|
|
|
საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 4იანვარი. გვ. 2
მოძრაობის 500 დამკვირვებელი იმუშავებს დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოძრაობის ,,ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” 500-ზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს. ისინი იმუშავებენ როგორც თბილისის და საქართველოს მხარეების საარჩევნო უბნებზე, ასევე ნიუ-იორკში, მიუნხენსა და მოსკოვში გახსნილ უბნებში.
,,ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” პროგრამებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მხარდაჭერით ანხორციელებს. კერძოდ, მათი ეგიდით განხორციელდა ამომრჩევლის საგანმანათლებლო პროგრამა, არჩევნებში ახალგაზრდების გააქტიურების ხელშემწყობი პროგრამა (,,მოდი არჩევნებზე”), რომლის ფარგლებშიც მოეწყო შეხვედრები მხარეებში, დამზადდა ვიდეოკლიპები და ბეჭვდითი პროდუქცია.
მოძრაობა ,,ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, რომელიც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციის ბაზაზე დაფუძნდა, მიზნად ისახავს სხვადასხვა დონის არჩევნების დემოკრატიულად და ცივილიზებულად გამართვის ხელშეწყობას და არჩევნებში საზოგადოების აქტიური მონაწილეობის ინიცირებას. |