|
|
|
შორენა კოწოწაშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 22 ნოემბერი. გვ. 2-4.
ლეიბორისტები პარლამენტში არ შედიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიერ წუხელ დაწყებული ხავერდოვანი და უსისხლო გადატრიალების პარალელურად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აკეთებს საგანგებო განცხადებას და ქართველ ერს მოუწოდებს არ დაუშვას სისხლისღვრა და არ ჩაერიოს იმ პროცესებში, რომელიც სამეულის - შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილის - მიერაა ჩაფიქრებული. შალვა ნათელაშვილი ეხმიანება იმ გულანთებულ ქართველებს, რომელთაც ბუნებრივად გაუჩნდათ არსებული რეჟიმის წინაღმდეგ პროტესტის გრძნობა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გარკვეულან იმ პროცესებში, რომლებიც რეალურად ვითარდება პოლიტიკურ სპექტრში. - ნაბან წყალს არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი შვილები, ეს ეპოქა, - ასეთია შალვა ნათელაშვილის შეფასება იმ პროცესებისა, რომლებიც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარდება ქვეყანაში. ნათელაშვილი აცხადებს, რომ შევარდნაძე, ჟვანია და სააკაშვილი სკამებისა და ფულების გადანაწილების გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამის ფონზე ცდილობენ, ერთმანეთს დაუპირისპირონ ქართველი ხალხი. ზემოთ აღნიშნულ ლიდერებს კი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, ამღვრეულ წყალში ღლავის დაჭერა სურთ. - სახეზეა სამოქალაქო ომის მცდელობის ინსცენირება. ეს არის ობიექტური ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვება ძალადობის განხორციელება, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი და ხავერდოვან რევოლუციურ გადატრიალებას უსაფუძვლოს უწოდებს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი არწმუნებს საზოგადოებას, რომ ხავერდოვანი რევოლუციები ისეთ ქვეყნებში არ ხდება, როგორიც საქართველოა. აქ ხდება სისხლისღვრა, დაპირისპირება. ამ ყველაფერზე კი ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, არავინ იცის. - ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, ეს სამეული, რომელმაც ქვეყანა დააქცია და ახლაც არ თმობენ სავარძლებს? - კითხულობს შალვა ნათელაშვილი და აინტერესებს, ვისი შვილების სიცოცხლით ვაჭრობენ ოპოზიციის ის ლიდერები, რომელთაც ათასობით ადამიანი გამოიყვანეს რუსთაველის პროსპექტზე და თავიანთი შვილები კი საზღვარგარეთ გაუშვეს. საგანგებო განცხადების პარალელურად შალვა ნათელაშვილი განმარტავს, რომ პოლიტიკაში სისხლი შეიძლება დაიღვაროს მხოლოდ ერთი მოტივით - ქვეყნის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში. დღეს კი არც ერთ მათგანთან არა გვაქვს საქმე. "არც ერთი გარემოება არ იძლევა სამოქალაქო კონფრონტაციის საფუძვლებს. ორი დაპირისპირებული მხარე დგას დღეს მიტინგზე. ვინმემ რომ გაისროლოს, ვინ აგებს ამაზე პასუხს?" - კითხულობს ნათელაშვილი და, მისი აზრით, რეალურ გამოსავალს სთავაზობს დაპირისპირებულ მხარეებს. რაც შეეხება ნათელაშვილისეულ გამოსავალს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს მიაჩნია, რომ მოქმედი პარლამენტი, რომელიც დღეს 4 საათზე ამთავრებს თავის მოღვაწეობას ბურჯანაძის თავმჯდომარეობით, უნდა შეიცვალოს ახალი პარლამენტით, რომელიც აუცილებლად უნდა შეიკრიბოს. "მიმაჩნია, რომ დღეს 4 საათზე აუცილებლად უნდა შეიკრიბოს ახალი პარლამენტი, ცნონ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება, აირჩიონ დროებითი თავმჯდომარე და ორშაბათს შევთანხმდეთ 150-წევრიან ახალი პარლამენტის არჩევაზე და მინისტრთა კაბინეტის შექმნაზე", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი და ელის ოპოზიციის ლიდერების გამოხმაურებას. მანამდე კი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გეგმავს დადგეს იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც გულანთებული ელის ქვეყანაში სახელისუფლებო ცვლილებას. - მე გულანთებული მომიტინგეების გვერდით დავდგები და არა იმ პარტიების ლიდერების გვერდით, რომლებიც ამ მიტინგს მართავენ, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. ასე რომ, საბედისწერო მიტინგის წინ შალვა ნათელაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ სადეპუტატო მანდატებისა და პორტფელების ხარჯზე არ დაზარალდეს ერი და არ დაიღვაროს სისხლი. ნათელაშვილს სწორედ ეს მიაჩნია ერთადერთ გამოსავლად შექმნილი ურთულესი ვითარებიდან. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ გამოსავალი უნდა დაისახოს პარლამენტის შეკრების შემდეგ. რაც შეეხება იმას, რომ ახალი პარლამენტი დიდი გაყალბების შედეგად დამტკიცდა, ეს ნათელაშვილმა კარგად იცის, თუმცა ისიც იცის, რომ ძველი პარლამენტიც ისეთი დიდი გაყალბებით იყო არჩეული, რომ მსოფლიო ლიდერებიც კი გაოცებულები დარჩნენ. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების - ჟვანია სააკაშვილი-ბურჯანაძის - დაუძინებელი პოლიტიკური მოწინააღმდეგე შალვა ნათელაშვილი კმაყოფილია იმით, რომ ჟვანია ვეღარასოდეს ჩაიგდებს ხელში უმთავრეს სავარძლებს. ნათელაშვილი ღიად აცხადებს, რომ ამას არასოდეს დაუშვებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოვლენები ქუჩაში არ განვითარდეს. ნათელაშვილი შიშობს, რომ ქვეყანაში არსებობს საქართველოს სექტორებად დაყოფის საფრთხე, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს გაეროს ჯარების ჩაყენება. აქედან გამომდინარე, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი წინააღმდეგია, რომ საპარლამენტო არჩევნების პროპორციული შედეგების განხილვა ქუჩაში მოხდეს და თანაც ასეთი მასობრივი გამოსვლებით. - ჩვენი ახალი ნაბიჯები ემსახურება ახალი პარლამენტის და ახალი პრეზიდენტის არჩევას უახლოეს პერიოდში. ამ განცხადებას იმიტომ ვაკეთებ, რომ ქუჩა განიმუხტოს, - აღნიშნა ბოლოს შალვა ნათელაშვილმა და საზოგადოებას შეახსენა, რომ შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილი უმაღლესი ხელისუფლები არიან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ბურჯანაძე არ გახდეს ქვეყნის პირველი პირი. რაც შეეხება იმას, შევა თუ არა თავად ლეიბორისტული პარტია ახალ პარლამენტში, როგორც მისმა ლიდერმა აღნიშნა, ლეიბორისტები პარლამენტში არ შევლენ.
|