საქართველოს რესპუბლიკა. 2003წ. 27 ნოემბერი. გვ. 1-2.

 

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს

,,ნაციონალებმა და ,,ბურჯანაძე-დემოკრატებმა” საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში თავის კანდიდატად ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დაასახელეს. ეს განაცხადა 26 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის  მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ. ბრიფინში მონაწილეობდნენ აგრეთვე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია.

           

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, დემოკრატიისთვის ბრძოლა დამთავრდა ქართველი ხალხის გამარჯვებით. ,, ჩვენ გვინდა, რომ ახლა ასევე ერთად ხელჩაკიდებულებმა გავაგრძელოთ ბრძოლა საქართველოს მომავლისათვის. ეს კი გარკვეულწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოესი კვირეების განმავლიბაში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთად ავაშენოთ დემოკრატიული, ღირსეული, ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული საქართველო”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და იქვე დასძონა, რომ ,, ნაციონალები” და ,,დემოკრატები” პრეზიდენტის და პარლამენტის მომავალ არჩევნებში ერთ გუნდად გამოვლენ, ექნებათ ერთიანი სია. ნინო ურჯანაძემ თქვა, რომ ეს გუნდი ერთად განახორციელებს კონსტიტუციურ ცვლილებებს, სერიოზულად შეცვლის მმართველობის სისტემას.

           

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებისათვის. მან განსაკუთრებით აღინიშნა მიმდინარე პროცესებში ნინო ბურჯანაძის წვლილი და თქვა, რომ მისი სახელი ახალ სახედ იქცა რევოლუციურ საქართველოში ნინო ბურჯანაძე მომავალ პარლამენტის არჩევნებში ,, ნაციონალებისა” და ,,ბურჯანაძე – დემოკრატების” ერთიან საარჩევნო სიას ჩაუდგება სათავეში. მიხელ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის ეპოქა უნდა დასრულდეს და ქვეყანა კრიზისიდან კოლეგიალურმა მმართველობამ უნდა გამოგვიყვანოს. მიხეილ სააკაშვილი უმთავრეს ამოცანად ასახელებს ურთიერთობის მოგვარებას ყველა რეგიონთან, მათ შორის აჭარასთან . მისი განცხადებით, ურთიერთობა უნდა მოგვარდეს ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით რუსეთთან. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მათ აქვთ დასავლელი მეგობრების დახმარების იმედი, რისი გარანტიაც უკვე მიიღეს. მისივე თქმით, სასწაულები ერთ დღეში ვერ მოხდება, მაგრამ ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ოჯახს ნორმალური განვითარების პერსპექტივა ჰქონდეს.

           

ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ მათ წინაშე ახლა, ძირითადად, ორი ამოცანა დგას. უპირველესად, აუცილებელია მომავალი არჩევნების იმგვარად მომზადება, რომ მის სასამართლოში ეჭვი ერავის შეეპაროს და ამასთანავე შეძლებისდაგვარად შევამციროთ და შევარბილოდ კრიზისის მასშტაბი. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება სამაგალითო და ქვეყანა ფეხზე მყარად დადგება.