ვერიკო თევზაძე

,,24 საათი”. 26 ივნისი 2003 წ. გვ. A1-A2

 

 

 

 

,,კმარას აქტივისტებს უშიშროება უთვალთვალებს

 

,,კმარასრამდენიმე სტუდენტი-აქტივისტი აცხქდებს, რომ თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ისინი სწავლობონ, დადის უშიშროების თანამშრომელი და ფაკულტეტის დეკანისაგან მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებს.

 

კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობას, საქარტველოს კონსტიტუციის გარდა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი იცავს. კანონის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება ისეთი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება, რომელიც ადამიანის პილიტიკურ, რელიგიურ და სხვა მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს უკავშირდება. ოპერატიულ სამსახურებს მხოლოდ იმ ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული დანაშაულებრივ საქმიანობასთან.

           

,,თავისუფლების ინსტიტუტის პრესკლუბში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე ხშირად გაისმოდა იმის შესახებ, რომ აგენტურის ქსელი აქტიურად მუშაობს როგორც ცალკეული პიროვნებების, ასევე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაზე. ,,ყველას კარგად მოეხსენება, რომ მიტინგებსა და დემონსტრაციებზე უშიშროების ან შსს- კამერები დგას და ყველაფერი ფიქსირდება ვიდეოფირზე... ჩვენ ხშირად მოგვმართავს დამოუკიდებელი პროკავშირები, რომ უთვალთვალებენ, მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებენ,” – განაცხადა ,,თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა.

           

დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, თუკი ოპერატიული სამსახურების ხელში შემთხვევით მოხვდება ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას არ უკავშირდება, იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. ამის შესახებ გენპროკურორს ან მის უფლებამოსილ მოადგილეს ეცნობოს. როგორც გუშინდელ შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში მსგავსი ფაქტი ოფიციალურად არასოდეს დაფიქსირებულა.

           

,,უშიშროების სამინისტროდან, ამ უწყების დაუფინანსებლობის გამო, დიდ საფრთხეს ვერ ვგრძნობ, მაგრამ არსებობენ მდიდარი დაჯგუფებები და პიროვნებები, რომლებიც ძვირადღირებულ ტექნიკას ფლობენ და სხვათა საუბრებს ისმენენ. მაგალითად, კახა თარგამაძე მინისტრობის პერიოდშიც კი არ მალავდა თავის საქმიანობას და ხმამაღლა აცხადებდა ზეპირად ვიცი, რომელი დეპუტატი რას ამბობს სარკის წინ. მსგავსი მოსმენები ფრიდონ ინჯიასაც სჩვევია, - პარლამენტარ კობა დავითაშვილს არც კერძო პირთა მოსმენები უქმნის დიდ საფრთხეს, - პრინციპში, რასაც კერძო საუბრებში ვამბობ, მეორე დღეს ტელემაყურებელს ვაუწყებ. მისმინონ რაა...”

           

თავისუფლების პრესკლუბის შეხვედრაზე ყურადღება საკანონმდებლო ლაფსუსებზე გაამახვილეს. იურისტებმა აღნიშნეს, რომ ის საკანონმდებლო აქტები, რომელიც კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს, ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან. კონსტიტუციური რეფორმების და არასამთავრობო სექტორის ცენტრი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა. ცენტრის თანამშრომლებმა ,,პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონპროექტი წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორთა განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული პროექტი დეტალურად აწესრიგებს და იცავს ფიზიკური პირის პირად ხელშეუხებლობას. თუმცა, ამ კანონპროექტის მოქმედების სფერო არ ვრცელდება ოპერატიულ სამძებრო საქმიანობაზე და იმ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რომელიც მოწესრიგებულია სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ მოქმედი კანონით.