24 საათი. 2004წ. 5 იანვარი.გვ. 1-3.   

 

 

პირველი გამოცდა ჩაბარებულია

 წინ კიდევ ერთი გამოცდაა

 

,,მე კარგად ვხვდები, რა მძიმე ტვირთი დამაწვა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ადამიანებს იმედი არ გავუცრუო. ჩვენ ვერ მოვაგვარებთ ყველა პრობლემას ერთ დღეში, მაგრამ შევძლებთ, რომ მოსახლეობას პროგრესი დავანახოთ და პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ,” – განაცხადა გუშინ მიხეილ სააკაშვილმა და უპრეცენდენტო უწოდა მოსახლეობის იმ აქტიურობას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.

           

ის, რომ ეგზიტპოლების მიხედვით სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში 85 პროცენტით გაიმარჯვა, თავად ახალმა პრეზიდენტმა იმით ახსნა, რომ სერიოზულმა კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

           

ეს საპრეზიდენტო არჩევნები ახალი ხელისუფლებისთვის პირველი გამოცდა იყო და მთელი მსოფლიო ელოდა, რომ ის დემოკრატიულად, წინა არჩევნებზე გაცილებით მაღალი სტანდარტებით ჩატარდებოდა. თუმცა, არჩევნებში სააკაშვილის უალტერნატივობის გამო, გუშინ ყველა უცხოელი აცხადებდა, რომ ეს არცთუ ისე სერიოზული ტესტი იყო იმის გამოსავლენად, რამდენად დემოკრატიული იქნება მომავალი არჩევნები საქართველოში.

           

,,ყველაზე სერიოზული ტესტი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია, როცა არჩევნების დროს კონკურენცია გაცილებით მაღალი იქნება. ქვეყანას სჭირდება არა მარტო კარგი პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება, არამედ კარგი პარლამენტიც,” – განაცხადა ევროსაბჭოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა.

           

საარჩევნო პროცესის სერიოზულ გაუმჯობესებაზე მხოლოდ კარგად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რომ შეიძლება დაიწყოს საუბარი, ამას ყველა უცხოელი

დამკვირვებელი და ექსპერტი აღნიშნავს. თუმცა, ყველა მათგანი ადასტურებს, რომ ეს არჩევნები გაცილებით დემოკრატიულად და ნაკლები დარღვევებით ჩატარდება.

           

,,ამ და წინა არჩევნებს შორის განსხვავება დიდია, - აცხადებს მარკ მალენი, ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი, - მოსახლეობის აქტიურობა მაღალი იყო. მაგრამ ამ არჩევნების მოუწევს.დემოკრატიულობა დიდწილად განაპირობა იმან, რომ კონკურენცია არ იყო და, შესაბამისად, არ იყო ზეწოლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. იმისათვის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებიკარგად ჩატარდეს, კიდევ ბევრი იქნება გასაკეთებელი.”

        

,,უნდა მოხდეს ამომრჩეველთა სიებისთვის საბოლოო სახის მიცემა. გარდა ამისა, უნდა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედგენის წესი, ის უფრო არაპოლიტიზირებული უნდა გახდეს,”- ეს არის იმ რეკომენდაციათა ნაწილი, რომელიც, მათიას იორშის აზრით, ახალმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. ამ რეკომენდაციათა შესრულება ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებისათვის მოუწევს. ახალი პარლამენტის არჩევნები კი, ახალი პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაიმართება და მას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნავს.

           

საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ახალ პრეზიდენტს წინ ბევრი გამოცდა ელის. კითხვაზე, როგორ აპირებს იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს, მიხეილ სააკაშვილს, ჯერჯერობით, მოკლე და ზოგადი პასუხი აქვს: ,,ჩვენ კონსტიტუციში ცვლილებები უნდა შევიტანოთ და პრემიერ – მინისტრის ინსტიტუტი შემოვიღოთ, რომელიც გაცილებით მოქნილი და ეფექტური იქნება. გარდა ამისა, ჩვენ მომზადებული გვაქვს ანტიკორუფციულ ღონისძიებათა პაკეტი, რომლის განხორციელებასაც მალე დავიწყებთ.”