეპუტატთა ერთი მესამედი ხელს მოაწერს განცხადებას აღნიშნული პროცედურის დაწყების თაობაზე და მასში მიუთითებს ამ მოთხოვნის კონსტიტუციურ საფუძვლებს - პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, სახელმწიფოს ღალატს ან სისხლის სამართლის დანაშაულს. იმისდა მიხედვით, თუ რა ბრალი აქვს წაყენებული სახელმწიფოს მეთაურს განცხადება წარედგინება საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოს, რომელიც თავის მხრივ თუ უარყოფს ამ ბრალდებას, იმპიჩმენტის პროცედურა შეწყდება, დადასტურების შემთხვევაში კი საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე დადგება და 157 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში, პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, - თქვა ხმალაძემ. |