|
24 საათი . 6 იანვარი. 2004წ. გვ.A2. რუსუდან ნიკურაძე საკ.კორ. მოსკოვში
მომავლის რწმენა – ბავშვები საარჩევნო უბნებზე
,,მე ბურჯანაძე მომწონდა და ამიტომ ხმა სააკაშვილს მივეცი,” – ასე უთხრა ჟურნალისტებს მოსკოვის 44-ე საარჩევნო უბნიდან გამოსულმა 90 წლის ქალბატონმა,სოხუმიდან ლტოლვილმა მარიამ ზამბახიძე-ფიფიამ. საქართველოს საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე იგი თავის ხუთი წლის შვილიშვილთან ერთად მოვიდა. აფხაზეთიდან დევნილთა ძირითადი ნაწილი მოსკოვის საქართველოს საკონსულოში მივიდა ხმის მისაცემად. იქ ბავშვთა სიმრავლე შენიშნებოდა. ამ ფაქტს საინტერესო ახსნა მოუძებნა ინტერნეტ-საიტ ,,აფხაზეთი.რუ”-ს რედაქტორმა დათო ჯაფარიძემ: ,,შვილებთან ერთად საარჩევნო უბანზე მოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ გაწამებულ ხალხს მომავლის იმედი კიდევ შერჩა. საარჩევნო უბანზე მოსული პატარები ამ მედს უფრო ვიზუალურს ხდის. ეს დიდებული მომენტია”.
ქართველი ამომრჩეველი ერთობ გულახდილი იყო. არავინ მალავდა, რომ სინამდვილეში ხმა ვარდების რევოლუციის მომხდენ სამეულს მისცა. ბევრისთვის სააკაშვილისთვის ხმის მიცემა ახალი საქართველოსთვის გაკეთებულ არჩევანს ნიშნავდა.
თუ წინა არჩევნებზე მოსკოვის უბნებზე მისულ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ,,სამართლიანი არჩევნებისა” და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მოწმობებს თავზე ახევდნენ (ამ სიტყვის პირადაპირი გაგებით), ამჟამად არასამთავრობო სექტორი მოსკოვის უბნებზე ყველაზე სასურველი ,,სტუმარი” იყო.
,,საარჩევნო სიეთან დაკავშირებულმა პრობლემებმა განსაკუთრებული სიმძაფრით იჩენს თავს, რადგანაც საზღვარგარეთ მიგრაციის პირობებში, შეუძლებელი იყო ერთიანი და ზუსტი სიების შედგენა. ამას ემატება ყბადაღებული დამატებითი სიების პრობლემაც. მაგალითად, ძველ არბატზე, ,,მზიურში” 4 იანვრის დილისათვის გამოცხადდა 500 ამომრჩეველი და აქედან ძირითად სიებში შეტანილი იყო მხოლოდ 200. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია”, - ასეთ კომენტარს აკეთებს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დამკვირვებელი გია ხუროშვილი.
საბოლოო მონაცემებით, მოსკოვში გახსნილ სამ საარჩევნო უბანზე გათვალისწინებული 2000 ამომრჩევლიდან არცევნებში მონაწილეობა მიიღო 1710-მა კაცმა. საქართველოს საელჩოში გახსნილ უბანზე მიხეილ სააკაშვილმა 4000 ხმა მიიღო, შაშიაშვილმა – 4, ქელეხსაშვილმა –2, ღარიბაშვილმა – 2, სიხარულიძემ –1. საკონსულოში გახსნილ უბანზე – სააკაშვილმა –850, შაშიაშვილმა – 15, ღარიბაშვილმა – 2, ლიპარტელიანმა –2, სიხარულიძემ – 3, ქელწხსაშვლმა – 0. ,,მზიურში”: სააკაშვილმა – 475, შასიაშვილმა – 4, ღარიბაშვილმა –1, ქელეხსაშვილმა – 0, ლიპარტელიანმა – 1, სიხარულიძემ – 0. |