|
თამარ ხორბალაძე,,24 საათი”, 2003 წ. 6 ნოემბერი. გვ. A1-A2 კონტრშეტევის მცდელობაოპოზიციას კი სისხლის სამართლის საქმეების არ ეშინიასაქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, 11 საათისათვის დაგეგმილი მთავრობის სხდომა ჯერ 17 საათისთვის, შემდეგ კი – გაურკვეველი ვადით გადადო. ხელისუფლებას არ გამოუვიდა ,,იგნორირებისა” და ,,ვითომ აქ არაფერიას” თამაში, რომელიც სამშაბათს წამოიწყო, და ოთხშაბათს დილით გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოპოზიციისთვის წასაყენებელი ბრალდებების ჩამონათვალი და მის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა ,,შეათანხმა”. გუშინ უშიშროების საბჭოზე საქართველოს ხელისუფლებამ ,,აღმოაჩინა”, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა, თურმე, ,,ერთი მაჟორიტარი დეპუტატის” (ასე მოიხსენა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ნინო ბურჯანაძე) მიერ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაა.
უზურპაცია კი, თურმე, ასე არის ,,დაგეგმილი”: შევარდნაძე გადადგება, მისი მოვალეობის შესრულება პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს დაეკისრება, არჩევნები თავიდან ჩატარდება და... უზურპაციაც მოხდება. ეს სქემა-აღმოჩენა ჟურნალისტებს კახა იმნაძემ გააცნო უშიშროების საბჭოს საათნახევრიანი სხდომის შემდეგ. ლოგიკა მარტივია: არჩევნებს ვინც ატარებს, უზურპაციასაც ხომ ის ახდენს – ეს საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ ნამდვილად არავის მოეხსენება.
,,სიტუაციის გართულების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში გადაეცემა ყველა ის პირი, რომელიც დესტაბილიზაციაში მიიღებს მონაწილეობას,” – ამბობს ნუგზარ გაბრიჩიძე.
დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანი კი აცხადებს, რომ ,,თუ ვითარება გამწვავდა, ფინალი საკმაოდ მძიმე იქნება.”
“ხელისუფლება მზად არის, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება, რათა დაიცვას მოსახლეობის უსაფრთხოება. ჩვენ იმის ადეკვატურად ვიმოქმედებთ, თუ რა საფრთხე დაემუქრება მოსახლეობას. ცალკეულ განცხადებებში არის ხელისუფლების ძალადობით შეცვლის მოწოდება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს,” – აცხადებს ნარჩემაშვილი.
მინისტრის თქმით, “ვინც ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს აკეთებს, იმ პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.” მისივე ინფორმაციით, ამჟამად უკვე აღძრულია სისხლის სამართლის სამოცამდე საქმე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ).
მოკლედ, ხელისუფლება ოპოზიციური პროტესტის პასუხად, გუშინ კვლავ იმუქრებოდა – “ყველა ღონის გამოყენებით” და ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებით.
თავად კანცელარიასი კი, გარკვეული აზრით, ოპოზიციაზე გამარჯვებას “ზეიმობდნენ” – ეს იგრძნობოდა კანცელარიის მოხელეთა ჰონორშიც, მიმართვებშიც, განცხადებებშიც...
თუმცა, თავად სახელისუფლებო ძალის ლიდერებს, რომლებიც გუშინ აღმოჩნდნენ იმავე შენობაში, სამშაბათის მსგავსი ცინიკური “აღტკინება” აღა ეტყობოდათ – ვაჟა ლორთქიფანიძე გუშინ იმაზე საუბრობდა, რომ ოპოზიცია პროტესტის გამოხატვას ჩქარობს, რადგან ჯერ შედეგები ბოლომდე დათვლილი არ არის, ამ ეტაპისთვის კი ოპოზიციის შედეგები დამაკმაყოფილებელია.
ირინა სარიშვილი კი იმაზე წუხდა, რომ ხელისუფლება უუნარო და უპრინციპოა, ანუ იგი “ქმედითი ღონისძიებების” მიღებას არ ჩქარობს...
უშიშროებს საბჭოს სხდომის დამთავრების თანავე შს მინისტრი კანცელარიის მიღმა განლაგებული შინაგანი ჯარის ნაწილების ხელმძღვანელობას შეხვდა და ჩაფხუტებიანმა და ნიღბიანმა სამართალდამცველებმა, რომლებიც ფარებით იყვნენ შეიარაღებულები, კანცელარიის მთელი პერიმეტრი გაამაგრეს. მიმდებარე ქუჩებზე უკვე აღარ ატარებდნენ მოქალაქეებს, კანცელარიის შენობიდან გამოსულ ჟურნალისტებს კი ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს რაზეც უარი მიიღეს.
სამართალდამცველთა “მზადყოფნა” მას შემდეგ შესუსტდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი რუსთავში, ბურჯანაძე კი ქუთაისში მიემგზავრებოდა და საპროტესტო აქციის ვადაც საღამოს შვის საათამდე გადაიტანეს.
საღამოს შვიდ საათამდე კანცელარიაში აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსი გამოჩნდა. მან დაარღვია ტრადიცია და შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისათვის კომენტარი გააკეთა: “აშშ-ს ადმინისტრაცია და პირადად მე საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, ყველა ზომა მიიღოს იმისათვის, რათა ცესკო-მ და იმ ორგანოებმა, ვისაც ეს ევალება, ხმის დათვლის პროცესი დააჩქრონ,” – განაცხადა მან.
რიჩარდ მაილსის თქმით, ეს თხოვნა მან პირადად გააცნო პრეზიდენტს და მას იმედი აქვს, რომ ამერიკის ხელისუფლების ამ თხოვნას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს თბილისი ქუჩებში და საქრთველოს სხვადასხვა ქალაქებში, რიჩარდ მაილსის თქმით, “ხალხს ყველა უფლება აქვს მშვიდობიანი ფორმებით გამოხატოს თავისი აზრი, იქნება ეს ქუჩაში თუ პირადულ საუბრებში.”
მისი თქმით ის პირადად ესაუბრა როგორც ოპოზიციის, ასევე საქართველოს ძალოვანი უქყების წარმომადგენლებსაც და სთხოვა, რომ შენარჩუნებული იქნას სიმშვიდე და სიტუაციის გამწვავებას თავი აარიდონ.
მაილსის განცხადებით, აშშ-ს ადმინისტრაცია შეშფოთებულია 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ხარისხით და მიაჩნიათ, რომ ცესკო-მ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ობიექტურად იყოს დაჯამებული.
მაილსის გარდა, კანცელარიაში ხელისუფლების მიერ დანიშნული ცესკო-ს წევრები სტუმრობდნენ. მათ კომენტარები არ გაუკეთებიათ, ისე დატოვეს შენობა.
მთელი დღის განმავლობაში შენობაში სახელისუფლო ძალის ლიდერებიც “მოძრაობდნენ”.
საღამოს შვიდი საათვისთვის კანცელარიის პერიმეტრი შინაგანმა ჯარმა და პოლიციამ ისევ “გაამაგრა”. შენობის დერეფნებში კი უჩვეულო სიჩუმე გახლდათ დასადგურებული. |