|
|
|
24 საათი. 2004წ. 7 იანვარი. გვ. 1-2. ოთხ იანვარს აჭარაში გამართული კენჭისყრის პროცესი ბევრად არ განსხვავდებოდა იმ საერთო ფონისგან, რომელიც ამ დღეს მთელ საქართველოში იყო შექმნილი. მიუხედავად მცირეოდენი დარღვევებისა, კენჭისყრის პროცესი ნორმალურად წარიმართა და მოსახლეობამ, ძირითადად, თავისუფლად შეძლო საკუთარი არჩევანის გაკეთება – ეს ის დასკვნაა, რომელიც ,,ახალგაზრდა იურისტთა” დამკვირვებლები ორგანიზაციამ მხოლოდ აჭარის მოსახლეობიდან შეარჩია. მათ მიერ გამოვლენილი დარღვევები კი, ძირითადად, ტექნიკური ხასიათის იყო. ეს განსაკუთრებით ქვედა დონის, ანუ საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოჩნდა, რადგან, როგორც ზაზა რუხაძე აცხადებს, კომისიის ძალიან ბევრმა წევრმა არ იცოდა კენჭისყრის პროცედურის წესი. ამასთან, ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა აჭარაში დაბალი იყო (ოფიციალური მონაცემებით, 27 პროცენტი), თუმცა, ზაზა რუხაძის თქმით, ეს იმის გამო მოხდა, რომ აჭარის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად ის რიცხვი დაასახელა, რაც ორი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოცხადდა – ანუ 288 752 ათასი. აქედან გამომდინარე, ზაზა რუხაძე მიიჩნევს, რომ ამომრჩეველთა ასეთი დაბალი აქტიურობა სწორედ ამ მაჩვენებელმა გამოიწვია. მისივე თქმით, აჭარაში მოსახლეობის წინასწარი რეგისტრაციის პროცესის დროულად გამართვის შემთხვევაში, აქტიურობის პროცენტული მაჩვენებელი აშკარად უფრო მაღალი იქნებოდა.
სხვათა შორის, ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი აღიარებს, რომ მოსახლეობის გარკვეულინ დაბნეულობა იმანაც გამოიწვია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი ,,აღორძინების კავშირმა” გამოუცხადა.
და მაინც - ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დამკვირვებელთა მისია აცხადებს, რომ აქტიურობა მაინც მაღალი იყო; განსაკუთრებით კი – შუახევის რაიონში, სადაც კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა 65-მა პროცენტმა მიიღო.
რაც შეეხება კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს: ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, აჭარელთა არჩევანი ასეთია:
ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მაღალი – 94,1 პროცენტი <<ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მოიპოვა. ყოფილმა რწმუნებულმა იმერეთში თემურ შაშიაშვილმა ხმების 2,8 პროცენტი მიიო, როინ ლიპარტელიანმა – 0,5 პროცენტი, ქართლოს ღარიბაშვილმა – 0,4, ზურაბ ქელეხსაშვილმა – 0,1, ხოლო ზაზა სიხარულიძეს ხმა ამომრჩეველთა 0,4 პროცენტმა მისცა. |