შორენა მარსაგიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 22 ნოემბერი. გვ. 3.

 

 

 

მთავრობის გამოცვლა აუცილებელია

ინტერვიუ ვაჟა ლორთქიფანიძესთან

- როგორ ფიქრობთ, შეიკრიბება თუ არა 2003 წლის მოწვევის პარლამენტი?

- ახალი პარლამენტი აუცილებლად უნდა შედგეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა შედეგები. კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ სხდომა დღეს გაიმართოს. პარლამენტმა მუშაობა აუცილებლად უნდა დაიწყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში მოისპოს ეს გაურკვეველი სიტუაცია. ამ სიტუაციის აღმოფხვრა მოითხოვს ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული ცვლილებების გატარებას, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ამ კრიზისიდან. ეს ცვლილებები კი ვერაფრით ვერ დაიწყება, თუ საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებას არ დაიწყებს. მე იმედი მაქვს, რომ დღეს სხდომა გაიმართება.

- რადიკალური ოპოზიცია კი აცხადებს, რომ პარლამენტში არც თავად შევლენ და არც სხვებს შეუშვებენ.

- ეს უკვე ძალადობაა. რას ნიშნავს, პარლამენტში არ შეგვიშვებენ?! თუ თავად არ უნდათ, ნუ შემოვლენ, მაგრამ არავის აქვს უფლება, მე დამიშალოს სადმე შესვლა. ამ შემთხვევაში უკვე კანონიერებაზე და სამართლიანობაზე ზედმეტია ლაპარაკი, რადგანაც მე თავად უნდა გადავწყვიტო, შევიდე თუ არა პარლამენტში. მე, პირადად, მიმაჩნია, რომ უნდა შევიდე პარლამენტში, რადგანაც ვთვლი, რომ სამართლიანად ვარ არჩეული. ჩემი და ჩემი ბლოკის უფლებამოსილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცნო. ასე რომ, მთლიანად ჩემი გადასაწყვეტია, მივიღებ თუ არა ამ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას. თუ უნდათ, რომ არ მივიღო ამ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა, მაშინ სხვა ფორმით მომმართონ, ან მომიწოდონ, ან მთხოვონ, როგორ შეიძლება, რომ პარლამენტში არ შემიშვებენ. არავის არა აქვს იმის უფლება, ვინმე პარლამენტში არ შეუშვას.ასეთი რამეების გაკეთება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი.

- იმ სიტუაციამ, რომელიც ახლა თბილისშია შექმნილი, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს?

- თუ ასე გაგრძელდება, კარგი არაფერი მოხდება. ამ სიტუაციაში ყველაზე საშიში არის ის, რომ არსებობს პროვოკაციის საშიშროება.

- პროვოკაცია ვისი მხრიდან არის მოსალოდნელი?

- ამის მსურველები არიან როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ამიტომ ხელისუფლებას დიდი ყურადღების გამოჩენა მართებს. შექმნილ სიტუაციაზე პირველ რიგში მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ასეთივე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ აქციის ორგანიზატორებმა, რომლებიც დღეს სხვადასხვა აქციებს მართავენ.

- ზემოთ თქვენ რადიკალურ ცვლილებებზე ისაუბრეთ. მხედველობაში მთავრობის შეცვლა გქონდათ?

- მთავრობის გამოცვლა აუცილებელია. თუმცა პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევქმნათ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის ახალი მოდელი. ამის გარეშე ვერც ეკონომიკა განვითარდება, ვერც ხელფასები და პენსიები დარიგდება, ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ. ასევე გლობალურად არის შესაცვლელი ქვეყნის მართვის სისტემა. შემოღებულ უნდა იქნას მინისტრთა კაბინეტი. უნდა ვიცოდეთ, რა უფლებამოსილებით ისარგებლებს მთავრობა. ასევე უნდა განისაზღვროს ცენტრისა და რეგიონის უფლებამოსილებანი, რომლის გადაწყვეტის გადადებაც არ შეიძლება. ასევე საჭიროა რეფორმების გატარება. დღეს იმიტომ ვართ ასეთ ცუდ დღეში, რომ რეფორმა ბოლომდე არ მივიყვანეთ და შუა გზაზე გავაჩერეთ. რაც შეეხება მთავრობას, ის კოალიციური პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს. 1992 წელს ბევრი საყვედური მივიღე იმის გამო, რომ შევქმენი პრეზიდენტის აპარატის სამსახური. მაშინ მთავრობაში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი გვყავდა.

- ამ ეტაპზე შესაძლებლად მიგაჩნიათ, მთავრობა ასეთივე პრინციპით დაკომპლექტდეს?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საერთო ენა გამოვნახოთ. არაფრით არ შეიძლება ისეთი ტერმინოლოგიებით საუბარი, როგორც დღეს საუბრობენ. ამიტომაც უნდა დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. სხვა გზა და ხსნა არ გაგვაჩნია.

- გუშინ ამერიკის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს უარყოფითად აფასებს. რა შეფასებას მისცემთ აღნიშნულ განცხადებას?

- მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს განცხადება თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გააკეთა. ის, რაც ითქვა, ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ გაკეთებული კომენტარია. ოფიციალურ განცხადებასა და კომენტარს შორის კი ძალიან დიდი სხვაობაა.

- რაც შეეხება თავად განცხადების შინაარსს, ამას როგორ უყურებთ?

- იმ განცხადებაში მითითებულია, რომ არჩევნების დროს გარკვეული ხარვეზები იყო, რასაც არც არავინ უარყოფს, მაგრამ, ამის მიუხედავად, არჩევნები მაინც შედგა. მსგავსი განცხადებები იმას კი არ ემსახურება, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს, არამედ იმას, რომ ანალოგიური დარღვევები საპრეზიდენტო არჩევნების დროს აღარ გამეორდეს.

- წინასაარჩევნოდ ყველა პოლიტიკური პარტია აფხაზეთის პრობლემის მოგვარების პირობას დებდა. ახლა კი ეს თემა აღარავის ახსოვს და, როგორც ამბობენ, ამ ყველაფერმა ეს კუთხე შეიძლება სულ დაგვაკარგვინოს.

- რაც უფრო დიდია შიდააშლილობა, სახელმწიფო სტრუქტურების მოშლა, მით უფრო იზრდება იმის შანსები, რომ ეს კუთხე დაიკარგოს. ამიტომაც დღეს არაფრით არ შეიძლება რაღაც ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე საუბარი. მართალია, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს თითქოს შევარდნაძის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს. სხვანაირად ვერ შევაფასებ იმ მოწოდებებს, რომლითაც ისინი გამოდიან. როგორ შეიძლება, ბავშვებს მოუწოდო, არ ისწავლონ, ექიმს უთხრა, ავადმყოფს არ მიხედოო. ასეთ ვითარებაში ქვეყანა სუსტდება, რაც ყველაზე მეტად სეპარატისტებს უხარიათ. მათზე ბედნიერი დღეს არავინ არის და დღეს ისინი იმას ნატრობენ, ეს სიტუაცია რაც შეიძლება მეტ ხანს გაგრძელდეს. ამან კი შეიძლება აფხაზეთი დაგვაკარგვინოს, რაც დაუშვებელია. ახალ პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. წინა მოწვევის პარლამენტში აფხაზეთის თემამ არაერთხელ წამოიწია, თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციას აფხაზეთი მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, როცა ქულების მოგროვება სჭირდებოდა. ახალმა პარლამენტმა აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით უფრო სერიოზულად უნდა იმუშაოს და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც სერიოზულად უნდა მოსთხოვოს პასუხი. ასევე უნდა გამოვხატოთ ჩვენი მძაფრი დამოკიდებულება გაეროს მიმართ, რომელიც, სამწუხაროდ, განსხვავებულად უდგება კონფლიქტებს ევროპასა და კავკასიაში. კონფლიქტების დისკრიმინაცია კი არ შეიძლება. გაერომ რომ თავისი დამოკიდებულება შეიცვალოს, ამაზე აქტიურად უნდა იზრუნოს ახალმა პარლამენტმა. იმედი მაქვს, პარლამენტი შეიკრიბება და სერიოზულად დაიწყებს მუშაობას.

- დღეს თუ სხდომა გაიმართება, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევაც არის დაგეგმილი. თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი თქვენც ხართ. ამასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?

- პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე უამრავი ადამიანია დასახელებული. ახლა მთავარია, პარლამენტი შეიკრიბოს და მერე გაირკვევა, ვინ იქნება თავმჯდომარე.

- თუმცა ამბობენ, რომ ყველაზე მეტი შანსი თქვენ გაქვთ.

- ახლა ამაზე არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ.