საქართველოს რესპუბლიკა. 2004წ. 5იანვარი. გვ. 1-2.

 

მზიანი ამინდი ლიახვის ხეობაში

სწორედ არჩევნების წინადღეს, სამ იანვარს, ლიახვის ხეობის სოფლებში ელვასავით დაირბინა ცნობამ პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი თამარაშენს ესტუმრაო.

        

ასეც იყო. მიხეილ სააკაშვილი მოულოდნელად ეწვია ხეობის მთავარ სოფელს – ნაომარ და ნაჯაფარ თამარაშენს და დაიძრა დიდ-პატარა სოფლის მოედნისკენ – ყოველთვის ხომ არ ხდება, იხილო ,,ცოცხალი” მიხეილ სააკაშვილი.

           

პრეზიდენტობის კანდიდატს სოფლის სკოლაში გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს, უამბეს, როგორ მიმდინარეობდა წინასაარცევნო სამზადისი. რა უჭირთ და რა ულხინთ კონფლიქტის ზონის სოფლებს, გვერდიგვერდ, ძმურად როგორ ცხოვრობენ ხეობის ქართულ სოფლებში ქართველები და ოსები, რას ფიქრობს ეს ორი ეროვნების ხალხი თავისი სამშობლოს ხვალინდელ დღეზე, ვიდრე პრეზიდენტობის კანდიდატი თამარაშენში ამოვიდოდა, იგი შეჩერდა ცხინვალში, შეხვდა ოს მოსახლეობას, რომელმაც მას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება უსურვა.

           

გუშინ დილით კი დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ოცივე საარჩევნო უბანმა ფართოდ გაუღო კარი ამომრჩევლებს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები დაიწყო.

           

ამ დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენას, რომ მომზადებული შევხვედროდით, ლიახვის #85 საარჩევნო ოლქმა დიდი მუშაობა გასწია, - მითხრა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა ნოზაძემ, - დრო თუმცა შეზღუდული გვქონდა, სამუშაოს წარმატებით გავართვით თავი. დავაკომპლექტეთ საარჩევნო უბნები, შედგა ამომრჩეველთა სიები, ჩვენს ოლქში 8000 ამომრჩევლიდან წინასწარი რეგისტრაცია 6145 კაცმა გაიარა. კომისიები უზრუნველვყავით დეტექტორებით, ბეჭდებით, მარკირებით, დამხმარე სახელმძღვანელოებით. დარჩა ერთი – ხმის მიცემა. ეს კი, მოგეხსენებათ, ელექტორატის ნება და უფლებაა. როგორც ხედავთ, ამ უფლებას ამომრჩევლები მაქსიმალურად და ხალისიანი განწყობით იყენებენ.

           

ასეც იყო. თამარაშენის #1 საარჩევნო უბანში დილის 11 საათისთვის 706 ამომჩევლიდან 178 კაცს უკვე მოხდილი ჰქონდა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. ამ საარჩევნო უბანში შევხვდი ცხინვალელ ოსებს თამაზ გაბუევს და კლაუდია სადკოევას.

           

- აქ ქართულ-ოსური კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარების იმედმა მოგვიყვანა, - თქვეს მათ.

           

ცხინვალელი ზაირა მარანელი კი უფრო კატეგორიული აღმოჩნდა: - თბილისიდან ჩამოსული კონფლიქტოლოგები რესტორნებში უფრო დიდხანს ისხდნენ, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან. კენჭი არ გადაბრუნებულა კონფლიქტის მოსაგვარებლად. იმედიც აღარაფრისა გვქონდა. მიხეილ სააკაშვილისა კი მჯერა...

           

პატარა ლიახვის ხეობაში ფრისის საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რიგი დაგვხვდა. აქ იმ არსახსენებელ წლებში ომი რომ იყო, დაინგრა და განადგურდა ყვლაფერი. უკანასკნელ წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით 40 სახლი აშენდა ოსებისთვის და ქართველებისთვის.

           

თამარ თუაევა შვილთან ნიაზ მჭედლიძესთან და რძალთან ლიანა კაზიევთან ერთად მოვიდა არჩევნებზე. ,,არ მკითხოთ, ვის ვაძლევ ხმას, თქვენც კარგად იცითო”, - ღიმილით გვითხრა და გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში კონვერტი ჩააგდო.

           

ბერულის საარჩევნო უბანში თორმეტი საათიც არ იყო და 426 ამომრჩევლიდან 230 კაცს უკვე მიცემული ჰქონდა ხმა. სკოლის პედაგოგი, რუსი ალექსანდრა კუზმინოვა მეუღლესთან ირაკლი ტურაშვილთან და სამ შვილთან ერთად გამოცხადდა არჩევნებზე ხმის მისაცემად.

           

ამომრჩეველთა რიგი დაგვხვდა ერედვშიც. 520 ამომრჩევლიდან დაახლოებით ნახევარს უკვე მიეცა ხმა. აქ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ტელეფონით მიიღო ცნობა – აწრისხევის საარჩევნო უბანში არჩევნები დამთავრდაო. ეს საარჩევნო უბანი დიდი არ არის, 80 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მაგრამ მოგეხსენებათ, სტატისტიკა სტატისტიკაა.

           

ჩვენი მანქანა კვლავ ლიახვის ხეობისკენ მიემართება,. საჭეს საოლქო საარჩევნო უბნის მდივანი ჯუმბერ ტურაშვილი უზის. გამუდმებით წკრიალებს ტელეფონი. უბნებიდან ცნობებს გადმოსცემენ.

           

აჩაბეთის საარჩევნო უბანში უკრაინელი ირინა გრინი გავიცანით. ოთხი შვილის დედა მეუღლესთან ედუარდ ბაბუციძესთან ერთად მისულიყო არჩევნებზე. 102 წლის ოლია ჭულუხაძს კი შინ ვესტუმრეთ კომისიის წევრებთან ერთად. მათ თან საარჩევნო ყუთიც წამოეღოთ.

           

- მე ვიცი, ვინც უნდა ავირჩიო, - ყოჩაღად თქვა ქალბატონმა ოლიამ და საარჩევნო ბიულეტენი ყურადღებით წაიკითხა...

           

ამასობაში აჩაბეთის საარჩევნო უბანში 825-დან 500-მდე ამომრჩეველს უკვე მიცემული ჰქონდა ხმა.

           

კეხვის საარჩევნო უბანში კიდევ უფრო მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. 12 საათისთვის 835 ამომრჩევლიდან ხმა მიცემული ჰქონდა 502 კაცს.

           

და კვლავ ცნობები ადგილიდან. დღის 13 საათისთვის ხმის მიცემა დამთავრდა სვერისა და ჭარების საარჩევნო უბნებში. 17 საათისთვის კი ლიახვის ოთხივე ხეობის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 75 პროცენტს უკვე მოხდილი ჰქონდა თავისი მოქალაქეობრივი ვალი.