შორენა მარსაგიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 15 ნოემბერი. გვ. 2-7.

 

 

"ნანახი მაქვს სამოქალაქო ომი,  ეს საშინელება თავიდან უნდა ავიცილოთ!"

"თუ რუსთაველის გამზირზე თოფი გავარდება, პირველი სამიზნე ჩვენ ვიქნებით", - ასეთი განცხადება გააკეთეს გუშინ ფილარმონიაში შეკრებილმა მეომრებმა, რომლებიც 11 წლის წინ ერთმანეთის წინააღმდეგ იდგნენ და ერთმანეთს იარაღით ხელში ებრძოდნენ.

11 წლის შემდეგ საქართველო კვლავ დადგა სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე. ერთ დროს ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მდგომმა მეომრებმა გუშინ ერთობლივად მიმართეს ქართველ ერს და პოლიტიკურ პარტიებს. აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი იყო "ქართული ლიგა" და გია ყარყარაშვილი.

"ქართულმა ლიგამ" ამ შეხვედრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება გუშინწინ, გვიან ღამით მიიღო. მანამდე კი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გია ყარყარაშვილმა ოპოზიციურ ლიდერებთან სცადა დიალოგის გამართვა. მან აღნიშნული დიალოგი საკუთარი ინიციატივით გამართა. შეხვედრიდან გამოსულმა ყარყარაშვილმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არის რესურსი საიმისოდ, რომ დაპირისპირება მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. თუმცა, რაც დრო გადის, პრობლემების მშვიდობიანად მოგვარების შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო მცირდება.

დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით კი იმ მებრძოლებმა გადაწყვიტეს გაერთიანება, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ტყვიას ესროდნენ. "ამ დარბაზში შევიკრიბეთ ის ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთის საპირისპირო მხარეს ვიდექით. ყველაზე უკეთესად ჩვენ ვიცით და ჩვენ გვესმის, თუ რას ნიშნავს სამოქალაქო ომი. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც გვაქვს იმის მორალური უფლება, რომ ორად გახლეჩილ საზოგადოებას მოვუწოდოთ, მოვეფეროთ ანდათუნდაც თითი დავუქნიოთ. ჩვენ დღეს უნდა ვთქვათ ჩვენი მხედრული სიტყვა", - განაცხადა "ქართული ლიგის" გამგეობის წევრმა კახა გველესიანმა. მისი თქმით, ომგამოვლილმა ადამიანებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ საქართველომ თავიდან აიცილოს ის საშინელება, რასაც სამოქალაქო ომი ჰქვია.

გია ყარყარაშვილისთვის კი უცხო სულაც არ არის ის ამბავი, რომ საზოგადოება ქუჩაშია გამოსული და თავის მოთხოვნებს აყენებს. "მე ვიცი, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემა არსებობს. მე ვიცი, რომ საზოგადოებამ უნდა გამოხატოს თავისი აზრი. მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, არის ძალიან საშიში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის, რასაც სამოქალაქო ომი ჰქვია, ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საშინელება თავიდან ავიცილოთ", - აღნიშნა ყარყარაშვილმა.

მისი აზრით, ამ ეტაპზე ისევ არის შესაძლებელი გამოსავლის მოძებნა. სწორედ ამ გამოსავლის მოსაძებნად შეხვდა ის ოპოზიციის ლიდერებს. "მე რამდენიმე საათის მანძილზე ვესაუბრე მათ და მათაც მოვუწოდე, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდეთ", - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ღირსეული გამოსავლის მოძებნას ის საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებს. მისი აზრით, ორივე მხარე ვალდებულია, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. თუმცა ეს დათმობები ისეთი არ უნდა იყოს, რომელსაც შესაძლოა სხვა და უფრო დიდი უთანხმოება მოჰყვეს.

"დღეს პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთს აკრიტიკებენ. რაც დრო გადის, სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. ხვალ ის შეიძლება სრულიად უმართავი გახდეს. ომები, როგორც წესი, ლიდერების სიმხდალით იწყება. მე ორივე მხარის წარმომადგენლებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ გამბედაობა და უკან დაიხიონ, რათა ქვეყანაში სისხლი არ დაიღვაროს. მე შევხვდი ოპოზიციის ლიდერებს და მეტ-ნაკლებად ვიცი ხელისუფლების პოზიცია. ეს მხარეები ჯერ კიდევ მზად არიან გამოსავლის მოსაძებნად. თუმცა ამის შანსები დღითიდღე მცირდება", - ამბობს გია ყარყარაშვილი.

მისი ვარაუდით, თუ დაპირისპირებული მხარეები უარს იტყვიან პოზიციების დათმობაზე, მაშინ საქართველო ახალი უბედურების წინაშე აღმოჩნდება. მისი აზრით, უნდა დათმოს ყველამ, ამასთან, ორივე მხარემ პატივი უნდა სცეს საზოგადოებას. "დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. იქ მყოფი ადამიანები გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველოს აზრი. ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს იმ ხალხს, რომელმაც ოპოზიცია აირჩია. ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, იმ ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინოს, ვინც მხარს სახელისუფლებო ბლოკს უჭერს", - მიაჩნია თავდაცვის ყოფილ მინისტრს.

ყარყარაშვილი შეწუხებულია იმით, რომ ქართველმა საზოგადოებამ ვერ შეიგნო მშვიდობის ფასი და დაივიწყა ის სისხლი, რომელიც 11 წლის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაიღვარა. მორიგი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით ყარყარაშვილი კვლავ მოუწოდებს ოპოზიციას დიალოგისკენ. ის აცხადებს, რომ ორივე მხარემ სასწრაფოდ უნდა გამონახოს გონივრული კომპრომისი. ის არც იმას გამორიცხავს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გარკვეულმა ძალებმა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.

"დამიჯერეთ, ქვეყნის ბედი იქ კი არ წყდება, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ბედ-იღბალი დახურულ კაბინეტებში წყდება, სადაც შეხვედრას შესაძლოა ის ხალხი ესწრებოდეს, რომელიც ამ დაპირისპირებაში საერთოდ არ მონაწილეობს. საქართველოს კი ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა აქვს, რომ აქ ბევრი ქვეყნის ინტერესები იკვეთება", - ამბობს ყარყარაშვილი და ყველას ახსენებს იმ ტკივილს, რასაც აფხაზეთი ჰქვია. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს დაკარგული ტერიტორიები უკვე აღარავის გახსენებია. "ჩვენ დღეს შორს ვართ აფხაზეთისგან. მას კიდევ დავშორდებით, რაც უფრო გაღრმავდება დაპირისპირება და მის დაბრუნებას უკვე ასეული წლები დასჭირდება", - განაცხადა ყარყარაშვილმა და კიდევ ერთხელ გააფრთხილა საზოგადოება, რომ სამოქალაქო ომს გამარჯვებულები არასოდეს ჰყავს.

აფხაზეთის ომის მონაწილე ჯანრი უბირიამ თავისი თანამებრძოლების სახელით შემდეგი განცხადება გააკეთა: "ჩვენ, ომის მონაწილეებს, არა გვაქვს უფლება, განზე ვიდგეთ. ჩვენ არავის მხარეს არა ვართ. ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ და არ გვინდა, დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს. თუ ეს მოხდება, ჩათვალეთ, რომ არა მარტო აფხაზეთს დავკარგავთ, არამედ საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებს".

ქართველთა შორის მორიგი სამოქალაქო ომის დაწყების წინააღმდეგ გაილაშქრა პარტიზანული მოძრაობის ლიდერმა დავით შენგელიამ. მან ვერაფერი თქვა იმის შესახებ, გაყალბდა თუ არა ორი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები, თუმცა გაიხსენა როგორ აყალბებდნენ არჩევნებს 1995 და 1999 წლებში. "არჩევნები მაშინ სერიოზულად ყალბდებოდა. მაშინ ჟვანია და სააკაშვილი არაფერს ამბობდნენ, როცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ციხეში სვამდნენ. მაგრამ ახლა ეს უნდა დავივიწყოთ და შერიგებაზე ვიფიქროთ", - განაცხადა პარტიზანული მოძრაობა "თეთრი ლეგიონის" მეთაურმა დავით შენგელიამ.

ფილარმონიასთან თავისი აზრის დასაფიქსირებლად მივიდა გოგა ხაინდრავაც, რომელიც 12 წლის წინ მხედრიონთან ერთად ბარიკადის ერთ-ერთ მხარეს იდგა. "მე დღეს პირველად მეძლევა შესაძლებლობა, ერთად მოგმართოთ სამოქალაქო ომის მონაწილე ორივე მხარეს და ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ ვიბრძოდი", - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა გოგა ხაინდრავამ. მის ბოდიშს მეომრები ტაშით შეხვდნენ, თუმცა ორიოდე წუთის შემდეგ ის იმავე პუბლიკამ დარბაზიდან სტვენით გააძევა. ამის მიზეზი კი ხაინდრავას მხრიდან გაკეთებული პროვოკაციული განცხადება იყო.

"გია ყარყარაშვილო და ირაკლი ბათიაშვილო, მოგმართავთ თქვენ და გეკითხებით, იმსახურებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება დაცვას?!" - იკითხა ხაინდრავამ. მის კითხვაზე პასუხი არავის გაუცია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ მყოფი მეომრები არც ერთი მხარის დასაცავად არ გამოდიოდნენ. დუმილი ხაინდრავას რატომღაც არ მოეწონა და კიდევ უფრო მეტი სიბრაზით იკითხა: "აქ რომ ლაპარაკობთ, სისხლი დაიღვრებაო, გამაგებინეთ, ვის უნდა სისხლის დაღვრა?!" "მიშას, მიშას" - აყვირდა დარბაზი. ამ პასუხმა ხაინდრავა გააღიზიანა და უკვე ყვირილზე გადავიდა. "თქვენ აქ ზიხართ, იმ ხალხს კი ქუჩაში სცივა და შია..." - დაიწყო ხაინდრავამ, თუმცა მას წინადადება არავინ დაასრულებინა. ამან ხაინდრავა წყობილებიდან გამოიყვანა და სასწრაფოდ მიატოვა ტრიბუნა. "შიმშილზე და სიცივეზე ლაპარაკობ, მაგრამ ჩვენ აფხაზეთში ერთი წელი გვციოდა და არაფერი გვიჭამია, მაშინ რატომ არაფერი გითქვამს, მაინცდამაინც ახლა რომ აგიჩუყდა გული?!" - მიაძახა დარბაზიდან გავარდნილ ხაინდრავას ყარყარაშვილმა.

ამ მცირე ინციდენტის შემდეგ დარბაზში სიტუაცია კვლავ დაწყნარდა. ყველა გამომსვლელი ისევ იმაზე საუბრობდა, როგორ აეცილებინათ თავიდან სამოქალაქო ომი. "ჩვენ ერთხელ უკვე ვიხილეთ სამოქალაქო ომი. ერთხელ უკვე მოვიცხეთ სამარცხვინო ლაქა. ამ ომმა აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე დაგვაკარგვინა. ამის გამეორება აღარ შეიძლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს აღარ გამეორდეს!" - განაცხადა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დილარ ხაბულიანმა.

თავყრილობის დასასრულს ომის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა ქართველი ერისადმი, სადაც ყოველგვარი ძალადობა დაგმეს. "14 ნოემბერი გამოაცხადეს მაქსიმალური რადიკალიზმის დღედ. ჩვენ კი, მეომრები, გამოვდივართ და ამ დღეს ვაცხადებთ სამოქალაქო შერიგების დღედ", - ნათქვამია მეომრების განცხადებაში.

ისინი არც ერთი დაპირისპირებული მხარის გვერდით დადგომას არ აპირებენ, თუმცა არც მშვიდად დაელოდებიან მოვლენებისგანვითარებას. "ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიქნებით პირველი სამიზნე, თუკი თოფი გავარდება. ჩვენ ჩვენს თავზე მივიღებთ დარტყმას, მაგრამ, ისიც იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ამ მოვლენას მშვიდად არ შევხვდებით", - განაცხადეს მეომრებმა.

ეს მეომრები დღეს და ხვალ შეეცდებიან, მოლაპარაკებები გამართონ სხვადასხვა პოზიციების მქონე ადამიანებთან. ისინი იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ოპოზიციის და ხელისუფლების დარწმუნებას. მათ სჯერათ, რომ საქართველოში სისხლი აღარ დაიღვრება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მართლაც ასე მოხდება და გოგა ხაინდრავას აღარ მოუწევს დასამარებულ ოცნებებზე ფილმის გადაღება.