|
ინტერ-პრესი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 5 ნოემბერი. გვ. 5.
,,კმარამ” თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო
ახალგაზრდულმა მოძრაობამ ,,კმარამ” თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. ,,კმარას” წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ.
მათი მტკიცებით, ხელისუფლების მხრიდან უამრავი დარღვევის, დაუზუსტებელი სიების და ძალადობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა და დემოკრატიულმა ოპოზიციამ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ხელისუფლება ვერ ეგუება საკუთარ მარცხს და უტიფრად ცდილობს დაუმალოს ხალხს არჩევნების ნამდვილი შედეგი.
,,კმარას” წარმომადგენლების განცხადებით, უკვე აშკარაა, რომ მიმდინარეობს ,,ხალხის მიერ გამოხატული ნების ქურდობა”, ხელისუფლება უპატიებელ დანაშაულს სჩადის და საკუთარ ხალხს ხიფათის წინაშე აყენებს. ,,საარჩევნო კომისიებში მოკალათებული პროფესიონალი გამყალბებლები – გოგი მიქანაძე, მამუკა გობეჩია, გივი კომახიძე, ნოდარ პაპუკაშვილი ურცხვად იპარავენ ოპოზიციის ხმებს და ცდილობენ გააყალბონ ხალხის არჩევანი” - აღნიშნავენ ,,კმარას” აქტივისტები. |