შორენა მარსაგიშვილი  

"ახალი თაობა "  20 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 3,6.

 

 

 

მე ისევ ანტიშევარდნაძისტი ვარ

 ინტერვიუ ჯემალ გოგიტიძესთან

- ბატონო ჯემალ, თუ კარგად მახსოვს, სულ რამდენიმე თვის წინ თქვენ საშინელი ანტიშევარდნაძისტი იყავით...

- ახლაც ანტიშევარდნაძისტი ვარ.

- ანტიშევარდნაძისტი როგორ ხართ, როცა მის მხარდასაჭერ მიტინგებს ატარებთ?

- მე არავის მხარდამჭერ მიტინგს არ ვატარებ. რაც შეეხება ამ აქციას, ეს არის სანქცირებული აქცია. მოსახლეობა აქ საკუთარ არჩევანს იცავს. რაც შეეხება შევარდნაძეს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის სუსტი მმართველი. მან ჟვანიასთან და სააკაშვილთან ერთად ქვეყანა მიიყვანა დანგრევის პირას, მაგრამ ისევე, როგორც ჟვანიას გადადგომა არ მომითხოვია, მან თავად დაწერა განცხადება წასვლის შესახებ. ასევე არ მომითხოვია და არც მოვითხოვ შევარდნაძის გადადგომას.

- რატომ, იმედი გაქვთ, რომ ისიც ჟვანიასავით თავად დაწერს განცხადებას გადადგომის შესახებ?

- შევარდნაძე არავითარ შემთხვევაში საკუთარი ნებით არ დაწერს განცხადებას გადადგომის შესახებ. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ვადის ამოწურვამდე დარჩეს თავის თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუკი მისი ძალით დამხობა მოხდება, ქვეყანაში შეუქცევადი პროცესები დაიწყება. მე, პირადად, მირჩევნია, შევარდნაძე კიდევ წელიწადნახევრის განმავლობაში იყოს პრეზიდენტი, ვიდრე მერე სამუდამოდ ჟვანია-სააკაშვილებმა ანგრიონ საქართველო.

- რატომ გგონიათ, რომ ჟვანია და სააკაშვილი ქვეყანას დაანგრევენ?

- იმიტომ მგონია, რომ მაგათ არაფერი უკეთებიათ. მათ ისევე მიუძღვით ბრალი ქვეყნის ძარცვა-გლეჯაში, როგორც შევარდნაძეს. ისინი მოსახლეობას ჰპირდებოდნენ ბევრ რამეს, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ. ისინი ყველანი ერთად იყვნენ და ერთად აყალბებდნენ ყველა დონის არჩევნებს. მათ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებიც კი გააყალბეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, არ ვენდოთ როგორც ძველ, ასევე ახალ შევარდნაძეებს ანუ ჟვანიას და სააკაშვილს.

- კი ამბობთ, რომ ძველ შევარდნაძეს არ ენდობით, მაგრამ ამ მიტინგიდან ჩანს, რომ მას ენდობით.

- ვინ თქვა, რომ ვენდობით? ჩვენ, უბრალოდ, აქ იმიტომ ვდგავართ, რომ თავს ვალდებულად ვთვლით, კონსტიტუციას პატივი ვცეთ. მისი დაცვა კი განსაკუთრებით იმ ხალხს მოეთხოვება, რომლებმაც შექმნეს და დაამტკიცეს საქართველოს კონსტიტუცია. სხვისი არ ვიცი და ჩვენ ამ კონსტიტუციით დაწესებულ ნორმებს დავიცავთ.

- ეს რას ნიშნავს?

- ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც სააკაშვილი ითხოვს მისთვის დაუმსახურებელ პირველ ადგილს, ჩვენ სრულიად კანონიერად ვიცავთ ჩვენს ხმებს.

- გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, აღორძინება საქართველოს პრეზიდენტისგან მთავრობაში რამდენიმე ადგილს ითხოვს...

- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება.

- მიხეილ სააკაშვილი კი ირწმუნება, რომ აღორძინება შევარდნაძეს უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრების სკამებს სთხოვს...

- სააკაშვილი რას ამბობს, თვითონაც არ იცის. აღორძინება არასდროს არ ითხოვდა სკამებს. სკამებს და მინისტრების სავარძლებს სააკაშვილი ითხოვდა და ითხოვს.

- ისე, რატომ არ ითხოვს აღორძინება სკამებს?

- არც ჩემთვის და არც მთელი აღორძინებისთვის სკამი არ არის უმთავრესი. მე სკამი რომ მდომებოდა, რაღაც თანამდებობას აუცილებლად მივაღწევდი. ასევე მოიქცეოდნენ აღორძინების სხვა წევრებიც. ჟვანიას და სააკაშვილის გუნდის წევრები კი ადრე იყვნენ მთავრობაში და, თავგადაკლული ოპოზიციონერობის მიუხედავად, მათ წევრებს ახლაც უკავიათ საპასუხისმგებლო პოსტები. ამ თანამდებობებმა ისინი ვერ დააკმაყოფილა და ახლა უფრო დიდი ამბიციების დაკმაყოფილებას ითხოვენ. მაგრამ არ გამოუვათ, რადგანაც ისედაც ბევრი რამ მიიღეს დაუმსახურებლად. მათ ამ მიზნის მიღწევაში ძალიან ბევრი ფულიანი ადამიანი ეხმარება. ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, სახელმწიფოებრიობა რომ გადავარჩინოთ, საღი ძალები ერთად უნდა დავდგეთ.

- რა უნდა გააკეთონ ამ საღმა ძალებმა?

- ის უნდა გააკეთონ, რომ არ დაუშვან, გარე ძალებმა თავს მოგვახვიონ ისეთი რამ, რაც ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია.

- და საღი ძალა ის იქნება ალბათ, ვინც თქვენ დაგიჭერთ მხარს, არა?

- რა თქმა უნდა. ვინც ჩვენ გვერდით დადგება, ის ჭეშმარიტად საღი ძალა იქნება.

- სააკაშვილი რომ მოვიდეს თქვენთან, იმასაც საღ ძალად ჩათვლით?

- რა თქმა უნდა. თუ მიხეილ სააკაშვილი მოვა და იტყვის, რომ იგი მეტ გრანტებს აღარ შეჭამს, არ გამოვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო მიმართვებით, მოითხოვს, კონსტიტუციურ ვადაში ჩატარდეს არჩევნები, ბუნებრივია, მასაც ვაპატიებთ და გვერდში დავუდგებით.

- იმ შემთხვევაში როგორ მოიქცევით, თუ სააკაშვილი პარლამენტის შენობის წინ სხვა განზრახვით მოვა?

- როგორ უნდა მოვიქცეთ? იმ შემთხვევაში, თუ მარჯვენა ლოყაში ხელს ვინმე შემოგვარტყმას, მარცხენას ნამდვილად არ მივუშვერთ.

- ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხის დაბრუნებას არ მოერიდებით?

- ბუნებრივია. პასუხს დავუბრუნებთ და ძალიან მწარედაც. ამ ნაბიჯით საკუთარ თავსაც დავიცავთ და საქართველოსაც.

- მერე ამან ხომ შეიძლება, საქართველო სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს?

- მათ საქართველო სამოქალაქო ომამდე ნამდვილად მიჰყავთ, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

- რა გზით?

- იმ გზით, რომ იმ ძალებს დავამუხრუჭებთ. ჩვენ შესანიშნავად ვიცით, რომ ეს ხალხი ყველაფერზე წავა, მაგრამ, თუ ისინი ამას იკადრებენ, ჩვენც ყველაფერზე წავალთ.

- რას ნიშნავს ყველაფერზე წახვალთ?

- ხომ გითხარით უკვე, რომ ლოყის მიშვერას არ ვაპირებთ, თუმცა, ისიც ვიცით, რომ, თუ რამე მოხდება, ყველაფერი ლოყაში გალაწუნებით არ დამთავრდება. შესაძლოა, აქ სროლაც იყოს.

- ამ შემთხვევაში თქვენ რას იზამთ?

- ჩვენ ვისვრით.

- ყვავილებს?

- თუ ყვავილებს გვესვრიან, ჩვენ ყვავილებს ვესვრით, მაგრამ, თუ სხვა რამეს გვესვრიან, მაშინ ჩვენც იმავეთი ვუპასუხებთ.

- აბა, ზემოთ რომ თქვით, მშვიდობის დაცვა გვინდაო, ასე როგორღა დაიცავთ მშვიდობას?

- ჩვენ მშვიდობა გვინდა, მაგრამ საკუთარ თავს ნამდვილად დავიცავთ. თუმცა, ისე არავის ეგონოს, რომ გამოსავალი არ არსებობდეს, თუ მონდომება იქნება, გამოსავალიც მოიძებნება.

- თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

- შეიკრიბება პარლამენტი და ყველაფერი მოგვარდება. ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ისე მოუვიდა, როგორც იმ კატას, პარასკევს რომ ვერ შესწვდა ძეხვს. ჟვანია და სააკაშვილი ამტკიცებდნენ, ხალხს ჩვენზე მეტად აღარავინ უყვარსო, არჩევნებმა კი სხვანაირი შედეგები აჩვენა.

- რატომ სხვანაირი, ფაქტია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საკმაოდ ბევრი ხმები მოიპოვა არჩევნების დროს.

- არავითარი მომხრეები მაგათ არ ჰყოლიათ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ აყალბებდნენ ისინი არჩევნებს. სხვათა შორის, დადგენილი ფაქტია ისიც, რომ ჯარს და პოლიციას დავალებული ჰქონდათ, ხმა სამთავრობო ბლოკისა და ნაციონალური მოძრაობისთვის მიეცათ.

- პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე უკვე დასახელებულია სამი კანდიდატი. როგორც ამბობენ, სპიკერობის შანსი ვაჟა ლორთქიფანიძეს, ნიკო ლეკიშვილს და ჯემალ გოგიტიძეს აქვთ...

- ამის შესახებ არაფერი ვიცი. თუ სიმართლე გინდათ, მკითხაობის სურვილიც არა მაქვს.

- სპიკერობის სურვილი თუ გაქვთ?

- არა. მე რეალისტი ადამიანი ვარ და ვიცი, სპიკერი რომ გახდე, მარტო სურვილი არ არის საკმარისი. საჭიროა სათანადო მხარდაჭერაც.

- მას შემდეგ, რაც აღორძინება და სახელისუფლებო ბლოკი დაძმობილდით, ამის პრობლემა, წესით, არ უნდა გქონდეთ.

- ეს ასეთი მარტივი თემა არ არის. სპიკერობას რაც შეეხება, ეს თანამდებობა ნამდვილად არ მინდა.

- თუმცა თქვენ ერთხელ ძალით აიჭერით სპიკერატში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიც დაიკავეთ. გამოდის, რომ მაინც გქონიათ სპიკერობისაკენ მიდრეკილება.

- სპიკერატში მართლაც ძალით ავედი, მაგრამ, იქიდან რომ გადმოვიხედე, კინაღამ გული გამისკდა, ისეთი ცუდი სანახავი იყო სხდომათა დარბაზი. სპიკერობა თუნდაც ამიტომ არ მინდა და ახლა ამ თანამდებობაზე ფიქრის დრო არც არის. ახლა ყველამ უნდა ვიცხოვროთ ერთი ლოზუნგით - "საქართველო ძალადობის გარეშე!"

- გულწრფელად გვითხარით, აღორძინებას რამდენად აქვს ამ ლოზუნგის წამოყენების მორალური უფლება?

- თუ ვინმეს აქვს ამ ლოზუნგის წამოყენების უფლება, ეს არის აღორძინება.

- თუმცა, მას შემდეგ, რაც 22 და 23 ოქტომბერს ბათუმში ნაციონალურ მოძრაობას დამართეთ, ამაზე საუბარი უხერხულია.

- ის, რაც მაშინ ბათუმში მოხდა, თავიდან ბოლომდე მათი ბრალი იყო. ჩვენ მათ მივეცით უფლება, ჩაეტარებინათ მიტინგი ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ არავის აქვს უფლება, მიტინგი ჩაატაროს იქ, სადაც ავტონომიის მეთაურის რეზიდენციაა განთავსებული. მათ კი იქ მოინდომეს მიტინგის ჩატარება და ამას მოჰყვა ის ინციდენტი, რომელიც თავიდან ბოლომდე ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო ინსცენირებული.

- დავით ბერძენიშვილის ცემის ფაქტზე რას იტყვით?

- ის არავის უცემია. ჩვენ ხელთ გვაქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მან სპეციალურად გაიყოლა ჟურნალისტები და ჩოლოქზე საკუთარ მომხრეებს აცემინა თავი.

- ამის დაჯერება ცოტა ძნელია. როგორ შეიძლება, კაცმა თავი შენი ნებით გაალახვინო?

- ეს არ შეიძლება, მაგრამ ბერძენიშვილი მაზოხისტია და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

- იმ ინციდენტის შემდეგ ბერძენიშვილმა თქვა, გოგიტიძე თბილისში ვერ ჩამოვაო. იმის მერე თბილისში მართლაც სამი თვის შემდეგ ჩამოხვედით...

- ამით იმის თქმა გინდათ, რომ შემეშინდა? მე არავისი მეშინია, მით უმეტეს ბერძენიშვილის. თბილისში მაშინ ჩამოვალ, როცა ამის საჭიროება იქნება.