|
თამარ ხორბალაძე,,24 საათი”. 2003წ. 21 ნოემბერი. გვ. A3. მღელვარება ხელისუფლებაში
სახელმწიფო კანცელარია, უკვე რამდენიმე თვეა, სახელისუფლებო-პოლიტიკური ვნებათაღელვის ეპიცენტრად იქცა. სწორედ აქ, ამ დღეებში საგანგებოდ დაცულ შენებაში ახმაურებენ, ძირითადად, სახელისუფლებო ზალის ლიდერები მთავარ პოლიტიკურ მესიჯებს და აქ, დახურულ კარს მიღმა იმართება შეხვედრები, რომელთა არათუ შინაარსი, არამედ თავად შედგომის ფაქტიც უკვე საკმაოდ მეტყველია.
რუსეთის ელჩი მოსალოდნელ გართულებებს წინასწარმეტყველებს
საერთოდ, რუსეთის ელჩმა ბოლო დღეებში ისევე მოუხშირა სახელმწიფო კანცელარიაში ვიზიტებს, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა – სატელეფონო ზარებს. ვლადიმერ ჩხიკვიშვილი გუშინ, ოფიციალური ვერსიით, კანცელარიის აპარატის უფროსთან, პეტრე მამრაძესთან ორი საათის განმავლობაში სტუმრობდა.
ელჩის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი გარკვეულ ზალადობაშიც გადაიზარდოს. ელჩმა ჩხიკვიშვილმა გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მას არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა არსებული ვითარების ანალიზი იმ ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.
მანვე განაცხადა იმის თაობაზეც, რომ ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობის გამო, ქართულ-ახაზური კონფლიქტის დარეგულირებასაც გარკვეული პრობლემები შეექმნა. ელჩის ინფორმაციით, 5 დეკემბრისთვის დაგეგმილი იყო საქართველოში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლების ჩამოსვლა, რომლებსაც აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები უნდა განეხილათ, თუმცა ქვეყანაში ,,გაურკვეველი” პოლიტიკური სიტუაციის გამო, შესაძლოა, ვიზიტი გადაიდოს. ამ განცხადებით ელჩმა, ფაქტობრივად, გააგრძელა ედუარდ სევარდნაძის მიერ ოთხშაბათს დაწყებული საინფორმაციო კამპანია, რომელიც აფხაზეთის უკვე მყარად გაყინული კონფლიქტის მოგვარებასაც ოპოზიციურ მიტინგებს ,,მიაწერს”.
მოსალოდნელი გართულებები – ეს საკითხი გუშინ კანცელარიაში საკმაოდ აქტუალური გახლდათ. ყველა ოფიციალური პირი თავს ვალდებულად თვლიდა, ,,მოსალოდნელი გართულებების” შესახებ გაეკეთებინა კომენტარი. შს მინისტრი კი ისევ საუბრობდა იმის თაობაზე, რომ ,,გზებს არ კეტავს, უბრალოდ, ტრანსპორტს ამოწმებს”. ნარჩემაშვილის თქმით, შს სამინისტროს აქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული ჯგუფების მიერ დესტაბილიზაციის მცდელობებს ექნება ადგილი. თუმცა, რა ჯგუფებია და რა დესტაბილიზაციაზეა საუბარია, ნარჩემაშვილი არაფერს ამბობს.
სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრიდან გამოსულმა გია ყარყარაშვილმა კი განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოქმედება გასცილდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს, პირადად ის და ,,ქართული ლიგა”, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს, შესაბამის ზომებს მიიღებენ. რა ზომებს, ყარყარაშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ იგი იარაღს არავითარ შემთხვევაში არ მოჰკიდებს ხელს.
ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებზე ალაპარაკებდნენ
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობაში არავითარი (!) ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავდა, არჩევნებიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ, აღმასრულებელ ხელისუფლებასი მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბარი ისევ ხელისუფლებამ დაიწყო – შესაძლო ,,კოალიციურ მთავრობაზე” მინიშნებები სახელისუფლებო ბლოკიდან პირველმა ვაჟა ლორთქიფანიძემ გააკეთა. კოალიციური მთავრობის იდეა კანცელარიაში დიდი წარმატებით ვერ სარგებლობს, თუმცა, გარკვეულ საკადრო ცვლილებებზე საუბარი მაინც აქტუალურია.
საკადრო ცვლილებების შესაძლებლობას და მიზანშეწონილობას გუშინ ხაზი გაუსვა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ: იგი მიესალმა გენერალური პროკურორის მოადგილის ბადრი ბიწაძის თანამდებობიდან გადადგომას. მისი თქმით, დროთა განმავლობაში საზოგადოება მიეჩვევა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში არ იმუშავებენ.
ამ საკითხს გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ანზორ ბალუაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ცვლილებების დრო დადგა და პრეზიდენტი ამ ცვლილებებს პარლამენტს წარუდგენს.
იგივე განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კახა იმნაძემ.
რჩეულიშვილის აზრით კი, ბიწაძისა და სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაციის ხელმძღვანელის ზაზა შენგელიას მსგავსად, არჩევანის გაკეთება ხვალ ხელისუფლებაში მყოფ კიდევ ბევრ მინისტრს მოუწევს.
,,სოციალისტური პარტიის” და სახელისუფლებო ბლოკის ლიდერის აზრით, აუცილებლად უნდა დაიწყოს ახალი პარლამენტის ფუნქციონირება და მის წინააღმდეგ, ვინც მისი მუშაობის შეფერხებას შეეცდება, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას.
სხვათა შორის, გუშინ მთელი დღის განმავლობაში კანცელარიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტთან მინისტრების შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა პრეზიდენტს გუშინ შეხვდა მხოლოდ კობა ნარჩემაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ცვლილებები მას არ შეეხება; სესილი გოგიბერიძეს კი, საათნახევრიანი ,,თბილი” საუბრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განცხადება დაუკმაყოფილა.
,,მრეწველები” სამართალს კანცელარიაში ეძებენ?!
მას შემდეგ, რაც ცესკო-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ,,მრეწველები” ხელისუფლებამ ისევე ,,გადააგდო”, როგორც თავის დროზე – ედპ, ,,მრეწველობის გადამრჩენი” პარტიის ლიდერები ჯერ არჩევნების არშედგომაზე ალაპარაკდნენ, მერე – სასამართლოში ჩივილით დაიმუქრნენ, მერე – სახელმწიფო კანცელარიაში გაბრაზებულები მივიდნენ და პრეზიდენტთან შესვლის წინ კომენტარებზე უარიც განაცხადეს. შეხვედრიდან გამოსული გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე, პარლამენტის მიღმა დარჩენილების პირობაზე, მეტისმეტად მხიარულად გამოიყურებოდნენ. მართალია, ბოლო დღეების ტრადიცია ,,მრეწველებმა” არ დაარღვიეს და ,,რუსთავი-2”-ს ინტერვიუ არ მისცეს, თუმცა, ჟურნალისტებთან საუბარში ძალიან მხიარულად უარყვეს, ხელისუფლებასთან გარიგების საკითხთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ვერსია.
რაც შეეხება თავად ვერსიებს – ვახტანგ რჩეულისვილმა გუშინ ჩვეულ ,,ხუმრობა-ხუმრობაში”, თუმცა – საკმაოდ სერიოზულად განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ,,მრეწველებს” აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისეთი სამეურნეო პოსტები შესთავაზეს, რომლებზე უარის თქმა, პარლამენტში მოხვედრილი პარტიებისთვისაც აშკარად ფუფუნება იქნებოდა. არსებობს ვერსია იმის თაობაზეც, რომ ,,მრეწველებს” გუშინ კანცელარიაში სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილების კონტურებიც მოუხაზეს, თუმცა ყველა ეს ვერსია, ჯერჯერობით, დაუდასტურებელი გახლავთ.
და ბოლოს, ედუარდ შევარდნაძის განკარგულების თანახმად, საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, ქვეყნის კონსტიტუციის 51-ე მუხლის საფუძველზე, 2003 წლის 22 ნოემბერს 16.00 საათზე გაიმართება. |