მაია მოსიაშვილი

,,24 საათი”. 2003 . 30 დეკემბერი. გვ. A2.

 

 

 

"მთავარია, ამინდმა არ დაგვაღალატოს"

რუსთავი არჩევნებისთვის მზადაა

რუსთავის N20- საოლქო საარჩევნო კომისიამ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადება თითქმის დაამთავრა. კომისიის თავმჯდომარის პაატა ტყეშელაშვილის თქმით, რუსთაველ ამომრჩეველთა წინასწარი რაოდენობა 40 026 კაცია. 2 ნოემბრის არშემდგარ არჩევნებზე ეს ციფრი გაცილებით დიდი იყო და 72 ათასს შეადგენდა. "სიები შეძლებისდაგვარად გამოსწორებულია და, რაც მთავარია, მათში ნამდვილად აღარ იქნებიან .. "მკვდარი სულები". რუსთავი სულ 47 ათას ბიულეტენს მიიღებს," - განუცხადა "24 საათს" ტყეშელაშვილმა.

ბოლო ათი წლის მანძილზე რუსთაველ ამომრჩეველთა ოფიციალური რაოდენობა ყოველ არჩევნებზე სხვადასხვა იყო და იმის მიხედვით იცვლებოდა, რამდენად სჭირდებოდა ხელისუფლებას ხმებით მანიპულირება. რუსთავში ამომრჩეველთა ასეთი დაბალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე არც ერთი არჩევნები წინასწარ მთლიანად არ დაფინანსებულა. როგორც რუსთავის საოლქო კომისიაში აცხადებენ, მათ უკვე სრულად მიიღეს მთელი თანხა, დაახლოებით, 83 ათასი ლარი, რომელშიც 54 საარჩევნო უბნის გათბობის საზღაურიც კი შევიდა.

წინასწარი ვარაუდით, საპრეზიდენტო არჩევნები რუსთავში ზედმეტი ვნებათაღელვის გარეშე ჩაივლის. ამის ერთ-ერთი და მთავარი მიზეზი ის იქნება, რომ საარჩევნო კომისიებში სრული პოლიტიკური იდილიაა და განსხვავებული პოზიციის "დეფიციტიც" სახეზეა. დღეისათვის რუსთავში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც "ნაციონალებისა" და "დემოკრატების" უმრავლესობით დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიის მუშაობას გააკრიტიკებდა ან მის წინააღმდეგ გამოვიდოდა. არსად ჩანან ხმაურიანი და მობოიკოტე "ლეიბორისტები", საპნის ბუშტივით გამსკდარ ყოფილ სახელისუფლო ბლოკზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მათ ცენტრალურ ოფისში ბოლო დროს კვლავაც ხალხმრავლობა შეიმჩნევა, თუმცა რამდენად უკავშირდება ეს შეკრებები კარსმომდგარ არჩევნებს, უცნობია.

ოპოზიციიდან საუბნო კომისიების შემადგენლობაში ვერ შევიდნენ "დემოკრატიული აღორძინების" წარმომადგენლები, რადგან ამ პარტიამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი მაშინ გამოთქვა, როცა უბნების დაკომპლექტება კარგახნის დასრულებული იყო. "მთავარია, ამინდმა არ დაგვაღალატოს, სხვა პრობლემა არ არსებობს," - ამბობს რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.